[ოთხშაბათის საკითხავი] ვათამაშოთ, წუთით მაინც ვათამაშოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ადგას, მაგრამ ქართულ ფეხბურთში არის სხვა მწვავე თემაც და ეს თემა უკავშირდება დონეცკის "შახტარის" ჩვენებურ ტალანტს, გიორგი არაბიძეს...

გიორგი არაბიძის კარიერა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო დროს ისე ვერ აეწყო, როგორც ამას ყველა ვისურვებდით. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენი წერილის მთავარი თემა ეს არ არის. ამ წერილის მიზანია, მცირე წვლილი მაინც შეიტანოს საქართველოსთვის ამ ტალანტის შენარჩუნების საშურ საქმეში.

მოკლედ გავიხსენოთ დღევანდელი ვითარება: არაბიძეს არ უთამაშია საქართველოს მთავარ გუნდში, მისი გადაბირება კი
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რათა ის ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში ათამაშოს, მერე კი, თუ პროგრესი გაგრძელდა, ეროვნული გუნდის მაისურაც მოარგოს.

- გიორგი არაბიძე: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და არ მიწვევენ
- გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობენ, მაგრამ...

გარედან ისე ჩანს, რომ არაბიძე გამწყრალია საქართველოს ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელებზე. დაახლოებით ვიცი, რა და როგორ იყო ამ რთულ ამბავში. ისიც ვიცი, რომ არაბიძეს არ აქვს "ტკბილი და მურაბა" ხასიათი, მაგრამ... ამ თემას ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდებით.

ახლა კი დავწერ მთავარს - შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს არაბიძის თამაშის მანერა, მაგრამ რომელ ბანაკშიც უნდა იყო, აუცილებლად უნდა აღიარო: არაბიძე არის ტალანტი, გამოკვეთილი ინდივიდუალისტი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს თითქმის არ ჰყავს ასეთი ფეხბურთელები. ის კი არა, მათი რაოდენობა ევროპულ ფეხბურთშიც მცირდება.
ასეთი ფეხბურთელი, როგორი ხასიათისაც უნდა იყოს ის, არ უნდა დაიკარგოს საქართველოსთვის. მერე, უკრაინის ნაკრებში რომ წარმატებას მიაღწიოს, ყველა ხომ ვიგრძნობთ სინდისის ქენჯნას?

არაბიძე ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი და მის წარმოდგენაში აუცილებლად შეიცვლება ბევრი რამ. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელმაც მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს.

ჩემთვის მიუღებელია საუბარი იმის თაობაზე, რომ გიორგი კარგა ხანია, ელის საქართველოს ნაკრებში გამოძახებას. მე ამ საუბარში შეფარულ მუქარასა თუ შანტაჟს ვხედავ - ან დამიძახეთ ახლავე ნაკრებში, ან ჩემ გზას ვიპოვიო!

გიორგის არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას ჯერ არაფერი ღირებულისთვის არ მიუღწევია და არის დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასე მსჯელობა და ლაპარაკი. არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ წლების წინ უკვე ვნახეთ საქართველოს ნაკრებში უწვერული ჭაბუკების თამაში და მერე იმ მართლა ძალიან კარგი თაობიდან ვეღარავინ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორიც უნდა ეთამაშათ.

მართალია, ამ ამბავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ნაადრევად მოხდა ამ ფეხბურთელების დაწინაურება ეროვნულ გუნდში. ბიჭები ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდნენ, ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც იტვირთებოდნენ და ბუნებრივია, თავიანთ კლუბებსაც ეხმარებოდნენ.

ფეხბურთში ყველაფერს თავისი დრო აქვს და ძალიან ხშირად მოვლენების დაჩქარებას დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ამის მაგალითი მრავლადაა ქართულ ფეხბურთში და ამ მაგალითებისთვის შორს წასვლა სულაც არ გვჭირდება.

მეორე საკითხია ის, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრა დღეს ძალიან გაიოლებულია. საკმარისია, ერთი-ორი მატჩი ჩაატარო და უკვე ეროვნულ გუნდში მოხვედრის პრეტენზია გიჩნდება. მიზეზიც ადვილი საპოვნელია - დღეს ჩვენს ქვეყანაში იმის ნახევარი კვალიფიციური ფეხბურთელიც კი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო. არაერთ დიდებულ ოსტატს დაუსრულებია საფეხბურთო კარიერა ისე, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ მიუღია.

მაგალითად, მე, ერთი მხრივ, მიკვირს და მეორე მხრივ, ვხვდები, რატომ არ მიეცა ხეირიანი სანაკრებო შანსი გიორგი ანჩაბაძეს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმ დროს საქართველოს ნაკრებს ჰყავდა გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული...

ჩემი პირადი აზრია: სანაკრებოდ მეტი შეეძლოთ ზაზა ჯანაშიას, გიორგი დემეტრაძეს, მიხეილ აშვეთიას... ისე მოხდა, რომ ეროვნულ გუნდში არსებულმა დიდმა კონკურენციამ დაღი დაასვა ამ მოთამაშეების სანაკრებო კარიერას. ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.

ახლა კი სხვა დროა, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, არაბიძეს არ უხდება ასე ლაპარაკი. ეს სხვა თემაა. საერთოდ, მგონია, რომ ამ ისტორიის ყველა მონაწილე ბეწვის ხიდზე გადის. მათ შორის ჩვენც, ჟურნალისტებიც, ამ უფაქიზეს თემაზე რომ ვწერთ.

გამოსავალი კი ამ ჩიხიდან ბევრი არ არის და, ალბათ, მხოლოდ ერთია: ვათამაშოთ საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძე. თუნდაც, მხოლოდ ერთი წუთით. ამით, უკრაინელებს მისი გადაბირების საშუალებას მოვუსპობთ და ტალანტსაც შევინარჩუნებთ.

მჯერა, მოვა დრო და არაბიძე აუცილებლად გახდება საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მანამდე კი, ამ გზის გარდა, სხვა გზა არ ჩანს. ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს დასაკარგი არაბიძე, ჩვენ არ გვემეტება ის სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის ნაკრებისთვის.

საერთოდ, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი, მით უმეტეს - გიორგი არაბიძის დარი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
საღოლ FEOLA!...ამაზე კარგად ვერ დაწერ! გმადლობთ.
murtalo
01:03 02-10-2016
0
არაბიძეს ხო ვკარგავთ პატარაა უხასიათოა დუბლებსია დაატასი სისულელე მაგრამ ჭანტურიას რაღას ერჩიან დავიჯერო ურალზე მაგარი გუნდები გვყავს აქ ეს ბიწი იქაა ძირითადში უკვე თან ახალი გადასულია. რავიცი ძმაო ლოგიკა აქ არაა და ალბათ სხვა რამეშია საქმე
ნიკა
17:07 29-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული