ნუკრი რევიშვილი: იმდენი ვიხტუნავე, გვერდები დღემდე მტკივა...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია ლაიპციგში გამწარებული დახვდა. მასპინძელთა მეკარე მანუელ ნოიერი ამბობდა, ირლანდიასთან წაგებისთვის ჯავრი ქართველებზე უნდა ვიყაროთო...

საბოლოოდ, "ბუნდესმანქანამ" მაინც გატეხა "ჯვაროსნები" და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მაგრამ იოახიმ ლიოვის შეგირდებმა ბევრი გოლის გატანა ვერ მოახერხეს, როგორც ამას იქადნებოდნენ, ეს კი ჩვენი მეკარის, ნუკრი რევიშვილის მშვენიერი თამაშის დამსახურება იყო - მთელი მატჩის განმავლობაში მან 17(!) "სეივი" დააგროვა.

ის ახლა უკვე რუსეთშია და იქაური პრემიერლიგის მორიგი
ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც მისი "მორდოვია" 19 ოქტომბერს როსტოვში გამართავს. რევიშვილს გუშინ სწორედ სარანსკში დავუკავშირდით...

- დასრულდა მორიგი ციკლი, რომელმაც გულშემატკივარს უკვე ჩვეული იმედგაცრუება მოუტანა. დამაიმედებელი მხოლოდ ის არის, რომ ნაკრებმა ბოლო შეხვედრებში უკეთ ითამაშა...
- ჩემთვის შედეგებზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კახა ცხადაძემ ახალი სისტემის დანერგვა დაიწყო და ნელ-ნელა ფეხბურთის თამაშს ვუბრუნდებით. ამ სისტემამ განსაზღვრა ჩვენი მოგება შოტლანდიასთან. გიბრალტარს ნუ ჩავთვლით, ირლანდიასა და გერმანიასთან კი ცუდად არ გვითამაშია.

არავინ თქვას, რომ მცირე ანგარიშით წაგების გამო კმაყოფილები ვართ. წაგება სიხარულს ვერც მე მომანიჭებს და ვერც სხვა მოთამაშეს, მაგრამ ის მახარებს, რომ ფეხბურთი გავიხსენეთ. მგონია, ეს გულშემატკივარმაც დაინახა. გერმანიას სტუმრად გოლი გაუტანო, კიდევ 3 ასპროცენტიანი მომენტი შეუქმნა და თამაშის ბოლომდე ანერვიულო, ასეთი რამ იშვიათია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე ვერ გვეხმარებოდნენ. არადა, ნაკრებისთვის ორივე დიდ ძალას წარმოადგენს. გერმანელებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე უნდა გასულიყვნენ...

- რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" მიმოხილვაში ეწერა, რომ გერმანელებმა საქართველოსთან "ცალი ფეხით", კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს...
- ეტყობა, ამის დამწერს თამაში არ უნახავს. რუსის რა მიკვირს, როცა ბევრ ქართველსაც ასე ჰგონია. გერმანიის პლუსი ყოველთვის ის იყო, რომ მათი ფეხბურთელები ნებისმიერ მეტოქესთან კონცენტრირებას ახერხებენ. ამის ხარჯზე თამაშობენ მაღალ დონეზე და ვინმეს თუ სჯერა, რომ დაგვინდეს და მეტის გატანა არ ისურვეს, ბრიყვი ყოფილა. ის თუ შენიშნეს, თამაშის ბოლოს გერმანელები დროის გაყვანას რომ ცდილობდნენ?! ბოლოს და ბოლოს, ნოიერმა თავად თქვა - ვერ გავიგე, ქართველებს ვეთამაშებოდით თუ ესპანეთ-იტალიასო?..

ვისაც რა უნდა, ის თქვას. მე ჩემს თვალსა და ყურს ვუჯერებ. ბოლო მატჩებმა დამაიმედა, რომ შემდეგ შესარჩევ ციკლს გაცილებით უკეთ ჩავატარებთ და, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც "გავისვრით". საკმაოდ მძიმე და რთული გზა კი გველის, მაგრამ მთავარია, არჩეულ მიმართულებას არ გადავუხვიოთ.

- პირადად თქვენზეც ვილაპარაკოთ. ლაიპციგში 17 "სეივი" გააკეთეთ...
- იმდენი ვიხტუნავე, გვერდები დღემდე მტკივა. რომ ვთქვა, ეს ჩემს კარიერაში არასოდეს მომხდარა-მეთქი, მართალი არ ვიქნები, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონთან კარგი თამაში მაინც ორმაგად სასიხარულოა.

გულწრფელად ვამბობ - ცხადაძესთან მუშაობა სასიამოვნოა. მას და მეკარეთა მწვრთნელ მამუკა აბუსერიძეს ნდობისთვის მადლობას ვუხდი. საქართველოს ნაკრებს რა დონის მეკარეებიც ჰყავს, ამის შეხსენება არავის სჭირდება. მწვრთნელებს ასარჩევად აქვთ საქმე და ამ დროს შენ რომ გენდობიან, საამაყოც არის და საპატიოც.

- "კიკერმა" ფეხბურთელები რომ შეაფასა, საუკეთესო შეფასება მანუელ ნოიერს დაუწერა - 1 ბალი. თქვენი თამაშიც კარგად დააფასეს და საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ქულა - 2.5 დაგიწერეს. მაგრამ გერმანელ მეკარეზე გაცილებით მეტი საქმე გქონდათ და გუნდი უფრო მეტჯერაც გადაარჩინეთ...
- ნოიერი ხომ "არაადამიანია" (იცინის)?! ერთი არ "გაგვატანინა", არადა, ასეთ დარტყმებს, რომელიც მან ოქრიაშვილსა და კვეკვესკირს აუღო, წესით, მეკარეები ვერაფერს უხერხებენ.

უკეთესი შეფასება მეც გამახარებდა, მაგრამ ობიექტურად რომ ვილაპარაკოთ, ამ შეხვედრას გერმანიისთვის უფრო დიდი ფასი ჰქონდა და ეტყობა, "კიკერის" შეფასებაც აქედან გამომდინარეობდა - ნოიერის დამსახურებაა, გერმანელებმა მიზანს რომ მიაღწიეს. ეს კი ყოველთვის ფასობს. თანაც, გერმანელი რომ თავისიანს უფრო დააფასებს, ესეც არ მიკვირს და ალალად გეუბნებით, არც მწყინს. ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ეს ლაიპციგში ერთხელაც დაამტკიცა.

- გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" მატჩის "აღმოჩენად" მიგიჩნიათ...
- სასიამოვნოა, ინგლისელებმა "სიბერეში" მაინც რომ აღმომაჩინეს...

- საკლუბო ამბებზეც გკითხავთ. 20 სექტემბერს, მოსკოვის ცსკა-სთან წაგების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში აღარ გითამაშიათ და სამი მატჩია, "მორდოვიას" კარს მოლდოველი ილიე ჩებანუ იცავს. ვითომ თქვენ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება?
- კარგად კი დავიწყე, მაგრამ ცსკა-სთან წაგებამ ყველაფერი არია. თუმცა, სიმართლე თუ გინდათ, ამ სტრესის შემდეგ მეც მჭირდებოდა დასვენება. როგორია, 3:0-ს იგებ და მეორე ტაიმში 4:6-ს აგებ? ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. თამაშის შემდეგ "მორდოვიას" ყველა ფეხბურთელი "მკვდარი" იყო, ჩემი ჩათვლით.

მაგრამ გერმანიის შემდეგ სარანსკში ისეთი ემოციებით დავბრუნდი, მაინც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გერმანიასთან ჩვენს შეხვედრას "HTB+" გადასცემდა, რუსებმა ნახეს ეს მატჩი და მშვენივრად დამხვდნენ. მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი გორდეევმა კი, კარგი თამაში მომილოცა და თავად მითხრა, მჯერა, ახლა კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნები და კარგად ითამაშებო.

- "მორდოვიაში" დარჩენას როდემდე აპირებთ?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. პირველი წრის დასრულებამდე ორი თვეა დარჩენილი. მერე კი ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუკრი, შენ რომ გერმანელმა კომენტატორებმა გაქეს მთელი 90 წუთის მანძილზე და მერე კიდევ, ალბათ მაგდენი მთელი ამდენი წელი საქართველოს ნაკრები არავის არ უქებია. და სრულებით დაიმსახურე გერმანელი ექსპერტების ესეთი დადებითი კომენტარები!
ნუკრი რევიშვილი - bravo
21:59 20-10-2015
0
მე ამ თამაშს სტადიონიდან ვუყურე და მინდა ვთქვა რო ცუდათ ნამდვილათ არ გვითამაშია,ნუკრის და ჯაბას ბრავო.
Tolia
00:07 19-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული