საქართველო-სომხეთი 2:1 - გვიხარია და ვფრთხილობთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია გრძელდება: თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა უპირველესმა გუნდმა უკვე 9 მატჩი ჩაატარა და ფრედ დასრულებული ხუთი შეხვედრის გარდა ოთხი გამარჯვებითაც ვხარობთ.

გაორებული შთაბეჭდილება
რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩში წარმატებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, მაგრამ, მოდი, ნურც იმ დროს დავივიწყებთ (თანაც, არცთუ შორეულ წარსულს ვგულისხმობთ), როცა საქართველოს ნაკრები წელიწადნახევრის განმავლობაში გამარჯვებას ვერ ახერხებდა; არც იმას დავმალავთ, რომ, შესაძლოა, გუშინდელმა მატჩმა (განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმმა) ქართველ გულშემატკივრებში, ცოტა არ იყოს, გაორებული შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ პრინციპულ მეტოქესთან მოგებასაც "სხვა" ფასი
აქვს და, რაც მთავარია, თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, უახლოეს ოფიციალურ პაექრობამდე კიდევ ბევრი "რაღაცის" გამოსწორება შეიძლება. მით უფრო, რომ ეს უახლოესი მატჩი მეტად და მეტად სერიოზულ და ძლიერ მეტოქესთან გვაქვს და გუშინდელ მატჩში (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში) თუ მეტოქის შემტევები ჩვენი უკანახაზელთა (გნებავთ, შუახაზელთა) შეცდომებით ვერ სარგებლობდნენ, თორემ ხორვატთა ვარსკვლავები (ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი, მლადენ პეტრიჩი, დარიო სრნა) ნამდვილად არაფერს გვაპატიებენ.

ჩვენი ფორვარდების პასიურობაც კარგს არაფერს მოგვიტანს - მეორე ტაიმის ბოლოს ჯანო ანანიძეს ჩვეული ოსტატობით ორჯერ სიტუაცია რომ არ გაემწვავებინა, ვიტყოდით, შეხვედრის ამ მონაკვეთში საერთოდ არ შეგვიტევიაო. მოკლედ, მიუხედავად გამარჯვებისა და წაუგებელი სერიის გაგრძელებისა (თანაც, პრინციპულ მეტოქესთან), გუშინდელმა მატჩმა არაერთი "კითხვის ნიშანიც" დაგვიტოვა; კიდევ ვიმეორებთ: საბედნიეროდ, ყველაფერი ეს ამხანაგურ მატჩში "გამოჩნდა" და გარკვეული კომპონენტების გამოსწორებისათვის თემურ ქეცბაიას თვენახევარი მაინც რჩება; მაგრამ, სომხეთთან მოგებულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვაყენა ერთობ მწარე რეალობის წინაშე: ქართულ ფეხბურთში კვალიფიციური შემსრულებლების და, საერთოდ, ადამიანური რესურსის დეფიციტია! თუმცა, ეს ნამდვილად არახალი ამბავია და ამ პრობლემის მოგვარებას უმოკლეს დროში ვერც თემურ ქეცბაია და ალბათ, ვერც ვერავინ მოახერხებს.

არანაკლებ სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ნაკრების სტაჟიან წევრებს ღირსეული შემცვლელები არა ჰყავთ; აი, გავიდნენ მოედნიდან კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ყველანაირი (ტერიტორიული, სათამაშო და ასე შემდეგ) უპირატესობაც მეტოქის მხარეს გადავიდა! რა თქმა უნდა, ნურც ის ფაქტორი დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის სეზონი არ დაწყებულა (ან - არ განახლებულა) და აქედან გამომდინარე, ოპტიმალურ ფორმაშიც, შესაძლოა, ვერ ყოფილიყვნენ; საკადრო პრობლემებსაც გვერდს ვერ ავუვლით: ტრავმირებულებს, ლადო დვალიშვილსა და სანდრო გურულს ვგულისხმობთ; აღარაფერს ვამბობთ მალხაზ ასათიანზე, ვინც ამჯერად უკლუბოდ კი არის, მაგრამ, ჩვენი სუბიექტური აზრით, გუშინდელი მატჩის მონაწილე მუდმივი პრაქტიკის მქონე ბევრ ჩვენ ფეხბურთელს, ალბათ, აჯობებდა კიდეც.

თუმცა, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ გუშინდელ მეტოქეებსაც არანაკლები პრობლემები ჰქონდათ: საკადროც და ისეთიც, წამყვანი მოთამაშეებისათვის ჯერ რომ სეზონი არ დაწყებულა.

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს კიდეც: მოგებული მატჩის შემდეგ, ცოტა არ იყოს, პესიმისტურ განწყობას თუ "ამოიკითხავს" ჩვენ სიტყვებში; მაგრამ, სჯობს, ამხანაგურ მატჩებში დავინახოთ უამრავი პრობლემა, ვიდრე - ოფიციალურ შეხვედრებში. თუმცა, მთლად კრიტიკულიც ნამდვილად ვერ ვიქნებით: იმ წაუგებელი სერიისა და ჩვენი ვეტერანების (დროა, ახალგაზრდა თაობამაც მიბაძოს) ჯიგრიანი თამაშის გარდა, სხვა დადებითი ფაქტორებიც იყო; ბოლოს და ბოლოს, ალბათ, საბოლოოდ გადაიჭრა კვალიფიციური მეკარ(ეებ)ის პრობლემა: გიორგი ლორიამაც (პირველ ტაიმში) და ნუკრი რევიშვილმაც უშეცდომოდ და, რაც მთავარია, დამაჯერებლად იასპარეზეს; აღარაფერს ვამბობთ ქართული ფეხბურთის ამ ეტაპისათვის, ალბათ, ერთადერთ იმედზე - ჯანო ანანიძეზე.


ოპტიმალური შემადგენლობა
ქართველმა გულშემატკივარმა გუშინდელი მატჩის ტელერეპორტაჟი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეშვეობით იხილა და თითოეულ ეპიზოდზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით; თუმცა შეხვედრის დასამახსოვრებელ მომენტებს გვერდს ვერ ავუვლით, ისე როგორც ჩვენი ნაკრების ტაქტიკურ განლაგებას.

გუშინდელ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩი 17 ნოემბერს, სლოვენიის ნაკრებთან ჰქონდა ჩატარებული და იმ თამაშთან შედარებით ჩვენი გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად რომ შეიცვლებოდა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდებოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სლოვენიელების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიამ ნაწილობრივ, ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა; აი, გუშინდელ მატჩში კი ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს საექსპერიმენტოდ ნამდვილად არ ეცალა და მალხაზ ასათიანის არყოფნას თუ არ ჩავთვლით, სომხებს, ფაქტობრივად, სადღეისოდ ოპტიმალური შემადგენლობა დაუპირისპირა.

რა თქმა უნდა, დიდი გამოცანა იყო ყველასთვის, თუ ვის ანდობდა ქეცბაია ჩვენი ნაკრების კარის დაცვას: სლოვენიასთან მატჩის ერთ-ერთ გმირს გიორგი ლორიას თუ ნაკრებში მანამდე დამაჯერებლად მოასპარეზე ნუკრი რევიშვილს. მეკარეებზე ზემოთაც ვთქვით და ამჯერად ბევრს აღარ ვისაუბრებთ: ლორიამაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და რევიშვილმაც. ეგ კი არა, მეორე ტაიმში (პირწმინდად რომ ჩავაგდეთ) რევიშვილმა ორჯერ აშკარა ხიფათსაც გადაგვარჩინა, როცა ჯერ მარკოს პიზელის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი ჰენრიხ მხითარიანს (ეს ბიჭი დონეცკის "შახტარში" ტყუილუბრალოდ ნამდვილად არ მიუწვევიათ) არ დაანება გოლის გატანა. ლორიამ და რევიშვილმა საიმედოობითაც დაგვამახსოვრეს თავი და, ფაქტობრივად, არც გამოსვლებზე შემცდარან და არც - ხაზზე თამაშისას; იმედი დავიტოვოთ, რომ ასეთი კონკურენცია ჩვენს ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სხვა რგოლებზე.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლაშა სალუქვაძის გამოჩენა სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო, დაცვის ცენტრში კი ქეცბაია კვლავაც "სლოვენიურ ვარიანტს" დაეყრდნო და ამ ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში მყოფ ჩვენი ნაკრების კაპიტანს, კახა კალაძეს კვლავაც დებიუტანტი აკაკი ხუბუტია შეუწყვილა. მარცხენა მცველად კი, ლევან კობიაშვილი თამაშობდა, - წესით, არც ეს ფაქტი უნდა გაგვკვირვებოდა, მით უფრო, რომ საქართველოს ნაკრებში თავისი 14-წლიანი კარიერის განმავლობაში "კობის" არაერთხელ უასპარეზია ამ პოზიციაზე (აღარაფერს ვამბობთ მის ამჟამინდელ კლუბზეც "ჰერტაზეც"); თუმცა, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კობიაშვილი დაცვის მარცხენა ფლანგზე პირველად ვიხილეთ.

საყრდენ ნახევარმცველად, ისე როგორც სლოვენიასთან მატჩში, ზურაბ ხიზანიშვილი მოგვევლინა, ოღონდ ამჯერად მისი მეწყვილე ახალგაზრდა, ბუბა დაუშვილი გახლდათ; შემტევი სამეულის გამოცნობა კი, ალბათ, ყველაზე "ადვილი" იყო: მარჯვენა გარემარბად ალექსანდრე იაშვილი, მარცხნივ - გოგიტა გოგუა (საუკეთესო სანაკრებო მატჩი გუშინ ნამდვილად არ ჩაუტარებია), ცენტრში კი - ჯანო ანანიძე. რაღა თქმა უნდა ეჭვს არც ცენტრფორვარდის პოზიციაზე დავით სირაძის გამოჩენა იწვევდა და ამ ფეხბურთელმაც, უკვე მერამდენედ დაამტკიცა, ჩვენი ნაკრებისათვის სასარგებლოზე-სასარგებლო და საჭიროზე-საჭირო კაცი რომ გახლავთ.


იმედის ტაიმი
ჩვენი ნაკრების "შუქ-ჩრდილებზე" ვსაუბრობთ და ერთი, არცთუ უმნიშვნელო ფაქტორიც, კინაღამ დაგვავიწყდა: გუშინდელი ჩვენი მეტოქე სუსტთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვარდან მინასიანის გუნდმა საკმაოდ ორგანიზებული კოლექტივის შთაბეჭდილება დატოვა და ერთი-ორი ისეთი შემსრულებელიც ჰყავდა, აი, კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია.

რაღა თქმა უნდა, ჰენრიხ მხითარიანს ვგულისხმობთ, პირველ ტაიმში ბუბა დაუშვილის მარწუხებში რომ მოექცა, მაგრამ აი, მეორეში კი ნამდვილად გაილაღა (ისე როგორც, მისმა თანაგუნდელებმა). თუმცა, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები იმდენად დამაჯერებლად ასპარეზობდა, გეგონებოდათ, მეტოქედ რეიტინგში ჩვენზე წინ მდგომი გუნდი კი არა, რომელიღაც მეორე-მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ნაკრები იყოო.

კიდევ ვიმეორებთ: ყოველივე ეს ჩვენების დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, ერთი შეხედვით, აკადემიურ სტილში რომ ასპარეზობდნენ. ჰო, ფეხბურთში (მით უმეტეს, დღესდღეობით), მეტოქეებს შორის კლასში (გნებავთ, დონეში) სხვაობას დიდი მნიშვნელობა აქვს; ჰოდა, ჩვენებმაც, ფაქტობრივად, უფრო მაღალი კლასის ხარჯზე დაჯაბნეს მოწინააღმდეგე და აბსოლუტურად ლოგიკურიც იყო ის ფაქტი, როცა საქართველოს ნაკრებმა თავისი უპირატესობა მეტოქის კარში გატანილი ორი გოლით გამოხატა.

არანაკლებ სასიამოვნო იყო იმ დახვეწილი კომბინაციების ხილვა, სომხეთის ნაკრებში გატანილ გოლებს წინ რომ უძღოდა. თუგინდ, პირველი ეპიზოდი გაიხსენოთ, როცა ზურაბ ხიზანიშვილმა მოედნის სიღრმეში ჯერ ოსტატური პაუზა გააკეთა, მერე კი დროულად გახსნილ ლევან კობიაშვილსაც არ დაუგვიანა ზუსტი გადაცემა, "კობის" არანაკლებ ზუსტ და ოსტატურ გამჭოლ პასს კი ალექსანდე იაშვილი გამოეხმაურა და მეტოქის მეკარესთან ხისტ ორთაბრძოლაში ბურთის კარში გადაგზავნა მოახერხა. მოკლედ, "ვეტერანთა გოლი" იყო...

არანაკლებ ეფექტური იყო ჩვენი მეორე გოლიც: კომბინაცია "იაშკამ" წამოიწყო, მერე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ჯანო ანანიძემ საკმაოდ რთული მდგომარეობიდან მაინც მოახერხა და ასაკთან შეუფერებელი ოსტატობით, მოწინააღმდეგისათვის "უცნაური" გადაწყვეტილება მიიღო; ყოველ შემთხვევაში, ბევრი, ალბათ, ელოდა, რომ ჯანო კარის გასწვრივ გამჭოლ პასს გააკეთებდა, თუმცა ქართული ფეხბურთის იმედმა დროის უმცირეს მონაკვეთში სწორად განჭვრიტა ყველაფერი და ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში, ლევან კობიაშვილს გადააწოდა; ჩატარებული მატჩებით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი "ერთი შეხებით" გზავნიდა ბურთს მეტოქის კარში, მაგრამ ჰრაირ მკოიანმა, თითქოსდა, სიტუაცია განმუხტა (ბურთი, ხაზიდან გამოიტანა), მაგრამ მანამდე "ჩრდილში მყოფი" დავით სირაძე (როგორც უკვე დაგვაჩვია) იქვე იყო "ჩასაფრებული" და ორბურთიანი უპირატესობაც მოვიპოვეთ!


უსიამოვნო მოულოდნელობა
აი, მეორე ტაიმზე კი, ალბათ, არც ღირს დაწვრილებით საუბარი; რა თქმა უნდა, ის "ვარიანტიც" უნდა განვიხილოთ, ორბურთიანი უპირატესობის გამო ჩვენმა ფეხბურთელებმა საქმე რომ, შესაძლოა, მოთავებულად მიიჩნიეს; თუმცა, იმედია, ჩვენგან "შეხსენება" არავის სჭირდება, რომ საფეხბურთო მატჩი 90 წუთი გრძელდება და არა - 45; აღარაფერს ვამბობთ გუშინდელი მატჩის ერთ-ერთ მთავარ "უცნაურობაზეც", უფრო ზუსტად, უსიამოვნო მოულოდნელობაზე: შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური ურავლესობა ინერტულად გამოიყურებოდა, შებოჭილადაც და, რა ყველაზე საწყენია, არასაკმარისად მოტივირებულად!

არადა, თითქმის ყველა მათგანს, წესითა და რიგით, საკმარისზე მეტი ამბიცია უნდა ჰქონოდა; ბოლოს და ბოლოს, ამხანაგურ მატჩში, თანაც მშვენიერი სცენარით მიმდინარე შეხვედრაში თავის გამოჩენისა თუ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების მშვენიერზე-მშვენიერი შანსიც მიეცათ, მაგრამ საპირისპირო რამ ვიხილეთ! ფაქტობრივად, მეორე ტაიმის 35 წუთი (!) სომხეთის ნაკრების უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო და კიდევ კარგი, ხან მეტოქის ფეხბურთელები სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ხან კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნუკრი რევიშვილი თამაშობდა უშეცდომოდ.

ჰო, ეს მართლაც უსიამოვნო "სანახაობა" იყო: ჩვენი ნაკრების სათამაშო რგოლებს შორის ყველანაირი "ურთიერთობა" გაწყვეტილი იყო და აღარაფერს ვამბობთ, სათამაშო დისციპლინის სრულ უგულებელყოფაზე, რითაც, მეტოქე მშვენივრად სარგებლობდა და სახიფათოდაც არაერთხელ შემოგვიტია.

ვინმემ, შესაძლოა, კვიპროსელი არბიტრის შეცდომაზე ისაუბროს (ისე, ჩვენს კარში დანიშნული პენალტი "ასპროცენტიანთა კატეგორიას" ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა), ვინმემ, შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკის არქონას გაუსვას ხაზი, და საერთოდაც, "შეგვახსენონ", რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო; ამ დროს კი, რეალობა სულ სხვაგვარია: სომხეთზე ბევრად კი არა, ოდნავ უფრო მაღალი კლასის გუნდი ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს!..


საქართველო-სომხეთი 2:1
9.02.2010. კვიპროსი. ლიმასოლი. "ცირიონი". 300 მაყურებელი
გოლები: 1:0 იაშვილი (22, კობიაშვილის პასით), 2:0 სირაძე (34), 2:1 მანუჩარიანი (67, პენალტით).

საქართველო: ლორია (46. რევიშვილი)-სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე (46. ამისულაშვილი), კობიაშვილი (46. კვირკველია)-დაუშვილი, ხიზანიშვილი (57. კაკუბავა)-იაშვილი (50. მერებაშვილი), ანანიძე, გოგუა (46. ვაწაძე)-სირაძე.
სათადარიგოები: კანკავა, გ. კაშია
სომხეთი: კასპაროვი (46. ს. კაზარიანი)-ოვსეფიანი, მკოიანი, არაქელიანი (46. იუზბაშიანი), აირაპეტიანი-არტაკ ედიგარიანი, მხითარიანი-მალაქიანი, პიზელი, გ. კაზარიანი-მანუჩარიანი (84. ალექსანიანი).
სათადარიგოები: არტურ ედიგარიანი.
გაფრთხილება: ხუბუტია (31), კვირკველია (65), მანუჩარიანი (80), რევიშვილი (86).
არბიტრი: ვ. ანასტასიუ (კვიპროსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
რას ვერჩი ძმა და ეგ ყველამ კარგად იცის რომ სომხეთი იყო და ამხანაგური და მოგება თავსჰი არ უნდა აგვივარდეს მაგრამ ეს იყო ტესტ თამაში და თემურმა ხალხი გამოცადა ზოგმა ივარგა ზოგმა ვერა ასე იყო სლოვენიასთანაცთემომ ყველაზე უკეთ იცის რომ ხორვატებთან ომი გველის გამოცადა ხალხი და თამაშიც მოიგო ასე რომარ ითამაშებენ 26 ში ეგ ასპროცენტიანია უბრალოდ უმადურობას ვერ ვიტან ასე მწვავედ გააკრიტიკო 9 თამაშიანი წაუგებელი სერია არაა ლამაზი უმადურად ჟღერს
VENDE TA
12 თებერვალი 2011 22:27
0
სომხებს პირველი ტაიმით მოვუგეთ და ეგ თამაში დავივიწყოთ, წინ ხორვატიაა! და რას ერჩით ამ კაცს? "გვიახარია და ვფრთხილობთო" ამბობს. თუ ნაკლები არ შეფასდა და თვალი დავხუჭეთ არც ეგ იქნება კარგი საქმე. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, აშკარად პასებს ვერ აკეთებდნენ და იმედია გამოასწორებენ. არ გახსოვთ ლატვიასთან ბოლო წუთზე 2 კაცი ვერ აკეტა დაცვამ საჯარიმოში და მაგრა დაგვირტყა ცაუნამო ამბობდნენ! მაგრა კი არ დაგვირტყა დავარტყმევინეთ და ისეთი 2 ქულა დავკარგეთ დღემდე ვერ მომინელებია. ეხლა ხორვატიას რომც მოვუგოთ მაინც მესამეზე ვრჩებით. ამიტო მეტი ყურადღებაა დაცვაში საჭირო ის არტურები და მხითარიანები ისე დარბოდნენ ჩვენ დაცვაში რო რასაც უნდოდათ აკეთებდნენ და მერე ვიძახოთ მოვიგეთო. ხორვატია სომხეთი არაა ძმაო, ათასჯერ სომხეთია!!! და ჩვენც ათასჯერ მეტი ყურადღება გვმართებს და კრიტიკა ამიტომაა საჭირო. ღმერთმა წარმატებით ატაროს ქეცბაია და საქართველო! 26ში სტატიონზე მოსაგებად!!!!!
bb king
12 თებერვალი 2011 04:09
0
ხო ზამენებმა ვერ ივარგა მერება რო წავიდა და გაუხარდა ზოგს გაიზრდებაო დინამოში უფრო მოუმატებდა ჩამოვიდეს ჯობია ვაწაძეც საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში მაგას ზესტადან ყველა თავდამსხმელი ჯობია
hirosima
11 თებერვალი 2011 13:57
0
26 ში გატენილი სტადიონი მებრძოლი ხორავეტბის წინააღმდეგ..არანაკლებ მებრძოლი და ახალი გუნდით....რატომღაც დარწმუნებული ვარ შედეგს მივაღწევთ....ჩვენ 2012 ში იქ უნდა ვითამაშოთ...იქ...
malkhazi
11 თებერვალი 2011 09:22
0
ამაში კი ნაღდად ვეთანხმები სტატიის ავტორს : " შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური ურავლესობა ინერტულად გამოიყურებოდა, შებოჭილადაც და, რა ყველაზე საწყენია, არასაკმარისად მოტივირებულად!"... ეს ძალიან მეწყინა, სული მინიმუმ მეტი ჟილკით უნდა ეთამაშათ. დარწმუნებული ვარ ბიჭები ხორვატიასთან ასმაგად მოინდომებენ და შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებენ...
ზაალი
11 თებერვალი 2011 02:36
0
კომენატარები წავიკითხე ეხლა და სტატიის წაუკიტხავად ვხდები რაც ეწერება და რა აზრი აქ ტყუილად თვალების დათხრას .... ეს უმადურობაა ხოო ვე მოვისალეთ რა,,,,,სუუ ნუ ითამასებენ ლამაზ ფეხბურთს ამათ მოიგონ და აგერ მკიდია მესის და რონალდოს ფინტებიი.....26სტადიონი გავავსოტ ბიჩებო და ჩვენ დავანახოთ ქეცბოს რო გვერდში უდგავართ...
ika
10 თებერვალი 2011 22:54
0
ბიჩებო გეთანხმებით ყველას მართლები ხართ ასი პროცენტით.... ხო გაგიგიათ მადა ჭამაში მოდისო ასე არის ბევრი ქართველი უფრო და უფრო ბევრი უნდათ და ლოდინი არ იციან : ))) ქეცბაია არ მოსულიყო მწვრთნელად და რას მივაგწევდით ნახავდით : ) რამდენი ხანია ნაკრებს ესეთი შედეგი არ ჰქონია და თამაშსაც გაამოასწორებს მალე : ) თუ არადა ითამაშონ როგორი ფეხბურთიც უნდა მთავარია შედეგი დაგვანახონ : ) დღევანდელ ფეხბურთში მთავარი ტაბლოა და არა თამაშის ხარისხი ეს დაიმახსოვრეთ : )
luka
10 თებერვალი 2011 18:01
0
nu nerviulobt kvelaferi kargadaa,mara sifrtxiles tavi ar stkiva.....
reso
10 თებერვალი 2011 17:49
0
АКА, VENDEТА, - გიერთდებით მთელი სულით და გულით...არ ვიცი რა დაემართა ამ ხალხს...რა უმადურობაა რა ხდება?..ეს ადამიანი, ამ სტატიის ავტორზე ვიძახი, გამოირჩევა არაადეკვატურობით..რა დამავიწყებს, ვიტ ჯორჯია ჩემპიონი რო გახდა, ერთ ნომერში აკრიტიკებდა და მერე მუმლაძის ფანატად გადაიქცა...(თუ რამე სვიგონებ მოიძიეთ ლელოს არქივები)...რაც შეეხება ნაკრებს...ჩემამდე არ დადის რა მიზანი შეიძლება ქონდეს გუნდს გამარჯვების გარდა????...და მაინც კრიტიკა???...ვინმეს დაავიწყდა "ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ"-პრინციპი...არ გვინდა ბატონო ეს "კარგად თამაში"....ბრაზილია ვართ თუ არგენტინა???...გამარჯვება გვინდა ჩვენ გამარჯვება , ხოდა აცალეთ რა ამ კაცს...ნუ ბოდავთ და ნუ "ვითომ პროფესორობთ"...არ იცით თქვენ თქვენი საქმე...არა....უნიჭოები და არა პროფესიონალები ხართ....
malkhazi
10 თებერვალი 2011 16:13
0
ბიჯო რა გინდატ ამ ბიცჰებტან მოიგეს ხომარ წააგეს რას აკრიტიკებთ ჯერ ერტი ტესტ ტამაში იყო მერე მოვიგეთ ფეღბურტელები გამოცადა ახლი კაცმადა საერთოდ ქეცბაიას ვენაცვალე იმედი დაგვიბრუნა მან და ამ ბიჭებმა რატო უკარგავთ ამ ყველაფერს ამ კაცს და ამ ხალხს ასეთი უმადურები და მაქსიმალისტები და ყოვლად განათლებულები თუ ხართ გეშველათ ჩვენი გუნდისთვის თემურიმდე ნუ მტრობთ ბიჭო ამ ბიჭს აცალეთ მუშაობა იგებს გუნდი ხოარ აგებს ჯერ იყოდა შეჭამეთ კაცი არ აგებს მაგრამ არც იგებსო ახლა იგებს და ასე რატო იგებსო რა გინდათ ვერ გამიგიათ 1 წელიწადში ბრაზილია ხორვატია ინგლისი და ასეთი გრანდები ერთი მეორეზე დავყაროთ? ფუი... ასეთ უმადურობას ქართველებია არ ვართ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ და მტრის გული გავახაროთ 1 გაზეთმა მაინც დაბეჭდოს სამადლობელი და არ მოუკლას გული ამდენი კრიტიკით ამ ბიჭებს ისწავლეთ ხალხო ერთობა რა გმერთი გაგიწკრატ სომხებს რომ მოეგოთ ალბად ძეგლებს დაუდგამდნენ ერევანში თუ ძეგლს არ დაუდგამთ ტკბი სიტყვა და მადლობა მაინც უთხრათ ამ ხალხს. უფალო შეგვეწიე და დაგვიფარე ასეთი ფსევდო პატრიოტი და არა პროფესიონალი ხალხისაგან. გენაცვალე თემურ და ყველას ვინც ამ მოგებაში წვლილი შეიტანა უფალი იყოს თქვენი შემწე და მოთმინება მოგცეთ ასეთი უსამართლობების ატანის არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოში ვცხოვრობთ სიკვდილის შემდეგ რომ აფასებენ და ხედავენ ხალხის ნამოღვაწარს მადლობა ყველაფრისთვის ძმებო .
VENDETA
10 თებერვალი 2011 13:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული