ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.
აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან, შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.
ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).