ჯერ წელიწადიც არაა, რაც ცხადაძის დებიუტი შედგა ქვეყნის უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეს წელი დატვირთული იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენებით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ქომაგმა ეროვნული გუნდის ირწმუნა, გულშემატკივარს იმედი გაუჩნდა და ახლა ეს იმედი ჩვენმა ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რეალობად უნდა აქციონ...
ახალ წელს ჩვენი რედაქციის სტუმარი, გნებავთ - მეკვლე,
გუნდს აქვს პერსპექტივა...
- უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ შობა-ახალ წელს. თითქმის ერთი წელიწადია, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარეთ. მაშინ უფრო იმედიანად იყავით განწყობილი თუ ახლა?- თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს... მოდი, ასე ვთქვათ - რასაც ჰქვია ნაკრების ჩაბარება, ჩვენ ეროვნული გუნდი ჩავიბარეთ, ფაქტობრივად, ივნისში. საერთოდ, ასეა - როცა მწვრთნელი მიდის, გუნდში ყოველთვის არის პრობლემები. ყველას გვახსოვს, რა პრობლემები იყო საქართველოს ნაკრებში იმ დროს, როცა ჩვენ მოვედით გუნდის სათავეში. არ იყო შედეგი, აქედან გამომდინარე, იყო ბევრი კრიტიკა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა და გვინდა, რომ ნაკრები უკეთესობისკენ უსწრაფესად გარდაიქმნას. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - იმ პრინციპების გატარებას, რომელიც ჩვენეულია, თამაშის გარდაქმნას სჭირდება გარკვეული დრო. მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელთ არსებული დროის რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენეთ...
ავსტრიულ შეკრებაზე გუნდმა ძალიან ბევრი რამ დახვეწა. ავიღოთ თუნდაც თბილისური მატჩი შოტლანდიასთან. ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც თბილისში მოვუგეთ ხორვატიას, ჩვენ ასეთი სიძლიერის მოწინააღმდეგე აღარ დაგვიმარცხებია. ჩვენ მოვიგეთ იდეალური ფეხბურთით, რომლისკენაც მუდამ უნდა მივილტვოდეთ. ძლიერი მოწინააღმდეგე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ.
მინდა გავიხსენო ასევე მატჩი მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან. ალბათ, არც მტერი და არც მოყვარე არ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს. ამ დროს კი, მინიმუმ ქულა მაინც შეგვეძლო, აგვეღო გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში...
ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ გასულ წელს. ვნახეთ, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. ვნახეთ, რომ შეგვიძლია ისეთი საშუალოევროპული ნაკრების დამარცხება, რომელიც სისტემატურად იბრძვის ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. ვნახეთ ისიც, რომ უეჭველად მოსაგები თამაშის მოგებაც შეგვიძლია. ვგულისხმობ თუნდაც იმავე გიბრალტართან მატჩს თბილისში, რომელიც მოვიგეთ დამაჯერებლად და ლამაზი თამაშით.
ყოველივე ამან ყველას მოგვცა იმედი, რომ მომავალ ციკლში შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებისთვის. საქართველოს ნაკრების საშუალო ასაკი 24-25 წელია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გუნდს აქვს პერსპექტივა და საქართველოს შეუძლია, რეალურად იბრძოლოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
წინა წელი გარდამავალი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. შუა ციკლში შეიცვალა მწვრთნელი და ეს იოლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, ბოლომდე გამოგვეყენებინა ის ორი-სამი დღე, რომელიც გვქონდა სანაკრებო შეკრებებისას.
- საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრის ტრანსფერის თაობაზე. ცნობილია, რომ ალეკო ამისულაშვილი თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, თორნიკე ოქრიაშვილი კი თურქულ "ესქიშეჰირში" გადადის...
- გულწრფელად გეტყვით, ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, როცა 2-3 ფეხბურთელი გვაკლდება. თავადაც დამეთანხმებით, რასაც ჰქვია იდეალური შემადგენლობა, მხოლოდ შოტლანდიასთან გვყავდა. გერმანიასთან უკვე აღარ გვყავდა ჯანო ანანიძე, ვინც ღირსეულად შეცვალა ნიკა კვეკვესკირმა.
საერთოდ, ჩვენ უნდა გვყავდეს უახლოესი რეზერვი. იმ 12-14 ფეხბურთელის გარდა, რომელიც მუდმივად ითამაშებს, სულ მცირე, კიდევ 4-5 კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია საჭირო. ჩვენ ამისკენ მივდივართ.
მთავარია, რომ ჩვენი ეიმედება ხალხს. იყო ასეთი მიდგომაც - ვინ არიან ესენი, ყველა წყალში უნდა გადაყაროო! დღეს ასე აღარ არის და ამ იმედს მოფრთხილება სჭირდება.
რაც შეეხება გუნდის შიგნით ურთიერთობებს, სრულიად გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ეროვნულ გუნდში, მის შიგნით, ისეთი ატმოსფეროა, ისეთი პოზიტივია, ვერც კი წარმოიდგენთ.
რა თქმა უნდა, ვინც მიცნობს, ისიც იცის, რომ მე სამუშაო პროცესში ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ ყველაფერი ჯდება პოლემიკის ფარგლებში. წამიკითხავს, ფეხბურთელები თავად ამბობენ, ნაკრებში იდეალური მდგომარეობააო. ეს ძალიან მახარებს.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას. ბელგიისა და თურქეთის ჩემპიონატები რომ შევადაროთ ერთმანეთს, ბევრ ასპექტში შეიძლება თურქეთის პირველობამ აჯობოს. აქ ვგულისხმობ ტემპს, დაძაბულობას, გუნდების დაკომპლექტებას...
ასე რომ, პირადად მე არაფერი მაქვს ოქრიაშვილის "ესქიშეჰირში" გადასვლის საწინააღმდეგო, თუ მას იქ სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ექნება, თუ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს... აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: თურქეთი არ არის შუა ევროპა, იქ განსხვავებული მენტალიტეტია და ოქრიაშვილს მოუწევს მასთან შეგუება. ვგულისხმობ იმას, რომ ის ჩარჩოებში ჩაჯდება.
საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება ოქრიაშვილი. სჭირდება ისეთი ოქრიაშვილი, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. ისეთი, როგორიც ვნახეთ ირლანდიასთან და გერმანიასთან მატჩებში.
ამისულაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მას საქართველოს ჩემპიონატში შედარებით ნაკლები დატვირთვა ექნება, მაგრამ ეს დანაკლისი კომპენსირებული უნდა იყოს საერთაშორისო მატჩებით. ამისულაშვილი, ჯაბა კანკავასთან ერთად, ჩემი მარჯვენა ხელია საქართველოს ნაკრებში. ის ძალიან მაგარი ადამიანია, ნაღდი პროფესიონალი. მჯერა, მომდევნო შესარჩევ ციკლში ამისულაშვილი ჩვენი გუნდისთვის გამოსადეგი ფეხბურთელი იქნება.
ნიჭი ფუფუნებაა, მთავარი შრომისმოყვარეობა და გუნდური თამაშია
- ქართველ ფეხბურთელებს ნიჭი აქვთ, მაგრამ მას სათანადოდ ვერ იყენებენ. ერთხელ შოთა არველაძემ თქვა - ჩვენ ჯეროვნად ვერ ვიყენებთ ფეხბურთელებს, რომელთაც არ აქვთ ვარსკვლავური ნიჭი, არადა, ბევრი ქვეყნის ფეხბურთში ამინდს საშუალო დონის მოთამაშეები ქმნიანო...- ჩემი აზრით, ნიჭი არის ფუფუნება. ნიჭზე წინ დგას შრომისმოყვარეობა, შრომისუნარიანობა... არიან მსოფლიოში ნაკრებები, რომლებიც შრომისმოყვარეობით ახდენენ ბევრი ნაკლის კომპენსირებას. თვალწინ გვაქვს კოსტა-რიკის მაგალითი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე.
აგერ, საკუთარი მაგალითიდან გეტყვით - 1986 წელს თბილისის "დინამოში" ისე ამიყვანა ნოდარ ახალკაცმა, საქართველოს არც ერთი ფორმაციის ნაკრებში არ მქონდა ნათამაშები...
დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე უკეთ ადაპტაცია გაიარა ვაკო ყაზაიშვილმა. ვუყურებ მის თამაშებს და მიმაჩნია, რომ ვაკო გადაიზარდა "ვიტესისთვის". ახლა ზამთარია და ცოტა ჭირს ტრანსფერები. აი, ზაფხულში კი, ჩემი აზრით, ვაკო აუცილებლად წავა ან ბუნდესლიგაში, ან ესპანურ პრიმერაში. მას არსად გაუჭირდება თავის დამკვიდრება...
საერთოდ, დღეს გუნდური თამაში პირველ ადგილზე დგას ყველა გუნდსა თუ ნაკრებში. თვით ლიონელ მესისაც კი აუკრძალეს "ბარსელონაში" 7 შეხების გაკეთება. არ არის საკმარისი კარგი თამაში მხოლოდ შეტევაში, ფეხბურთელი დამაჯერებლად უნდა ასრულებდეს დაცვით ფუნქციებსაც.
მაგალითად, გიორგი ჭანტურია. მან ალბანეთთან მატჩში გაიტანა გოლი და შეასრულა საგოლე გადაცემა. ეს ძალიან მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტია. ამის მიუხედავად, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვითხოვთ მისგან.
ნიჭი ფუფუნებაა. ის დრიბლინგი, გოლი თუ საგოლე პასი ერთი კონკრეტული ეპიზოდია და ხდება სულ რაღაც 30 წამის მონაკვეთში, თამაში კი მთელი 90 წუთი მიდის. ფეხბურთელმა ჯერ გუნდური თამაში უნდა ისწავლოს. ესაა მთავარი.
- ამისულაშვილის მაგალითზე ჩვენ ირიბად შევეხეთ საქართველოს ჩემპიონატის დაბალ დონეს. არადა, ეროვნული გუნდი აქედანაც უნდა შეივსოს...
- მთავარი პრობლემა ისაა, საქართველოს ჩემპიონატის გათვალისწინებით რამდენად დაკმაყოფილდება სანაკრებო დონე. ახლა ჩვენს კლუბებს შეკრებაზე ელით ამხანაგური მატჩები და ვფიქრობ, ის თამაშები ამა თუ იმ ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტ ინფორმაციას მომცემს, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის მატჩები. იქ შეიძლება 100 პროცენტით ვერ ნახო ფეხბურთელის შესაძლებლობები, მაგრამ მეტი ორთაბრძოლაა, მეტი მოძრაობაა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში.
ჩემი აზრი ასეთია - ამ ეტაპზე ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა გადავიტანოთ საქართველოს ნაკრებზე. ამასთან ერთად, ხელი უნდა შევუწყოთ ფეხბურთელებს, რათა ისინი დამკვიდრდნენ კარგ ევროპულ კლუბებში. ეს იქამდე, სანამ ჩვენი კლუბები ფინანსურად მოძლიერდებიან.
ამას გარდა, ქართულ კლუბებში აუცილებელი მგონია 4-5 საშუალოევროპული დონის ლეგიონერის ყოფნაც. აუცილებელია გასვლა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც, სადაც მინიმუმ 6 საერთაშორისო თამაშს ჩაატარებენ.
- ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ამხანაგური მატჩების ჩატარებას გეგმავთ...
- მაქსიმუმ სამი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას ვასწრებთ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. ვიცი, რომ მიდის მუშაობა ამ საკითხზე. ჯერჯერობით, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა შეარჩიოს მეტოქეები.
ვინ მოვატყუო? საკუთარ თავს ხომ არ მოვიტყუებთ?
- თქვენ ვისთან ისურვებდით გაჯიბრებას?- საერთოდ, არ მიყვარს ტყუილები. ვინ მოვატყუო? საკუთარ თავს ხომ არ მოვიტყუებთ? მირჩევნია, ძლიერ გუნდთან ვითამაშოთ ამხანაგური მატჩი და დავინახოთ ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეები. სხვანაირად რომ იყოს, ვითამაშებდით სუსტ გუნდთან, მოვიგებდით დიდი ანგარიშით, წინ წავიწევდით ფიფას რეიტინგში და ყველა გავიხარებდით... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ დროებითი იქნება?! მოვა შესარჩევი ციკლი და რა იქნება მერე? ჩამოვა ავსტრია და სარკეში ჩაგვახედებს.
- მოდი, ნუ დაკონკრეტდებით, მაგრამ თუ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შანსი მიეცით, მაგრამ აღარ გამოიძახებთ ნაკრებში?
- არასოდეს ვიტყვი ამას. დღეს ფეხბურთელი შეიძლება არ იყოს ჩვენთვის სასურველ დონეზე, მაგრამ მერე მოუმატოს. ეს საქართველოს ნაკრებია, ის არ არის მხოლოდ კახა ცხადაძის, ის მთელი საქართველოსია. მე ჩემს პირადულს საქვეყნოზე წინ ვერ დავაყენებ...
- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მალე სამწვრთნელო ცვლილებები მოხდება. ცხადია, ეს ეროვნული ნაკრების უკეთესი მომავლისთვის უნდა გაკეთდეს. რას იტყვით მოსალოდნელ ცვლილებებზე?
- ჯერ არ ვარ ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. სამი დღეა, რაც ჩამოვედი, არ ვიყავი საქართველოში... ჩემი აზრით, ყველაფერი ეროვნულ ნაკრებზე უნდა იყოს მორგებული.
- საინტერესოა, როგორი ურთიერთობა გაქვთ ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან?
- ძალიან კარგი. თუნდაც, იმავე ლევან კობიაშვილთან. ჩვენ წლებია, ოჯახებით ვმეგობრობთ. მე შევხვდი ლევანს და ვუთხარი, რომ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვქონდეს უშუალო კონტაქტი. დანარჩენი უკვე ჩემი ამოცანაა. კიდევ ერთხელ ვამბობ - საქართველოს ნაკრებში დღეს იდეალური მდგომარეობაა...
თუმცა ვიღაცები ცდილობენ, ჩემ წინააღმდეგ ააგორონ კამპანია. ვამბობ საჯაროდ - ვინც უნდა იყოს ამ კამპანიის სათავეში, თუ ეს მართალია, მე მას საკადრის პასუხს გავცემ.
მესმის, რომ შეიძლება ვიღაცას უნდოდეს ჩემს ადგილზე ყოფნა, მაგრამ უნდა მოიცადოს, დაელოდოს თავის დროს, რადგან ჩემი კონტრაქტი კიდევ ორი წელი იქნება ძალაში. მე არ ვარ შემთხვევითი ადამიანი ქართულ ფეხბურთში, მაქვს ჩემი იმიჯი, ხალხს კი - ჩემი იმედი.
პირველად ვამბობ: ამას წინათ, ძალიან სოლიდურ კონტრაქტზე ვთქვი უარი. ყველანაირად გამართული შეთავაზება იყო. ფინანსური თვალსაზრისით თითქმის სამჯერ მეტი ანაზღაურება იყო, ვიდრე ახლა მაქვს, მაგრამ ნაკრებიდან წასვლა არც მიფიქრია. მეტს ნუღარ დავკონკრეტდებით.
მინდა, ვერდერში პაპუნაშვილი ვნახო...
- გკითხავთ პრობლემატურ პოზიციებზეც - აქამდე სულ მარჯვენა მცველის აუცილებელ ალტერნატივაზე ვსაუბრობდით. ახლა ისე ჩანს, რომ ალტერნატივა და კონკურენტი გიორგი ნავალოვსკისაც სჭირდება...- რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მხრივ. გვქონდა სხვა პრობლემატური პოზიციები. მაგალითად, ჯანო ანანიძეს შევუცვალეთ ფუნქცია. ის კრეატიული საყრდენის ადგილას დავაყენეთ და ვნახეთ, რომ ძალიან კარგი იყო. ვიპოვეთ ნიკა კვეკვესკირი...
ჩვენ გვაქვს დიდი არჩევანი, როცა საქმე შემტევი სტილის ფეხბურთელებს ეხებათ. საქართველოს ჩემპიონატშიც არიან კარგი მოთამაშეები, თუმცა აქ არის მეორე მხარეც - ჩვენ ვნახეთ, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი, მართალია, "დაფრინავს" საქართველოს პირველობაზე, მაგრამ ნაკრების მოთხოვნები სულ სხვაა.
მინდა დავესწრო "ვერდერისა" და ბაქოს "ინტერის" ამხანაგურ მატჩს თურქულ შეკრებაზე. "ვერდერში" გიორგი პაპუნაშვილი ითამაშებს. 15 იანვარს, დღის 12 საათზე იქნება ეს მატჩი.
- ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ნაკრებში არსებობს ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის პრობლემა...
- გეთანხმებით. ლევან მჭედლიძე ავიღოთ. სამწუხაროდ, მას მხოლოდ 1 თამაში ჰყოფნის ჯანმრთელობა. აქ დაღლაზე არ არის ლაპარაკი... ნეტავ, იღლებოდეს! ამას სხვანაირად ვუშველიდით... ლევანს ველაპარაკე, ის სამი დღეა, "ემპოლის" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ ჩქარობენ შემადგენლობაში მის დაყენებას...
საერთოდ, ბიჭებს სისტემატურად ველაპარაკები. გუშინ და გუშინწინ ვესაუბრე კანკავას, ამისულაშვილს...
როცა ფორვარდზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიორგი ქვილითაიამ ძალიან მოუმატა საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე. ნიკა კაჭარავას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მას ისეთი გოლები გააქვს... ისე, გოლების მიხედვითაც შეიძლება ფეხბურთელზე იმსჯელო.
მათე ვაწაძე ძალიან მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელია, როგორც ვამბობთ ხოლმე - საჯარიმოს ფორვარდი. ეგ არის, გიბრალტარის მერე ცოტა ჩაუვარდა თამაშები, გადაიღალა, მაგრამ ასეთი მომენტი ნებისმიერი თავდამსხმელის კარიერაში შეიძლება დადგეს.
- მჭედლიძის პრობლემა ის ხომ არ არის, რომ ძალიან ადრე წავიდა ევროპაში?
- უფრო ის იყო პრობლემა, რომ ძალიან ადრე მოუწია დიდი დატვირთვები. იგივე პრობლემა აქვს ლევან ყენიასაც - ერთი ერთში. დაიწყებს თამაშს, გავუგზავნით ნაკრებში გამოძახების ფურცელს და ეგრევე ტრავმას იღებს... ვეხუმრე კიდეც, აღარ გამოგიგზავნი ამ ფურცელს-მეთქი...
- გურამ კაშიაც არ თამაშობდა "ვიტესში" ამ ბოლო ხანს. ესეც პრობლემაა...
- რა თქმა უნდა, და ამაზე მეც ძალიან ვნერვიულობ. გურამს ძალიან აფასებენ "ვიტესში". მან ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, მაგრამ "ვიტესმა" ის შეინარჩუნა.
კვირკველია ევროპული გრანდისთვის მზადაა, თუმცა...
- საბა კვირკველია თუ არის მზად ევროპულ გრანდში სათამაშოდ?- თავისი პოტენციით, ნამდვილად არის! უბრალოდ, არის რამდენიმე კომპონენტი, რომელზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. მას მეტი შეხება უნდა ჰქონდეს ბურთთან, უნდა იმუშაოს საშუალო და გრძელ პასებზე. ჩემი აზრით, მას მეტი გოლი უნდა გაჰქონდეს, მინიმუმ, 5-6 სეზონში.
კვირკველია 1,90 მეტრზე მაღალია და მეტოქის საჯარიმოში რომ ჩავა, მოწინააღმდეგის დაცვა შიშით უნდა კანკალებდეს.
- მომდევნო შესარჩევ ციკლში თუ შეიძლება გვქონდეს ისეთი ფეხბურთელების იმედი, რომელთაც ქართული ფესვები აქვთ?
- ვთქვათ, ლუკას ჰუფნაგელი. მე მისი მჯერა. სუფთა გერმანული მენტალიტეტის ფეხბურთელია. თან მუდმივად თამაშობს გუნდში, რომელიც ბუნდესლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. ჰუფნაგელი ჩვენ ვათამაშეთ ესტონეთთან მატჩში და ის აღარასოდეს დაიკარგება საქართველოს ნაკრებისათვის...
მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ღმერთმა ქნას, დიდხანს ითამაშოს ალეკო ამისულაშვილმა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დაგვებადა აზრი, რომ საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩავაყენოთ თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა.
რენეს სამუშაო აქვს, მაგრამ მისი პოტენციალი თვალსაჩინოა. მე და გიორგი ჩიხრაძე შევხვდით ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებთან, ლევან ზუხბაიასა და მიხეილ ხუციშვილთან ერთად.
ახლა გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო. ფიფასთანაც იქნება სალაპარაკო... მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ უწყების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ დღეში მოგვიგვარეს გიორგი ნავალოვსკის საკითხი.
- ხომ არ არის საქართველოს ნაკრებში კონცენტრაციის პრობლემა?
- არა. თქვენ თუ მსჯელობთ ესტონეთთან მატჩით, ჩვენ ზედმეტად თავდაჯერებულნი გავედით მინდორზე და მივიღეთ ცივი შხაპი. გერმანიის მერე ისეთი სიტუაცია იყო, რომ კინაღამ მეც ეიფორიაში ჩავვარდი (იცინის)... ესტონეთში დროც არ გვეყო. ორი ფეხბურთელი პირდაპირ ტრაპიდან მომიყვანეს სტადიონზე...
ალბანეთთან თამაშს ისე მივუდექით, როგორც საკვალიფიკაციო მატჩს. არ იყო სასიამოვნო, რაც ბოლო წუთებზე მოხდა. ამაზე სამუშაო გვაქვს. ერთს კი დაგპირდებით - დაიწყება შესარჩევი ციკლი და ჩვენი გუნდი იქნება უზომოდ მოტივირებული.
- გასაგებია 3-5-2, მაგრამ თუ ამუშავებთ მეორე ტაქტიკურ სქემას?
- რა თქმა უნდა, ვამუშავებთ - ერთით მეტი შემტევით. ჩვენს ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაში. ახალ ციკლში გვექნება ისეთი შეხვედრებიც, რომლებშიც მხოლოდ მოგებაზე მოგვიწევს თამაში.
გვარდიოლა მთავარი ნოვატორია
- არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც მუდმივად არ სწავლობს, არ იზიარებს სხვა მწვრთნელების იდეებს...- მეც ასე ვარ, სხვანაირად წარმოუდგენელია. ყველაზე ნოვატორ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა მიმაჩნია. ყოველთვის ცდილობს, რაღაც ახალი გააკეთოს....
- თქვენ თუ გიცდიათ გვარდიოლას მიბაძვა?
- კი, ვგულისხმობ ბურთის ამოტანის დროს საყრდენის ჩამოსვლას დაცვაში.
- დღეს ყველაზე დიდ მწვრთნელად გვარდიოლა მიგაჩნიათ?
- ბევრი დიდი მწვრთნელია. თუნდაც, სერ ალექს ფერგიუსონი. მან ეპოქა შექმნა. ჟოზე მოურინიო პრაგმატიკოსი სპეციალისტია. ძალიან მომწონს არსენ ვენგერი. მუდმივად ვადევნებ თვალყურს ფეხბურთს. მწვრთნელი არ უნდა ჩამორჩეს მოვლენათა განვითარებას.
- ამბობენ, მოურინიოს შემოქმედებითი კრიზისი დაეწყოო...
- იმიტომაც აღარ არის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი. ეს დროებითია. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში ის ისევ დაამტკიცებს თავისას.
- რატომ ვერ მოერგო ბენიტესი "რეალს"?
- ყველა დიდ გუნდს აქვს თავისი ფილოსოფია. "ბარსელონაში", მაგალითად, არასოდეს მიიყვანენ კრიშტიანო რონალდოს. განა იმიტომ, რომ ცუდი ფეხბურთელია, ისევ და ისევ - ფილოსოფიიდან გამომდინარე. "აინტრახტში" ჩემი მწვრთნელი იყო იუპ ჰაინკესი, რომელიც "რეალში" მივიდა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და... გაუშვეს. თავისი ფილოსოფია აქვს "რეალს", თამასა ძალიან მაღლაა აწეული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"