საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სლოვაკი ვლადიმირ ვაისის დებიუტი ისეთი ვერ გამოდგა, როგორსაც ვისურვებდით.

მართალია, ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები არ უდგას, მაგრამ იმის პოტენციალი და ამბიცია ნამდვილად გვაქვს, შინ ყაზახეთს რომ ვუგებდეთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ახალი ტაქტიკა
საქართველოს ნაკრებმა მატჩი გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დაიწყო. ჩვენ წარსულში მრავლად გვქონია ასეთი მაგალითი და ნაკრების მაშინდელ მწვრთნელსაც არ დაჰკლებია კრიტიკა ამის გამო, თუმცა ამჯერად მინდორზე შემტევთა რაოდენობა მცირე არ იყო. ეგაა, ცენტრფორვარდი მაინც აუცილებელი გვგონია და ამაში ვლადიმირ ვაისიც "დაგვეთანხმა"
მეორე ტაიმის დასაწყისში.

მწვრთნელის ნოვაციამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ გაამართლა. არადა, მრავლად იყო მომენტი, გამოკვეთილი ფორვარდი განსაკუთრებულ ხიფათს რომ შექმნიდა მოწინააღმდეგის კართან და იქნებ გოლიც ერთზე მეტი გვეხილა...

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ტაქტიკით ითამაშა. კახა ცხადაძე რა სქემითაც ათამაშებდა გუნდს, ყველას კარგად გვახსოვს. ვაისმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა აირჩია. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ გამწესებული.

ჩემი აზრით, ყაზაიშვილისთვის ეს არ არის ოპტიმალური პოზიცია. ის უფრო მინდვრის სიღრმიდანაა სახიფათო, როცა სივრცეს ითავისუფლებს და ან თავად ემუქრება მოწინააღმდეგის კარს, ან პარტნიორს უკეთებს სახიფათო გადაცემას...

სად დავკარგეთ კომპაქტურობა?
კახა ცხადაძეს (დღეს შედარებებს ვერ ავცდებით) ბევრი მაქებარიც ჰყავს და კრიტიკოსიც - საკმაოდ, მაგრამ ერთს ვერ დამალავ - ცხადაძის მიერ ჩატარებულ ძალიან ბევრ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ძალიან კომპაქტურად თამაშობდა.

ამჯერად, ასე არ ყოფილა. არაერთხელ მოგვეშალა გუნდური მექანიზმი, თუნდაც - დაცვაში. სწორედ ამის გამო მივიღეთ პირველი გოლი და კიდევ არაერთხელ გადავრჩით უსიამოვნებას. ამდენ გუნდურ ჩავარდნას უკეთესი მეტოქე ნაღდად არ გვაპატიებდა.

თუ ვაისს უნდა, რომ დიდხანს დარჩეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ასეთი გუნდური ჩავარდნები აღარ უნდა განმეორდეს...

რით იცნობა მწვრთნელი?
ამბობენ, კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებსო. ვაისის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს გამონათქვამი უკანასკნელი ჭეშმარიტებაა და სლოვაკი ცუდი მწვრთნელია.

ეგ არის, მეორე ტაიმში ყაზახეთის ნაკრების ოთხკაციანმა სამწვრთნელო შტაბმა აშკარად დაგვიჯაბნა ქართველთა ახალი თავკაცი. მართალია, გვქონდა ორი აშკარა საგოლე მომენტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა გუნდური მოქმედების შედეგი.

ჩანს, ჩვენი ნაკრები ჯერაც ეჩვევა ახალ ტაქტიკურ სქემას და მეორე ტაიმიც, ალბათ, ამის გამო ჩაგვივარდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ ისტორიაში.

მჭედლიძის ფასი
ვეჭვობ, სულ სხვანაირი იქნებოდა მატჩის სცენარი, ლევან მჭედლიძეს რომ ეთამაშა. საქართველოს ნაკრების თავდასხმაში "ემპოლის" ფორვარდი, უბრალოდ, პრიმა მგონია. გავარკვიეთ, რომ მას თამაში არ შეეძლო ოდნავ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შინაარსიანად ითამაშებდა და, ალბათ, მეტსაც გაიტანდა, მინდორზე მჭედლიძე რომ ყოფილიყო.

ორი დებიუტანტი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმა დებიუტანტმა ითამაშა. გიორგი აბურჯანიამ ძირითადში დაიწყო, ნიკა კაჭარავა კი შეცვლაზე შევიდა. აბურჯანიას ჰქონდა შეცდომებიც და კარგი მომენტებიც. კაჭარავამ კი ორი მომენტი ვერ გამოიყენა და ორივე - თითქმის ასპროცენტიანი.

დებიუტანტს ეს ეპატიება. დღევანდელი დებიუტანტი ხვალ გამოიცდება და შესაგდებს აუცილებლად შეაგდებს. კაჭარავას აქვს ყველა ის თვისება, რომ ითამაშოს მაღალი დონის ფეხბურთი.

სად არის ჯანოს ადგილი?
ყველას გვახსოვს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა თბილისური ევროშესარჩევი მატჩი. მაშინ ჯანო ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე ითამაშა. მაშინ ჯანომ მოგვაგონა "რეალის" ხორვატი საყრდენი ლუკა მოდრიჩი...

გუშინ მე ვერ ვნახე მინდორზე ისეთი ანანიძე, როგორიც მინდოდა (უფრო სწორად - გვინდოდა), რომ მენახა. ის მთელი თამაშის განმავლობაში ეძებდა თავის ადგილს მინდორზე და ლამის ყველა პოზიციაზე ითამაშა, გარდა - შემქმნელი საყრდენისა. არადა, საუკეთესო თამაში ნაკრებში მას სწორედ ამ პოზიციაზე ჰქონდა.

რატომ შეიცვალა ჭანტურია?
რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელს ექსპერიმენტების ყველანაირი უფლება აქვს.

და მაინც, ვაისს ძალიან უნდოდა სადებიუტო თამაშის მოგება. მეჩვენება, რომ სლოვაკი მოგვიანებით დაფიქრდა შედეგზე. აბა, რით უნდა ავხსნათ გიორგი ჭანტურიას გაყვანა პირველი ტაიმის შემდეგ? თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ის ყველაზე აქტიური და მწვავე იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

მეტი გუნდურობა!
ვაისის გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის გუნდურ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამით "გაიტანა ლელო" თავის დროზე სლოვაკეთის ნაკრებმა. გუშინდელი მატჩის მეტ ნაწილში საქართველოს ნაკრებს გუნდური ფეხბურთი არ უთამაშია.

ეს პრობლემა ახალ მწვრთნელს აუცილებლად მოსაგვარებელი აქვს. ჩვენს ბიჭებს ძალიან უყვართ ინდივიდუალიზმი და ისინი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცნენ.

ამას ცხადაძე ძალიან კარგად ახერხებდა. იმედია, ვაისიც მოახერხებს...

მატჩის სტენოგრამა
3' - პირველი მწვავე შეტევა ყაზახებისაა. შომკო ბურთს ქართველთა საჯარიმოში აწვდის. რევიშვილი პირველ ცდაზე ვერ არის დამაჯერებელი, მეორე ცდაზე კი ბურთს ხელებში აფიქსირებს.

4' - ქართველთა მრავალსვლიანი კომბინაცია. ანანიძე შედის საჯარიმოში, აწვდის ოქრიაშვილს, რომელიც ჭანტურიას პოულობს. ბურთი ყაზახთა მეკარის ნადავლი ხდება.

14' - ანანიძის პასით ნავალოვსკი შედის საჯარიმოში და მეკარის მოედნის კუთხესთან გამჭოლ გადაცემას უკეთებს ყაზაიშვილს. დავით ლორიას რეაქცია არ უგვიანდება. კუთხური.

33' - ყაზაიშვილი-ჭანტურია-ოქრიაშვილის მიერ გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა ყაზაიშვილმა. ლორიამ ამჯერადაც კარგად ითამაშა.

36' - 0:1. ჩავარდა ქართველთა დაცვის მარცხენა ფლანგი. მუჟიკოვმა ჩვენს საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ნურგალიევი მონახა, ვინც აუღელვებლად გაიტანა.

38' - 1:1. კანკავამ ლობჟანიძეს გადააწოდა, ამან ოქრიაშვილისკენ გააკეთა გადაცემა, ჭანტურიამ მახვილგონივრულად გაატარა ბურთი და ოქრიაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით ტექნიკურად გაიტანა.

68' - ანანიძის კუთხურის შემდეგ კვირკველიას თავური ოდნავ სცდება მიზანს.

72' - კაჭარავა ბურთს იგებს, ატყუებს სამ ყაზახს და მცველებთან ორთაბრძოლაში ეცემა. მსაჯი ყაზახთა სასარგებლოდ ჯარიმას ნიშნავს.

79' - ყენიას კარგი პასის შემდეგ კაჭარავა პირისპირ გადის მეკარესთან, თუმცა კარგად ვერ ურტყამს, მეკარე ფეხით იგერიებს ბურთს და თავისიანებს გადარჩენის შანსს აძლევს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
29.03. თბილისი. "დინამო არენა". 10 000 მაყურებელი
საქართველო-ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ნურგალიევი (36), 1:1 ოქრიაშვილი (38)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (90. ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46. კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე (77. ყენია), ჭანტურია (46. კაჭარავა).
სათადარიგოები: კვასხვაძე, გ. ლორია, ქვილითაია, დვალი, კობახიძე, ძალამიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ყაზახეთი: დ. ლორია (46. პლოტნიკოვი), ბეისბეკოვი, ლოგვინენკო, შჩოტკინი (46. ხიჟნიჩენკო), ნურგალიევი (80. ისლამხანი), მალიი, შომკო, კუატი (82. ტაგიბერგენი), მუჟიკოვი (64. კონისბაევი), სმაკოვი (74. ბაიჟანოვი), სუთუმბაევი.
სათადარიგოები: პოკატილოვი, კოჟამბერდი, კუანტაევი, ახმეტოვი, მუხტაროვი, დოსმაგამბეტოვი.
მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი
არბიტრი: კ. პიზანი (მალტა).

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს
გურამ კაშია: წლის მანძილზე ორი მწვრთნელის შეცვლა რთული გადასატანია
ნიკა კაჭარავა: პენალტი იყო, მაგრამ ახლა რაღას ვიზამთ...
გიორგი აბურჯანია: ახალ მოთხოვნებსა და ტაქტიკას დრო სჭირდება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
მე მგონი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალია ნაკრების მრწვთნელად დაინიშნოს მილტონ ჰეიგი!!!! ))))
pele
30 მარტი 2016 11:12
0
ყველაფერი განულდება თუ არა ფიზიკური მომზადება, ფიზიკური გამძლეობა, მეტი, მეტი ფიზიკური სიძლიერე!!! ნახეთ, როგორ ლაღად დასრიალებდნენ მინდორზე თვით ყაზახები(!). ნუთუ ამას მართლა ვერ ამჩნევთ ჟურნალისტები თუ სპეციალისტები?
zurab
30 მარტი 2016 10:44
0
კომენტარის გარეშე. ან რა კომენტარი უნდა გააკეთო ადამიანმა!!!! ჩვენ ხომ დიდი ხანია ერთ წრეზე ვტრიალებთ. საღოლ თქვენ ფეხბურთელებო, მწვრთნელებო და ფედერაციის ახალო ბოსებო. საღოლ!!!!
giga
30 მარტი 2016 10:44
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული