ლევან ყენია გელზენკირხენის "შალკედან" საზეიმოდ გააცილეს

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის რეკორდზე მეტად ახლა ის გვანაღვლებს, შეძლებს თუ არა "ჰერტა" ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

მთავარია, ბერლინელებმა ელიტაში დარჩენა შეძლონ - ამ შემთხვევაში ვეტერანი ქართველი ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდს სეზონის პირველივე ტურში დაამხობს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობას. გასული ტური კობიაშვილმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ზე რობერტოს რეკორდს კი იგი ბოლო ტურში გაიმეორებს - ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ითამაშებს.

გერმანული ბატალიების შესახებ ამომწურავად "ლელოს" უცხოური ფეხბურთის ნაწილში წაიკითხავთ (იხილეთ ვრცლად). აქ კი მოკლედ გეტყვით, რომ "ჰერტას" მეორე ბუნდესლიგის
მესამე გუნდთან პლეი ოფში სათამაშოდ "კიოლნის" გადასწრება სჭირდება.

მართალია, "კიოლნი" დედაქალაქელებს ორი ქულით უსწრებს, მაგრამ სამაგიეროდ, ბოლო ტურში "ბაიერნს" მასპინძლობს, მაშინ, როცა "ჰერტა" "ჰოფენჰაიმს" მიიღებს. ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში "ჰერტა" "კიოლნს" ბურთების უკეთესი ბალანსით აჯობებს.

რაც შეეხება მეორე ბუნდესლიგას, "ბოხუმის" ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი ბრაუნშვაიგის "აინტრახტთან" შინ მოგებულ შეხვედრაში (2:0) სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" კი აახენში "ალემანიასთან" 0:1 წააგო და ბოლო ტურში გაირკვევა, გავარდება, დარჩება თუ გადათამაშებაში მოხვდება.

იაშვილმა, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 69-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის ტაბლოზე საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

გერმანიის თემას ლევან ყენიათი დავასრულებთ. "შალკემ" კლუბიდან მიმავალი ფეხბურთელები საზეიმოდ გააცილა. ყველაზე დიდი გამოხმაურება, ცხადია, ლეგენდარული რაულის გაცილებას მოჰყვა, თუმცა თავისი წილი აპლოდისმენტები ყენიამაც მიიღო.

მისი ახალი კლუბი ახლო მომავალში გაირკვევა. შეგახსენებთ, ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი "შალკეს" შემადგენლობაში 2009 წლის შემოდგომიდან აღარ გამოჩენილა.

"ჯენოამ" მორიგი მარცხი იწვნია და სერია A-ში დასარჩენად ბოლო ტურებში დიდი ბრძოლა მოუწევს. "ბოლონიასთან" 2:3 წაგებულ მატჩში კახა კალაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ბასტიას" ძირითად შემადგენლობაში ამირან სანაია გამოჩნდა. ახალგაზრდა ქართველმა მცველმა "ტურთან" სტუმრად 1:2 წაგებულ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა. თუმცა ისიცაა, რომ "ბასტიას" ლიგა 1-ში აღზევება დაბევებული აქვს და ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშია.

ბუნებრივია, დიდი სურვილი გვაქვს, საფრანგეთის ელიტურ ლიგაში მომავალ სეზონში ქართველმა ითამაშოს და ვნახოთ, დარჩება თუ არა სანაია "ბასტიაში".

უკრაინის თასის გათამაშებას ნახევარფინალში დრამატულად გამოეთიშა ლვოვის "კარპატი", რომელმაც სტუმრად დონეცკის "მეტალურგთან" 0:0 ითამაშა. გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი დონეცკელებმა 7:6 გაიმარჯვეს. ამ მატჩმა მურთაზ დაუშვილის გარეშე ჩაიარა, "კარპატის" ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

რუსეთში, სადაც ქართველები მრავლად არიან წარმოდგენილნი, ჩვენთვის ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა. გასული უქმეები დიდად წარმატებული ვერც სხვა ქვეყნებში მოასპარეზე ჩვენებურებისთვის გამოდგა.

ლეგიონის უქმეების მიმოხილვა პოზიტიური ამბებით დავასრულოთ. ჰოლანდიის ერედივიზიეში არნემის "ვიტესმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში "ექსელსიორს" 3:2 აჯობა. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ვიტესელმა მარკო ვან გინკელმა გურამ კაშიას გადაცემით გაიტანა.

ქართული გოლები კი არცთუ ელიტურ ლიგებში გავიდა. აზერბაიჯანში ალექსანდრე გოგობერიშვილმა "თურანს" "სუმგაითთან" საშინაო მატჩში ქულა პენალტით გადაურჩინა. ფინეთში კი "ინტერ ტურკუს" თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ "ლახტის" 5:0 განადგურებაში საკუთარი წვლილი ერთი გოლით შეიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული