"შალკემ" ლევან ყენია ტრანსფერზე დააყენა

AutoSharing Option
ლევან ყენიას გამოჯანმრთელება აგვისტოსთვისაა ნავარაუდევი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, იმ დროისთვის ქართველი ტალანტი არა "შალკეს", არამედ სხვა კლუბის წევრი იყოს.

"ბილდის" ინფორმაციით, "შალკე" რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის ყენიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

უსიამოვნო ამბავია, მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ ლევანი მწყობრში დროულად ჩადგეს. ოღონდ ეგაა, ისეთ გარემოში უნდა იყოს, სადაც თავის გამოჩენის შანსს მისცემენ. სანამ ჯანმრთელად იყო, ფელიქს მაგათისგან ნდობა არ აკლდა, თუმცა მაგათი "შალკეში" აღარ არის და, როგორც ჩანს, ყენია ახლანდელი სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედის.

ძნელია, ახალგამოჯანმრთელებული ფეხბურთელით, რომელსაც 2009 წლის შემოდგომის შემდეგ აღარ უთამაშია, "შალკეს" დონის კლუბი დაინტერესდეს, მაგრამ, ოღონდ ტრავმებმა აღარ შეაწუხოს და, გვჯერა, ლევანს ისევ გამოუჩნდება კარიერული წინსვლის პერსპექტივა. მანამდე კი მისთვის არც შედარებით მოკრძალებულ გუნდში თამაში უნდა იყოს დრამა.

შეიძლება, ფორმის აღსადგენად ეს უკეთესიც კი აღმოჩნდეს. ყენია ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მისი "შალკედან" წასვლის სურვილის შესახებ მაშინაც ვრცელდებოდა ხმები, როცა ჯანმრთელად იყო.

შეგახსენებთ, ყენია "შალკეში" 2007-08 წლების სეზონის მსვლელობისას გადავიდა და სანამ დაშავდებოდა, ბუნდესლიგაში 11 მატჩის ჩატარება, გერმანიის თასზე კი 2 შეხვედრის გამართვა და ერთი გოლის გატანა მოასწრო. მოედანზე ამ წლის დასაწყისში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ "შალკეს" შეკრებაზე ისევ დაშავდა და კვლავ საოპერაციო შეიქნა.

ყენია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრია - სანაკრებო დებიუტი 16 წლისას ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთი, მერაბ დატრიალდით და ეს ბიჭი არ დაკარგოთ
daviti
23:50 06-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული