10 ივნისს საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!

AutoSharing Option
10 ივნისს, 18:00 სთ-ზე ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" და თსუ დაუპირისპირდებიან.

ამასთან დაკავშირებით, 9 ივნისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში წინასაფინალო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც გუნდების მწვრთნელებთან და კაპიტნებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი ზაალ ჩიტალაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალს ოფიციალური წარმდგენი ეყოლება და ეს კომპანია "ევროპაბეთი" იქნება, რომელიც ფინალური შეხვედრის წინ ფსონებს მიიღებს.

პარასკევს გასამართ ფინალამდე გაირკვევა მესამეადგილოსნის ვინაობაც. ბრინჯაოს მედლებისთვის
"აფხაზეთი" და "თბილისი" იბრძოლებენ. ეს შეხვედრა 16:00 სთ-ზე დაიწყება.

Sportall.Ge

ლევან კობიაშვილი: "ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ფუტსალის განვითარებას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამისათვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ხელშეწყობა მაქსიმალურად გაგრძელდება.

სასიხარულოა, რომ პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, სპორტის ამ სახეობაში ჩაერთო კომერციული სექტორიც. ეს აქტივობა ამ სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. აქვე მინდა წარმატებები ვუსურვო ხვალ, ფუტსალის ლიგის ფინალში მონაწილე გუნდებსა და გულშემატკივრებს, რადგან ქომაგების როლი ძალიან დიდია და მათ გარეშე წარმოუდგენელია სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარება".

ზაალ ჩიტალაძე: "თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ გათამაშებას ღირსეული ფინალისტები ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ტრიბუნაზე მოსული გულშემატკივარი საინტერესო ფინალს იხილავს, რომელიც არამარტო საფეხბურთო თვალსაზრისით იქნება საინტერესო.

აუცილებლად გამორჩევის და აღნიშვნის ღირსია კომპანია "ევროპაბეთის" მონაწილეობა ამ ყველაფერში, რომელიც ფინალური შეხვედრის წარმდგენად მოგვევლინება. პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, გულშემატკივარს საშუალება ექნება, საყვარელ გუნდზე ფსონი დადოს და დამატებითი აზარტით უგულშემატკივროს მას.

ვფიქრობ, ეს არის სასიამოვნო სიგნალი იმისა, რომ კომერციულმა სექტორმა აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს სპორტთან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყანაში სპორტის, ისე ამ შემთხვევაში ქართული ფუტსალის შემდგომი განვითარებისთვის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული