გიორგი ჭანტურია – ჩელსი ან ბარსელონა

AutoSharing Option
მცირე ხნის წინ მერაბ ჟორდანიასა და რომან აბრამოვიჩის საფეხბურთო პატნიორობის გეგმებზე ვწერდით. ამ სტატიაში ვახსენეთ ინფორმაცია, რომლის დაზუსტებას მიზეზთა გამო მოვერიდეთ: ამ პარტნიორობის შედეგად, შესაძლოა, ლონდონის ~ჩელსიში” ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გადასვლაც აღმოჩნდესო.

ჩვენ ველოდით მოლაპარაკების შედგებს, რადგან მოლაპარაკება საკითხის ავტომატურად გადაწყვეტას არ ნიშნავს. საბოლოოდ, ცნობილი გახდა – საუბარი იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერ გიორგი ჭანტურიაზე. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში  საფეხბურთო სკოლა ~საბურთალომ” (ამჟამად ~ოლიმპმა”) ~ბარსელონაში” გაანათხოვრა.

~ჟუვენირ ბ”-ში ჭანტურიამ თავი გამოიჩინა და ხოსეპ გვარდიოლამ რამდენჯერმე გრანდის მთავარ
გუნდში  მესის, ხავის, ინიესტას და თანავარსკვლავედის გვერდით ავარჯიშა. გიორგიმ ბოლივიის ჩემპიონ ~ბოლივართან” საკონტროლო მატჩი შეცვლაზე ითამაშა და თერთმეტმეტრიანით გოლი გაიტანა – სხვათა შორის, ამ ეპიზოდში ბოიან კრკიჩს ქართველის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოს შესრულება სურდა, მაგრამ ჭანტურიამ ბურთი გამოართვა და თავად გაიტანა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებსა და ~ბარსელონას” ასაკობრივ გუნდში გამოსვლით სელექციონერებისა და სერიოზული კლუბების ინტერესი დაიმსახურა. პეტერბურგის ~ზენიტმა” მოსალაპარაკებლად წარმომადგენელი თბილისში გამოაგზავნა, მენეჯრებმა ~ეინდჰოვენი” დააინტერესეს – ლაპარაკი გიორგის ჰოლანდიელთა მთავარ გუნდში აყვანაზე იყო, კონტრაქტს პრიმერადივიზიონის ~ვალენსიაც” სთავაზობდა, მაგრამ ~ბარსელონა” ის მაშტაბია, რომელის შემდეგაც ფეხბურთელის ინტერესს ასეთი კლუბებიც ვერ იწვევს.
ჩაირიცხება თუ არა გიორგი ჭანტურია ~ჩელსიში”, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუმცა, ლონდონელი ~არისტოკრატები” ნიჭიერი ქართველის აყვანაზე სერიოზულად ფიქრობენ.

გიორგის დატოვება კატალონიურ გრანდსაც სურს და ფეხბურთელსა და ~ოლიმპს” კონტრაქტის გახანგრძლივება და უფრო მაღალ დონეზე, ~ჟუვენილ ა”-ში თამაში შესთავაზეს. მთავარია, ლონდონელებთან მოლაპარაკება როგორ დასრულდება და ინგლისელები რომელ გუნდში ჩარიცხვას უპირებენ.

ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება – ან ~ბარსელონა”, ან ~ჩელსი”. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი არჩევანია, რომელსაც ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელი ინატრებდა. საფეხბურთო კლუბ-აკადემია ~ოლიმპში” (რუსთავის ~ოლიმპში” არ აგერიოთ) კი ჯერ-ჯერობით შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებენ და მიზეზად აღებულ სტრატეგიულ კურსს ასახელებენ – ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილ საქმეებსა და ტრანსფერებზე ვლაპარაკობთო.

აქვე ვიტყვით, რომ ბოლნისის ~სიონთან” კლუბის მოლაპარაკებები შეწყდა. როგორც ცნობილია, ~სიონის” მეპატრონე ~მადნეული” ~ოლიმპს” კლუბის მენეჯმენტის გადაბარებას სთავაზობდა.

~ჩვენთვის ეს სასიამოვნო შეთავაზება გახლდათ. თუმცა, ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ და მიზეზთა გამო, კლუბში მისვლაზე თავი შევიკავეთ. სეზონის დაწყებამდე მცირე დრო რჩება, გუნდს მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია, სასურველი მოთამაშეების შესარჩევად, ძველი და ახალი ფეხბურთელების შესარწყმელად და ა.შ. დრო არ გვყოფნიდა. ასე კი შარშანდელ ჩემპიონატში ~სიონის” ნაჩვენებ შედეგს ვერ გავაუმჯობესებდით და ბოლნისელ გულშემატკივარსა და მათ, ვინც წინადადებით მოგვმართა, იმედებს ვერ გავუმართლებდით. მის გამო თავი შევიკავეთ, თუმცა, ვიმეორებ, ეს ჩვენთვის საპატიო შეთავაზება გახლდათ”, - გვითხრა ~ოლიმპის” გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

 ~ოლიმპის” ხელმძღვანელობა საბოლოოდ ისევ რუსთავის ~ოლიმპის” პარტნიორობას დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, გიორგი დევდარიანის ~საბურთალოს” ფეხბურთელები რუსთავის ~ოლიმპის” დუბლშემადგენლობაში ითამაშებენ, საფეხბურთო აკადემიის სხვა გაზრდილები კი - ჭაბუკთა ლიგის ერთ-ერთ ასაკობრივ ტურნირში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული