იაშვილმა ადრე თვითონ გვითხრა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ "კარლსრუე" კლუბში დარჩენას და მენეჯერად მუშაობას მთავაზობსო.
იაშვილი 34 წლისაა, 2011-12 წლების მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუედან" ყველაზე მეტი, 8 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მხოლოდ სტატისტიკაშიც როდია საქმე, იაშვილი "კარლსრუეს" სული და გული წლობით იყო.
15 მაისს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გვამცნო, იაშვილს პირველი ბუნდესლიგიდან აქვს შემოთავაზებაო. ისიც შევიტყვეთ,
იაშვილი 17 წლის იყო, უკვე "დინამოს" პირველი გუნდის საკვანძო ფეხბურთელად რომ ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ის არასდროს ყოფილა ქედმაღალი და ცხვირაწეული.
მან მყისვე დაიწყო გოლების გატანა. 19 წლისა მეორე ბუნდესლიგის "ლუბეკში" წავიდა განათხოვრებით. შემდეგ ისევ "დინამოში" დაბრუნდა, 1997 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლევერკუზენს" სტუმრად სასწაული გოლი გაუტანა და ცხადი გახდა, რომ მას საქართველოში არავინ დატოვებდა - იაშვილი "დინამოდან" ფოლკერ ფინკეს "ფრაიბურგმა" გამოისყიდა.
ფინკეს "ფრაიბურგი" სპეციფიკური გუნდი იყო მცირე ბიუჯეტით. ფეხბურთელების სელექციაში მწვრთნელს დიდი გეოგრაფია ჰქონდა. ფინკე სახე იყო "ფრაიბურგისთვის". არცთუ პატარა ეპოქაც კი შექმნა იქ, 16 წელი იმუშავა ამ კლუბში. იაშვილი ფინკეს ფეხბურთელი გახდა.
პატარა "ფრაიბურგმა" იმდენი ქნა, იაშვილის, ლევან კობიაშვილის და ლევან ცქიტიშვილის დახმარებით 2001 წელს უეფას თასზეც კი ითამაშა - ამ კლუბისთვის ეს მაშინ მაქსიმუმი იყო, მანამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ასეთი წარმატება.
იაშვილმა მსუბუქი ტრავმების გარდა მუხლის ჯვარედინა იოგების დაწყვეტასაც გაუძლო და ფეხბურთის თამაში გააგრძელა. ნაკრებში ის არ ყოფილა ნომერ პირველი ფორვარდი, მაგრამ არც მეორე პლანზე ყოფნა იყო მისთვის კომფორტული - იაშვილი ნაკრებშიც გამორჩეულად თამაშობდა, არაერთხელ აუღია თამაში საკუთარ თავზე, არაერთხელ გაუტანია ძალიან საჭირო გოლი.
კარგი ფეხბურთელობის გარდა, ქართველ გულშემატკივარს ის თავმდაბლობის გამოც უყვარს. ბადენის მხარეში კი "იაში" უკვე კარგა ხანია, რაც შინაური კაცია.
საქართველოს ნაკრების წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ თემურ ქეცბაიას იაშვილი აღარ გამოუძახებია. იაშვილს არაფერი უთხრეს, ისე ჩამოაცილეს ნაკრებს. ისე გამოვიდა, რომ ეტიკეტსა და მის დამსახურებას ჩალის ფასი დაადეს.
34 წლის იაშვილს, ალბათ, კიდევ შეუძლია ფეხბურთის თამაში, ოღონდაც სად, რა დონეზე, რა მოტივაციით? სეზონი დასრულდა და ახლა მას ნამდვილად აქვს დრო ფიქრისთვის.
რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, ფეხბურთში დარჩება - ასე გვითხრა რამდენიმე თვის წინ.
იაშვილი ისე თამაშობდა ფეხბურთს, თუ ამას აღარ გააკეთებს, პატარა სენტიმენტებს მაინც დაგვიტოვებს - ამასაც შეძლება უნდა.
იაშვილთან ძალიან ადრეული ინტერვიუ მახსენდება, სადაც ის ამბობს, სასმელებიდან ყველაზე უფრო ვაშლის ნატურალური წვენი მიყვარსო. ვერ გეტყვით, ნამდვილად აქვს თუ არა ვაშლის ნაჟურს ელექსირის თვისებები, ყოველ შემთხვევაში, იაშვილი ფიქრობს, თუ რა ხელობა უნდა ჰქონდეს "კარლსრუეს" გავარდნის შემდეგ...
"იაშვილი ფიქრობს..." (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"