შოთა ჯანოს "სპარტაკიდან" მალე წასვლას არ ურჩევს

AutoSharing Option
ამ ინტერვიუს კითხვისას ამსტერდამის "აიაქსისა" და მოსკოვის "სპარტაკის" ევროპის ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის შედეგი უკვე გეცოდინებათ, ვალერი კარპინის გუნდმა სტუმრად ალექსის ერთადერთი გოლით იმარჯვა, თამაშამდე კი რუსული "სოვეტსკი სპორტი" "აიაქსის" ძველ; ვარსკვლავ შოთა არველაძეს შეეხმიანა.

- "აიაქსისა" და "სპარტაკის" ბოლო შეხვედრიდან საკმაოდ დიდი დროა გასული და ბევრი რამ შეიცვალა - თუ 1998 წელს ქართველი "აიაქსის" ფეხბურთელი იყო, ახლა ჩემი თანამემამულე "სპარტაკის" ღირსებას იცავს.
- ჯანო ანანიძეს უქომაგებთ თუ იმ კლუბს, რომლის შემადგენლობაშიც.
- "აიაქსში" ჩემი არაერთი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი
მუშაობს, მაგრამ ყველაზე მეტად ანანიძის წარმატება მსურს. იგი ხომ დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახეა. "აიაქსისა" და "სპარტაკის" შეხვედრაში კარგ ფეხბურთს ვუგულშემატკივრებ.

- მასმედია ანანიძეს კარიერის ძლიერ ევროპულ კლუბში გაგრძელებას უწინასწარმეტყველებს. როგორც უფროსი მეგობარი, რას ურჩევდით ჯანოს – მალე მიაშუროს სხვა ქვეყანას თუ "სპარტაკიდან" წასვლა არ იჩქაროს?
- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ "სპარტაკი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ჯანო დასავლეთ ევროპაშიც გაიბრწყინებს, ახლა კი ჯობია, "სპარტაკში" დარჩეს და იქ გამოავლინოს თავისი კლასი. სხვა დონეზე თამაშის შანსი კი აუცილებლად მიეცემა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების კლუბებს შორის "სპარტაკის" თამაშის სტილი ქართველი ფეხბურთელების მანერას ყველაზე კარგად შეესაბამება და მიკვირს, მიხეილ მესხი-უმცროსის შემდეგ ჩემს სხვა თანამემამულეებს ამ კლუბში კარიერა რომ ვერ აეწყოთ.

- დღევანდელი "აიაქსი" ძალიან განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელიც 1998 წელს "სპარტაკმა" დაამარცხა?
- სხვაობა უდიდესია. ამჟამინდელისგან განსხვავებით, მაშინდელი "აიაქსი" ხომ სისტემატურად ხდებოდა ჰოლანდიის ჩემპიონი და ევროპაშიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო. უფრო ძლიერი იყო "სპარტაკიც", ოლეგ რომანცევის განკარგულებაში ფეხბურთელთა გამორჩეული თაობა იყო.

- "აიაქსის" "სპარტაკთან" დამარცხება ჰოლანდიისთვის შოკი იყო?
- დიახ, უეფას თასის მეოთხედფინალში განცდილი მარცხი ძალიან ცუდი შედეგი იყო გუნდისთვის, რომელიც მანამდე ჩემპიონთა ლიგაში მინიმუმ ნახევარფინალამდე მიდიოდა ხოლმე.

- რის ხარჯზე შეძლო რომანცევის გუნდმა "აიაქსის" ძლევა?
- საგოლე მომენტების მაქსიმალურად გამოყენებით. ჩვენ ჩვენი შანსები გოლებად ვერ ვაქციეთ, სპარტაკელმა შირკომ კი ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. ვაღიარებ, რომ "სპარტაკმა" დამსახურებულად გვაჯობა. მაშინ ოლეგ რომანცევმა თქვა, არველაძისნაირი თავდამსხმელები რუსეთში არ გვყავსო, რაც ძალიან მესიამოვნა.

- როგორ პროგნოზს გააკეთებდით "აიაქსისა" და "სპარტაკის" ახლანდელი დაპირისპირების წინ?
- "აიაქსი" ამსტერდამში ყოველთვის ძლიერად თამაშობს და "სპარტაკს" სერიოზული გამოცდა ელის. რუსეთში სეზონი ახლა იწყება და გუნდები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. "სპარტაკისთვის" ჰოლანდიაში ფრე კარგი შედეგი იქნება, მეოთხედფინალისტის დასახელება კი გამიჭირდება.

- თურქულ "ქაისერისფორში" როგორ მიგდით საქმეები?
- ჩემპიონატში ამჟამად მეოთხე ადგილზე ვართ და ევროსაგზურისთვის ვიბრძვით, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

- ახლახან თქვენი თანამემამულე ალექსანდრე ამისულაშვილი "ქაისერიდან" რუსულ "კრასნოდარში" გადავიდა.
- მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ცუდია, რომ ბოლო მომენტში დაგვტოვა და შემცვლელის პოვნა ვეღარ მოვასწარით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული