რამდენ ხანს დარჩება შოთა არველაძე "ქაისერისფორში"?

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქაისერისფორი" შინ შენოლ გიუნეშის "ტრაბზონსფორს" 3:3 ეთამაშა - შოთა ყოფილი გუნდის და მწვრთნელის წინააღმდეგ.

"ქაისერი" ორჯერ იგებდა ორბურთიანი სხვაობით (2:0 და 3:1), მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

შოთას თურქეთში რომ შევეხმიანეთ, ჯერ ამაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.

"მეორე ტამში 3:1-ს რომ ვიგებდით, ჩვენი ფეხბურთელები მოეშვნენ, ბურთის გაგორება დაიწყეს, გულშემატკივარიც ოლე-ოლეს იძახდა და საქმე მომთავრებული ეგონათ.

"ტრაბზონსფორმა" ამით ისარგებლა, ერთი ბურთი რომ გაქვითა, იშტაზე მოვიდა და ანგარიშიც გაათანაბრა", - გვითხრა არველაძემ, ვისაც ამ შეხვედრის სხვა პერიპეტიებიც გამოვკითხეთ.

"მეტოქემ ნაცადი სისტემით, 4-3-3-ით ითამაშა, მატჩის ბოლოს კი გიუნეში რისკზე წავიდა და კიდევ ერთი თავდამსხმელი გამოიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ მოწინააღმდეგემ საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოიყენა, ჩვენ კი ბევრი შანსი გავფლანგეთ.

ამ სეზონში ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ, გასატანი კი ძნელად გაგვაქვს. ყველაფერი უფრო ინდივიდუალური შეცდომების ბრალია, ვიდრე მთლიანად გუნდის არაორგანიზებულობის.

რაც შეეხება გიუნეშს, თამაშის მერე აღარ მინახავს, მატჩის დაწყებამდე კი ერთი წამით შევხვდი და ძალიან მეგობრულად მოვიკითხეთ ერთმანეთი".

"ქაისერისფორი" თურქეთის თვრამეტგუნდა სუპერლიგაში ახლა მე-11 ადგილზეა და რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად იმად იბრძვის, რომ მერე იქნებ ევროსაგზურსაც გამოჰკრას ხელი.

რა მოხდება, თუ გუნდი ამ მიზანს ვერ მიაღწევს? დარჩება შოთა "ქაისერისფორში?

"რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა გაგვიჭირდება. თუ ამას ვერ შევძლებთ, ამოცანა შესრულებული ვერ იქნება და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბის ხელმძღვანელობა", - განგვიმარტა შოთამ.

"ქაისერისფორის" თავკაცმა ისიც გვითხრა, გამორიცხული სულაც არ არის, თურქული კლუბები ევროსარბიელის მიღმა რომ დატოვონო.

მოგეხსენებათ, თუ რამხელა სკანდალი აგორდა "ფენერბახჩეზე", რომლის დასჯას უეფა ითხოვს, თურქული ფეხბურთის მესვეურები კი "ფენერს" სუპერლიგიდან არ აგდებენ.

"ამ კლუბის სუპერლიგიდან გაგდება ძნელად მისაღები გადაწყვეტილებაა. "ფენერბახჩეს" უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე "ბაიერნს", "არსენალს" თუ "მანჩესტერს". ამ კლუბის სუპერლიგაში ყოფნა მარკეტინგული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია".

როგორ მორიგდებიან უეფა და თურქეთი, ცალკე საკითხია, ჩვენთვის უფრო საინტერესო იქ მოსაქმე ქართველი მწვრთნელის კარიერაა. "ქაისერს" ახლა რთული პერიოდი აქვს და ამოცანის შესასრულებლად ყველაზე უფრო გოლები ჭირდება, მეგოლე თავდამსხმელი კი ამ დროსითვის გუნდში არავინაა.

შეტევაში მთავარი კაცი ჩვენთან მაროკოელი ნორდინ ამრაბატიაო, გვითხრა შოთამ, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ გოლებით არ აფასებს თავდამსხმელს. ამრაბატს თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში ოთხი გოლის აქვს გატანილი, მის ავსტრალიელ თანაგუნდელ ჯეიმს ტროისის კი რვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული