ქართული გოლების სიმრავლე ევროპაში [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ბოლო დროს ძალიან იშვიათად ხდება, რომ უქმეები ქართული ლეგიონისთვის ასეთი წარმატებული გამოდგეს. ამჯერად კი ჩვენმა ერთბაშად რამდენიმე თანამემამულემ საკუთარი კლუბის შემადგენლობაში გოლი გაიტანა, რაც მართლაც გამოსარჩევი ამბავია.

თხრობა ამჯერადაც ლევან კობიაშვილით უნდა დავიწყოთ, რომელიც ბუნდესლიგურ რეკორდს უახლოვდება. კიდევ ხუთი მატჩი გერმანიის ჩემპიონატში და ვეტერანი ქართველი ლეგიონერთა შორის პირველ ბუნდესლიგაში გამართული შეხვედრებით რეკორდსმენი გახდება.

ლევანს 332 მატჩი დაუგროვდა, ბრაზილიელი ზე რობერტოს ანგარიშზე კი 336 შეხვედრაა. სხვა საქმეა, რომ კობიაშვილს ფეხდაფეხ მისდევს პერუელი კლაუდიო პისარო და თუ "ჰერტამ" მომავალ სეზონში ელიტაში ვერ
ითამაშა, პისარო ლევანის რეკორდს დაამხობს.

"ვოლფსბურგთან" მატჩი ბერლინელთათვის და ქართველისთვის ჩინებულად დაიწყო - კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე კობიაშვილმა სწრაფი გოლი გაიტანა (იხილეთ ვიდეო), თუმცა ამის შემდეგ მალევე გამოჩნდა, რომ ამ ორი გუნდის კლასს შორის დიდი სხვაობაა. "ვოლფსბურგმა" 4:1 გაიმარჯვა და "ჰერტა" გასავარდნ ზონაში ჩატოვა. თანაც, დედაქალაქელები სამშვიდობოზე მყოფ "ჰამბურგს" უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან.

ერთი სიტყვით, "ჰერტა" მძიმე მდგომარეობაშია და ოტო რეჰაგელის გუნდს მდგომარეობის გამოსწორება სასწრაფოდ მართებს.

მეორე ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა საგოლე პასი გააკეთა, ნიკოლოზ გელაშვილის მშრალი სერია კი გრძელდება.

კახა კალაძემ "ინტერი"-"ჯენოას" დრამატულ მატჩში სრულად ითამაშა. რუსეთსა და უკრაინაში ჩვენთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. თურქეთში კი აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორმა" სტუმრად "ბეშიქთაშს" სძლია და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა მცველმაც შეიტანა.

რაც შეეხება გოლების თემას: "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ პირველი ტაიმის ბოლოს "ალკმაართან" შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა (იხილეთ ვიდეო), დავით კვირკველიამ აელ-ის კარი მატჩის დებიუტში დალაშქრა, ვლადიმერ დვალიშვილმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა, აზერბაიჯანში გიორგი ბერიაშვილმა თავისი გოლით შესვენების წინ ანგარიში გაათანაბრა, ნუგზარ კვირტიამ კი შეხვედრის მეორე ნახევარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბაქოს "ინტერმა", სადაც ქართველთა სიმრავლეა, ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და აზერბაიჯანის ჩემპიონობას კიდევ უფრო დაშორდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული