* * *
ეს შეხვედრა სადებიუტოა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისისთვის. თამაშის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია.
როგორც ხედავთ, ეროვნულ გუნდში დებიუტი აქვს გიორგი აბურჯანიას.
მე-2 წუთი: პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ შექმნეს - ბურთი
მე-4 წუთი: ჯანო ანანიძე ყაზახთა საჯარიმოში შეიჭრა, რის შემდეგაც ბურთს თორნიკე ოქრიაშვილი დაეუფლა და გიორგი ჭანტურიას დაუგორა, მაგრამ ამ უკანასკნელს დარტყმა ძლიერი არ გამოუვიდა.
მე-13 წუთი: გიორგი ნავალოვსკი შეტევის მარცხენა ფრთიდან ბურთს ყაზახთა საჯარიმოში მყოფ ყაზაიშვილს აწვდის, ვაკოს გოლის გატანას მეტოქის მცველი და მეკარე არ ანებებენ.
26-ე წუთი: ყაზახებმა კუთხური სახიფათოდ მოაწოდეს, თუმცა ბურთმა ისე დატოვა მოედანი, არავინ შეხებია...
29-ე წუთი: ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მეტოქეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. ყაზახთა საჯარიმოში გამჭოლი მწვავე გადაცემა ოქრიაშვილმა გააკეთა, თუმცა ბურთს ვერც ყაზაიშვილი შესწვდა და ვერც ჭანტურია.
33-ე წუთი: სტუმართა კუთხურის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განვახორციელეთ, რის შემდეგაც ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგ აღმოჩნდა, მაგრამ... რეალური საგოლე შანსი ყაზაიშვილმა ხელიდან გაუშვა, რომელმაც კარში დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება დააპირა.
36-ე წუთზე გოლი მივიღეთ - აზათ ნურგალიევმა მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.
38-ე წუთზე გავათანაბრეთ. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა - 1:1.
პირველი ტაიმი დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყების წინ ვლადიმირ ვაისმა ორი ცვლილება განახორციელა - ალეკო ამისულაშვილის ნაცვლად მოედანზე საბა კვირკველია გამოვიდა, გიორგი ჭანტურია კი ნიკა კაჭარავამ შეცვალა. ამ უკანასკნელისთვის ეს მატჩი სადებიუტოა ეროვნულ გუნდში.
თამაში განახლდა.
52 წუთი: ნურგალიევს დუბლის შესრულებამდე სულ მცირედი დააკლდა. ყაზახი ფეხბურთელი რევიშვილისგან შორეულ კუთხეში ცდილობდა ბურთი გადაგზავნას. გადავრჩით.
54-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილს გადაცემა ზუსტად რომ შეესრულებინა, ჯანო ანანიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდებოდა...
58-ე წუთზე ფლანგიდან ნავალოვსკის მაღალი ჩაწოდების შემდეგ ბურთს ტანმაღალი კაჭარავა ვერ შესწვდა... იქვე ლობჟანიძემ თავის საჯარიმოს მისადგომებთან სტუმართა სახიფათო შეტევა ჩაშალა.
68-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. კუთხურის შემდეგ თავით საბა კვირკველია ურტყამდა, თუმცა ბურთი ყაზახთა ხარიხას სანტიმეტრებში გადაევლო.
71-ე წუთზე ყაზახების აუტს ჩვენს საჯარიმოში სრული ქაოსი მოჰყვა, რომელიც საბედნიეროდ, სტუმართა არაზუსტი დარტყმით დასრულდა. ოდნავ მაღალი კლასის გუნდი ამ ეპიზოდში აუცილებლად დაგვსჯიდა.
72-ე წუთზე ბრწყინვალედ გაისარჯა ნიკა კაჭარავა, რომელმაც მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი, ზოგი ტექნიკით, ზოგიც აღნაგობით დაჯაბნა და საჯარიმოშიც შეიჭრა. ნიკა საეჭვოდ დაეცა, თუმცა მსაჯმა 11-მეტრიანი არ დანიშნა.
76-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ეფექტურად კაჭარავა ურტყამს, თუმცა არაზუსტად.
77-ე წუთი: ვაისის ორმაგი ცვლილება. ჯანო ანანიძეს ლევან ყენია ცვლის, გიორგი აბურჯანიას - ნიკა კვეკვესკირი.
78-ე წუთზე კაჭარავა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანის ბრწყინვალე შანსს ვერ იყენებს. ნიკამ ლევან ყენიას გადაცემის შემდეგ 1-1-ზე ყაზახთა მეკარეს ვერ აჯობა...
89-ე წუთზე უჩა ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოდის.
მსაჯმა თამაშს მხოლოდ 3 წუთი დაამატა...
მატჩი დასრულდა.