დავლაგდით და კიდევ მოვუმატებთ! თენგიზ სულაქველიძე ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი კვლავ ყურადღების ცენტრშია. მართალია, ირლანდიიდან და უელსიდან ერთი ქულით დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი უმთავრესი გუნდის თამაშის ხარისხმა შემდგომი პროგრესის იმედი ჩაგვისახა. ახლა მთავარია, ნაკრებმა გეზს არ გადაუხვიოს...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ირლანდიურ-უელსური პერიპეტიების შეფასება თბილისის "დინამოს" გამორჩეულ საყრდენ ნახევარმცველსა და ლეგენდას,  თენგიზ სულაქველიძეს ვთხოვეთ...

- ამ ორი მატჩის შეფასებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვითამაშეთ ბრიტანული სტილის გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ახლა აღმავლობას
განიცდიან. ეს განსაკუთრებით ითქმის უელსზე. ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა ამ გუნდის რეალური ძალა. ბრიტანელებმა ხომ იქ ნახევარფინალში ითამაშეს და, რაც მთავარია, ეს შემთხვევით არ მომხდარა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რემზისა და ალენის სახით მათ დიდი ძალა დააკლდათ, მაგრამ საკითხს თუ ასე მივუდგებით, მაშინ ჩვენც გვქონდა დანაკლისი.

Sportall.Ge

საერთოდ, საქართველოს ნაკრები თითქმის ვერასოდეს თამაშობს ოპტიმალური შემადგენლობით. ახლაც ასე არ იყო? სულ მცირე, 5 ფეხბურთელი გვაკლდა ძირითადი შემადგენლობიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრომლემაა. ამის მიუხედავად, ნაკრებმა შეძლო მობილიზება და აჩვენა ის თამაში, რომელსაც ველოდით.

პირდაპირ ვიტყვი: იღბალი ცოტა მეტად რომ ყოფილიყო ჩვენკენ, ირლანდიაში არ წავაგებდით, უელსში კი მოვიგებდით კიდეც. რას ვიზამთ, ფეხბურთში ყოველთვის ვერ იღებ იმას, რაც გეკუთვნის. სამაგიეროდ, ამ შეხვედრებმა გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრები სწორი გზით მიდის და ეს სვლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მოკლედ, დადებითად ვაფასებ ჩვენი გუნდის თამაშს, შედეგი კი ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო.

- თქვით, რომ ნაკრები სწორი გზით მიდის. მაინც რა ტენდენციები დაინახეთ ამ ორ შეხვედრაში?
- ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ გამოჩნდა 2-3 ისეთი ფეხბურთელი, ვგულისხმობ ახალ ფეხბურთელებს, რომელთაც შეუძლიათ, წლების განმავლობაში დიდი სარგებლობა მოუტანონ ეროვნულ გუნდს. ადრე თქვენთვისაც მითქვამს და ახლა გავიმეორებ - არ შეიძლება, საქართველოში ფეხბურთელი არ იყოს! ამბობდნენ, პოტენციალი არ გვაქვსო. როგორ არ გვაქვს?! გვაქვს, უბრალოდ, ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ სულ უნდა ეძებო ახალი ფეხბურთელი, თუნდაც, ეროვნული ნაკრების დონეზე.

დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დავლაგდით, ახლა უნდა გაგრძელდეს პროგრესი და მჯერა, ნაკრები კიდევ მოუმატებს.

- მცველადაც გითამაშიათ და ნახევარმცველადაც. ამიტომ მინდა, ცალკე გკითხოთ ოთარ კაკაბაძესა და ვაკო გვილიაზე...
- ცოტა შორიდან დავიწყებ. გადახედეთ ამ ბიჭების ასაკს ან თუნდაც იმ ფეხბურთელების ასაკს, რომელთაც გუნდის ლიდერებად მივიჩნევთ. სიმართლე გითხრათ, ცალკე სტატისტიკა არ მიწარმოებია, მაგრამ თუ ჩვენი ფეხბურთელების საშუალო ასაკს დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში პერსპექტივა ჩანს. 23-24 წელი ის ასაკია, როცა ფეხბურთელი უმატებს და უმატებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ჩვენი ბიჭების შემთხვევაშიც...

რაც შეეხებათ კაკაბაძისა და გვილიას თამაშს, ჩემი შთაბეჭდილება დადებითია. ამ ორ ახალგაზრდას ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობოდა. არადა, ნაკრებში თამაში სულ სხვა სიმაღლეა, სხვა დატვირთვაა...

- ამ ორ შეხვედრაში გუნდის ლიდერად აშკარად გამოჩნდა თორნიკე ოქრიაშვილი. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- დიახ, უნდა დაგეთანხმოთ. თორნიკე ოქრიაშვილს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ იყოს ნაკრების ლიდერი. მისი თამაში მე კარგად ვიცი და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობების ფეხბურთელი. მას შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე თამაში და მჯერა, ის ბოლომდე ამოწურავს თავის შესაძლებლობებს.

საერთოდ, არ მიყვარს ვინმეს გამოყოფა, უბრალოდ, ვიტყვი ლევან მჭედლიძეზე. მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამ თამაშებშიც გამოჩნდა, რამხელა ძალაა ის საქართველოს ნაკრებისთვის. მისი ყოფნა მინდორზე ჩვენს გუნდს სულ სხვანაირს ხდის - მოწინააღმდეგისთვის უფრო საშიშს.

- კი ბატონო, მჭედლიძემ საერთო ჯამში კარგად ითამაშა, მაგრამ... უელსთან ის მომენტი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა...
- რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ის გოლი რომ გაეტანა, მაგრამ სანამ არსებობს ფეხბურთი, იქნება ასეთი მომენტებიც. ხომ ვიცით, რომ იმ სიტუაციაში ლევანს ყველაზე ძალიან უნდოდა გატანა? ერთადერთი, რაც მას ხელს უშლის მართლაც დიდი პოტენციალის გამოვლენაში, ეს არის ტრავმები. მჯერა, ის საბოლოოდ დაამარცხებს ამ ტრავმებს, რადგან სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

- ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრების თამაშში პერსპექტივას ხედავთ...
- დიახ, ნამდვილად ვხედავ. ჩემი აზრით, ეს არის თაობა, რომელსაც რეალურად შეუძლია, გაგვახაროს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ბიჭების პოტენციალი და ასაკი.

- ნაკრებს აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი და ჩვენი გუნდის თამაშში არ არის სპონტანური მოქმედებები. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? და საერთოდ, რას იტყვით ვლადიმირ ვაისზე?
- ვაისი გაეცნო ქართულ რეალობას და ალღო აუღო. ამის თქმა უკვე თამამად შეიძლება. ის კარგი, მოფიქრალი მწვრთნელია და არც ექსპერიმენტებს ერიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ ბლოკავთ სიმართლეს
ელკიაერ ლარსენი
11:54 15-10-2016
0
სულაქველიძე მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო.ევროპაში რომ გაეშვათ მაშინ ერთერთ ტოპ ჩემპიონატში გამორჩეული იქნებოდა.უფრო ალბათ როგორც მცველი.
jumber
10:06 15-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული