ვარჯიში, რომელშიც 19 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას, ერთ საათს გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდა საბა კვერკველია, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აქვს. ფეხბურთელი ამ ეტაპისთვის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ვლადიმირ ვაისი დღეს საქართველოსა და სან მარინოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს დაესწრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს. საქართველოს
დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:
"ჩანს, რომ ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთი. რაც შეიძლება მალე უნდა ვცადოთ ძალები საერთაშორისო დონეზე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ საწვრთნელო პროცესით, ბიჭები ძალ-ღონეს არ იშურებენ.
შესაძლოა, ახალი მწვრთნელი მათ ახალ იმპულსს აძლევს, ასე არაერთხელ მომხდარა ფეხბურთში. დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ თამაშის მოდელსა და სისტემაზე", - განაცხადა ვაისმა.
მანვე მეკარეების შესახებაც ისაუბრა:
"ორი თანაბარი დონის მეკარე გვყავს. ორივეს მიეცემა შანსი, ალბათ, თითო ტაიმს ითამაშებენ ყაზახეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ გადავწყვეტ - ყოველთვის არსებობს პირველი მეკარე, ეს საჭიროა თავდაჯერებულობისთვის. ყველაფერი ვარჯიშებსა და თამაშზე გადაწყდება".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 29 მარტს ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
ლექსო ნაბახტეველი
სპეციალურად საიტისთვის