თემურ ფარცვანია: საქართველოს ჰიმნი რომ გაისმა, ინსტინქტურად ავყევი

AutoSharing Option
თემურ ფარცვანია საქართველოშია, მოქალაქეობის აღსადგენად საჭირო პროცედურებს ამთავრებს და იმედი აქვს, მალე "ჯვაროსნებშიც" ითამაშებს.

დონეცკის "ოლიმპიკის" მცველთან ინტერვიუ ჩავწერეთ. რეალურია თუ არა მისი საქართველოს ნაკრებში თამაში, რა სტადიაშია საკითხის განხილვა და სად იწვევდნენ ზაფხულში?

25 წლის მცველი "ლელოს" ამ და სხვა საინტერესო თემებზე ელაპარაკა...

- ტრავმის გამო, უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ნაწილი ვეღარ დაასრულეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- ბევრად უკეთ და იმედი მაქვს, მოედანს ზაფხულში დავუბრუნდები.

- სერიოზული ტრავმა გქონდათ?
- "პოლტავასთან" მატჩის დროს მუხლში ფეხი მომარტყეს. ძალიან მტკივნეული იყო,
მაგრამ სერიოზულად არ მივიღე და თამაში გავაგრძელე. ტკივილები მხოლოდ იმ თამაშის შემდეგ გამართულ პირველივე ვარჯიშზე ვიგრძენი და მივხვდი, რომ ასე საქმეს გავირთულებდი. მას შემდეგ ვმკურნალობდი და ახლა რეაბილიტაციას გავდივარ.

- არახალია, რომ საქართველოს ნაკრებში თქვენი თამაშის შესაძლებლობა განიხილება. მოქალაქეობა ჯერ არ დაგიბრუნებიათ?
- ჯერ არა, მაგრამ ეს ჩემი დიდი სურვილია და წესით, პროცესი მალე უნდა დასრულდეს. პასპორტის აღება და საქართველოსთვის თამაში ჩემი ოცნებაა...

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსაც შევხვდი. ის დაინტერესებულია, მოქალაქეობა რაც შეიძლება დროულად მივიღო. საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია შესული... მოკლედ, ყველანაირად მეხმარება და ეს ძალიან მახარებს. იმედია, ფორმასაც მალე აღვიდგენ, პასპორტსაც მალე მივიღებ და საქართველოს ნაკრებშიც წელსვე ვითამაშებ.

- უცხო ქვეყნების ნაკრებებში ქართველების თამაში გულშემატკივრებში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. არადა, ორი აზრი არ არის, რომ უმრავლესობა ამას კარიერის ასაწყობად თანხმდება და, ალბათ, თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო...
- რეალურად, მართლაც ასეა. მაშინ არჩევანიც არ მქონდა.

- არჩევანი რატომ არ გქონდათ?
- უკრაინაში 14 წლისა ჩავედი და კიევის "დინამოს" აკადემიის შემდეგ "დინამო 3-ში" ჩავირიცხე. ასაკობრივ ტურნირებში უკრაინის პასპორტის გარეშე ვერ ვითამაშებდი. მერე ყველაფერი ისე აეწყო, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, საქართველოს ახალგაზრდულში რომ მიმიწვიეს, უკრაინის 21-წლამდელებში მქონდა ნათამაშები და სხვაგან თამაშის უფლება არც მქონდა.

მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები უკრაინის, რადგან ბევრი რამ მომცა და კარიერის აწყობაში დამეხმარა. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყნის სახელით 2009 წელს 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გავხდი. ასეთ ტიტულზე ნებისმიერი ბიჭი ოცნებობს. მაგრამ სულ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობდი და გული მწყდებოდა, ამის საშუალება რომ არ მქონდა.

- თუმცა, როგორც მახსოვს, ჩვენი ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ გითამაშიათ და გოლიც გაგიტანიათ...
- დიახ, ასე იყო. ეს ამბავი 2009 წლის ოქტომბერში, შვედეთში მოხდა, სადაც 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის თამაშები ტარდებოდა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე და ის შეხვედრა უკრაინამ ჩემი გოლით 1:0 მოიგო.

- უკრაინის 19-წლამდელებში ორი ციკლი ითამაშეთ?
- კი, ორი ციკლი გამოვიდა. ჩემპიონები რომ გავხდით, ერთი წლით უფროსებში ვთამაშობდი. საქართველოში მაშინ ჩემი მეგობრები თამაშობდნენ - ნიკა კვეკვესკირი, ნიკა ძალამიძე, ლუკა გუგუჩია, ირაკლი შეყილაძე... (იცინის) სხვათა შორის, თამაშამდე ამის გამო კურიოზიც შემემთხვა: საქართველოს ჰიმნი რომ გაისმა, ინსტინქტურად ავყევი. გულში რაზეც ვფიქრობდი და ვოცნებობდი, უნებლიედ გამოვამჟღავნე.

- დონეცკის "ოლიმპიკში" თქვენი თანაგუნდელი ზაურ მახარაძეც უკრაინის მოქალაქეა. მასზე რას იტყვით?
- ძალიან მაგარი მეკარეა, მშვენიერი რეაქცია აქვს და საიმედოდაც თამაშობს. ახლახან დასრულებულ სეზონში ბევრჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

- ...საქართველოში კი ბევრი უკრაინელი ლეგიონერი ჩამოვიდა. როგორც ვიცით, თბილისის "დინამოს" მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოსთან ერთად გითამაშიათ...
- არა მხოლოდ მითამაშია, ის ჩემი მეგობარია. ლიტოვჩენკო არა მხოლოდ კარგი მეკარეა, ძალიან მაგარი ადამიანიცაა. ჯერ ლუცკის "ვოლინში" ვიყავით ერთად, მერე - "ოლიმპიკში".

- ვიცი, რომ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს დაესწარით. შელამაზების გარეშე გვითხარით, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- "შუქურასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაზე ვიყავი და საქართველოს ჩემპიონატს ისედაც ვადევნებ თვალს. არ დავმალავ, პირველი თვალში ეს მომხვდა - ფეხბურთელები ცოტას მოძრაობდნენ. შესაძლოა, იმ დღეს სიცხე იყო და ასეთი შთაბეჭდილება ამიტომაც დამრჩა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კუთხით პრობლემებია, ისევე, როგორც სათამაშო დისციპლინაში. ესეც არ იგრძნობოდა. უკრაინაში თუ არ ირბენ და დაცვას არ დაეხმარები, უცებ შეგცვლიან. ხშირია ბურთის დაყოვნება, 2-3 კაცის მოტყუების მცდელობა... ასეთ ფეხბურთს ბრაზილიელებიც აღარ თამაშობენ და ცდილობენ, კართან დროულად მივიდნენ.

მეორე მხრივ, "დინამოსა" და "სამტრედიას" თამაში ძალიან მომეწონა - ტემპიც კარგი იყო, ხარისხიც, შესრულებაც და ბევრი რამ. მოკლედ, ორი-სამი გუნდი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ მოძრაობენ და სათამაშო დისციპლინას არღვევენ.

- უკრაინულ ფეხბურთზეც გკითხავთ. როგორც ვიცით, რუსული აგრესიის შემდეგ კლუბებს ფინანსურად გაუჭირდათ...
- სამწუხაროდ, კიევის "დინამოსა" და "შახტარის" გარდა, ყველა გუნდს უჭირს. ახლა ადრინდელი ხელფასების მეხუთედს თუ იღებენ. ვიცი ფეხბურთელები, ხელფასი 50 ათასი დოლარი ჰქონდათ და ახლა ათჯერ შეუმცირდათ, შესაძლოა, უფრო მეტადაც.

- სეზონი დასრულდა. "ოლიმპიკში" რჩებით თუ ახალ გუნდში გიხილავთ?
- კონტრაქტი ივლისში მიმთავრდება. საბერძნეთიდან და რუსეთიდან კარგ ვარიანტებს მთავაზობდნენ და რომ არა ტრავმა, დიდი ალბათობით, წავიდოდი კიდეც. ახლა გადასვლაზე ლაპარაკი უადგილოა, რადგან ჯერ ფორმა უნდა აღვიდგინო. თუმცა მენეჯერი მაიმედებს, მაინც არ დაგტოვებ ისე და კარგ გუნდში გადაგიყვანო. თუმცა, მეორე მხრივ, ზაფხულიდან "ოლიმპიკი" ევროპის ლიგაზე ითამაშებს და ამ დონეზე გამოსვლა საინტერესო იქნება. მთავარია, მანამდე ფორმაში ვიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მახარაძეც წამოსაყვანია, ფაქტიურად მაკარიძის იმედად დავრჩით
vaso
10 ივნისი 2017 13:51
0
რა გახდა ამ ბიჭისთვის ერთი პასპორტი, რამდენი ხანია მესმის რომ, ჩვენს ნაკრებში უნდა თამაში.ვიღაც გადამთიელებს კი აძლევენ მალე.
კახა ქირია
10 ივნისი 2017 12:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული