საყრდენად დაწეული ჯაბა ლიპარტია: ისევ ჩემსას ვითამაშებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ფეხბურთელები, რომელთა სანახავადაც დადის ხალხი სტადიონზე. ამ მოთამაშეებს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, ან ერთი-ორი ლამაზი ილეთით მოსჭრიან ხოლმე თვალს ტრიბუნაზე მეჩხრად მყოფ მაყურებელს.

ასეთები დიდი ხნით აღარ ჩერდებიან საქართველოში და უცხოეთში აგრძელებენ თამაშს.

ჯაბა ლიპარტიაც ასეთი იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ვიტ ჯორჯიას" სათადარიგოებში იჯდა და რამაზ მუმლაძეს მეტწილად შეცვლაზე შეჰყავდა, მას უკვე იცნობდნენ და აფასებდნენ. ლიპარტიას შეეძლო, ჩიკორივით დატრიალებულიყო მეტოქის საჯარიმოში და მცველებისთვის თავგზა აებნია. მერე ის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა, შემდეგ
ლიდერადაც ჩამოყალიბდა და ერთხელ ექტორ კუპერმაც კი ათამაშა ეროვნულ ნაკრებში.

ერთი წლის წინათ კი ჯაბა უკრაინაში, ლუგანსკის "ზარიაში" გადავიდა. მისი გუნდი ამ დროისთვის გასავარდნ ზონაშია, თუმცა სეზონის წინ "ზარია" მაჩანჩალას როდი ჰგავდა.

"კარგად დავიწყეთ, მერე კი მსაჯებმა ისეთი რაღაცები გაგვიკეთეს, რომ საქმე დაღმა წაგვივიდა, ამას მოჰყვა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები და გუნდიც ფსიქოლოგიურად გატყდა. მწვრთნელიც შეგვეცვალა. ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა ძნელი აღმოჩნდა", - გვითხრა ლიპარტიამ.

ჯაბა "ვიტ ჯორჯიაში" შემტევად, მეორე თავდამსხმელად თამაშობდა და ამ საქმეს ჩინებულად ასრულებდა. ტექნიკის და კორპუსით კარგად თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი სარგებელი მოჰქონდა გუნდისთვის, "ზარიაში" კი მას მყის შეუცვალეს პოზიცია.

"გუნდის პირველივე შეკრებაზე საყრდენ ნახევარმცველად გამამწესეს. მას შემდეგ ამ პოზიციაზე ვთამაშობ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მერე კი ნელ-ნელა ალღო ავუღე ახალ ამპლუას და ახლა საყრდენ ნახევარმცველობას არაფერი მირჩევნია. "ზარია" ორი საყრდენით თამაშობს, რაც საშუალებას მაძლევს, ხშირად წავიდე წინ. მოკლედ, ახალი პოზიციით უფრო მაქვს იმის საშუალება, რომ თამაში მე წავიყვანო", - განმარტავს ლუგანსკელთა ქართველი.

"ზარიაში" ჯაბას გარდა კიდევ ოთხი ლეგიონერია - სერბი, სლოვაკი, კოტდივუარელი და განელი. ლიპარტიამ გვითხრა, რომ ლეგიონერთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, "ზარიას" ზამთარში სამი თურქული შეკრება ექნება და გუნდი ხელახლა დაკომლექტდება.

ჯაბას თქმით, "ზარია" უკრაინის ჩემპიონატში ბოლოდან მეორე ადგილზე კია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კლუბს ფინანსურად უჭირს. მას მსაჯობაზეც ჩავეკითხეთ და ასე გვიპასუხა: "მსაჯებს დამკვირვებლები კი ჰყავთ, მაგრამ ხანდახან ისეთ რამეებს სჩადიან, უბრალოდ, სირცხვილია".

ლიპარტიამ უკრაინის ჩემპიონატის პირველი ოცი ტურიდან 18-ში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

"საერთოდ, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, მით უმეტეს, ახლა, როცა გუნდს ასეთი ცუდი შედეგი აქვს. სხვების გარდა, მეც მეტი მომეთხოვება, რათა თავი დავაღწიოთ გასავარდნ ზონას".

ჯაბას ტრივიალური კითხვაც დავუსვით, ანუ რამდენად რთულია საქართველოს ჩემპიონატიდან წასული ფეხბურთელისთვის უკრაინაში თამაში.

"რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მაღალი დონეა, მაგრამ, თუ საქართველოს ჩემპიონატში თავის გამოჩენას მოახერხებ, უკრაინაში თამაში აღარ გაგიჭირდება", - ასეთი იყო პასუხი.

სხვათა შორის, "ზარია" ლიპარტიათი ადრეც დაინტერესდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ გამოვიდა. "იმ დროს "ვიტ ჯორჯიას" საჩემპიონო ამბიცია ჰქონდა და ვფიქრობ, ამიტომ ვერ მოხერხდა ჩემი ტრანსფერი".

ლიპარტიამ ისიც გვითხრა, რომ ახლა უკრაინაში ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძეა, მაღალი აზრის არიან სანდრო კობახიძეზე, უჩა ლობჟანიძეზე, ჯაბა კანკავაზე, ყველა პატივს სცემს და აფასებს ვასო გიგიაძეს.

თემურ ქეცბაიამ ლიპარტია ორჯერ გამოიძახა ეროვნულ გუნდში, თუმცა მისი ხელმძღვანელობით ჯაბას ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

"ზარია" ახლა ცხრილის ბოლოშია, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით არც მაშინ ბრწყინავდა, როცა ქეცბაიამ გამომიძახა ხორვატიასთან საგარეო მატჩისთვის და სათადარიგოებში ვიყავი. ისევ ჩემს თამაშს ვითამაშებ და ვნახოთ, რა იქნება", - გვითხრა ლიპარტიამ და ვინ იცის, იქნებ, კუპერივით ქეცბაიამაც მისცეს მას სანაკრებო შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა წარმატებებს გისურვებ.
buti-47
16:03 03-01-2012
0

სიახლეები პოპულარული