ქართული ლეგიონი: სეზონის შეფასება და მომავლის იმედი

AutoSharing Option
30 მაისს ქართული ლეგიონის სეზონის მიმოხილვის პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ (იხილეთ ვრცლად), ახლა კი საზღვარგარეთ მოთამაშე დანარჩენი ჩვენებურების მონაგარს გადავავლეთ თვალი.

საგაზეთო ფორმატი იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ყველა ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველთა შესახებ გაგაცნოთ ინფორმაცია. ასევე არ შემოგთავაზებთ ქვედა ლიგებში მოასპარეზე ლეგიონერების მაჩვენებლებს.

სტატისტიკურ მონაცემებში მხოლოდ რეგულარული ჩემპიონატის მატჩებია გათვალისწინებული და, შესაბამისად, სათასო თუ საპლეიოფო შეხვედრები იქ გათვალისწინებული არაა.

გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)
36 მატჩი, 3 გოლი
საქართველოს ნაკრების მცველი "ვიტესის" კაპიტანია, ასეთ პატივს კი ევროპაში შემთხვევით არავინ იმსახურებს. გურამ კაშიამ
სეზონი მაღალ დონეზე, სერიოზული ტრავმებისა და ჩავარდნების გარეშე ჩაატარა და "ვიტესის" ევროპის ლიგაზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია)
28 მატჩი, 4 გოლი
სეზონში 4 გოლი თავდამსხმელისთვის ბევრი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჭანტურიასთვის სეზონი წარუმატებელი გამოდგა. მან ხომ დიდ ფეხბურთში სწორედ გასულ სეზონში შეაბიჯა და "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაშიც ხშირად ხვდებოდა.

ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია)
4 მატჩი, 1 გოლი
ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაშის საშუალება მხოლოდ ოთხჯერ მიეცა, თუმცა საკუთარ ნიჭიერებაზე მედია მაინც აალაპარაკა. ყაზაიშვილი პროგრესირებას განაგრძობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში "ვიტესის" პირველ გუნდში მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი)
29 მატჩი, 1 გოლი
შოთა არველაძის გუნდისთვის ხიზანიშვილი შეუცვლელი ფიგურა იყო და როცა ტრავმა არ აწუხებდა, "ქაისერის" სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდა. სავარაუდოდ, ამჟამინდელ კლუბში სამომავლოდაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება.

აკაკი ხუბუტია (სამსუნსფორი, თურქეთი)
19 მატჩი, 1 გოლი
"სამსუნის" ძირითადში ყოველთვის ვერ ხვდებოდა, მაგრამ მატჩების ნახევარზე მეტი მაინც ჩაატარა. ხუბუტიას კლუბი თურქული სუპერლიგიდან გავარდა და საქართველოს ნაკრების მცველი ამჟამად ახალი ადგილსამყოფელის ძიებაშია.

გიორგი შაშიაშვილი (ერგოტელისი, საბერძნეთი)
24 მატჩი, 1 გოლი
გამოცდილ მცველს "ერგოტელისის" ძირითადში მოხვედრა არ უჭირდა, მაგრამ მისი კლუბი ელიტიდან გავარდა და სავარაუდოდ, შაშიაშვილი კლუბს სულ მალე შეიცვლის.

გიორგი ფოფხაძე (შტურმი, ავსტრია)
20 მატჩი
"შტურმში" გასულ ზაფხულში გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი უმალ დაიმკვიდრა, თუმცა სეზონის მიწურულს პოზიციები დათმო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ფოფხაძის მომავალი ჯერ გაურკვეველია.

ლევან მაღრაძე (ეთნიკოსი, კვიპროსი)
30 მატჩი
34 წლის ქართველი "ეთნიკოსისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო და მისი კვიპროსული კარიერა, სავარაუდოდ, შემდეგ სეზონშიც გაგრძელდება.

დავით კვირკველია (ანორთოსისი, კვიპროსი)
11 მატჩი, 2 გოლი (პანიონიოსში: 12 მატჩი)
"ანორთოსისში" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა ბერძნული "პანიონიოსიდან" და უმეტესად, ძირითადში ხვდებოდა. თუმცა მისი მომავალი ჯერ მაინც გაურკვეველია.

ვლადიმერ დვალიშვილი (პოლონია, პოლონეთი)
12 მატჩი, 3 გოლი (მაქაბიში: 11 მატჩი, 7 გოლი)
ჰაიფას "მაქაბი", სადაც არაერთი სეზონი გაატარა, ზამთარში დატოვა და კარიერა პოლონეთში გააგრძელა. "პოლონიაში" დამკვიდრება არ გასჭირვებია და 3 გოლის გატანაც შეძლო. ნაკრებში უგოლო სერია ვერ შეწყვიტა, კლუბში კი, როგორც ხედავთ, ყველაფერი რიგზე აქვს.

ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი)
11 მატჩი (ვიძევში: 13 მატჩი, 1 გოლი)
სეზონის მსვლელობისას "ვიძევიდან" "იაგელონიაში" აღმოჩნდა, სადაც საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა და სათამაშო პრაქტიკა არ აკლდა.

მერაბ გიგაური (იაგელონია, პოლონეთი)
3 მატჩი
პოლონეთის ჩემპიონატში სამიოდე მატჩი ჩაატარა, თუმცა გიგაური ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და სულაც ვერ ვიტყვით, რომ პოლონეთში წასვლით დრო დაკარგა. იქ მიღებული გამოცდილება მას სამომავლოდ უნდა გამოადგეს.

დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია)
14 მატჩი
დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში. ამჟამინდელ კლუბში მომავალი მას ნამდვილად აქვს და წესით, შემდგომში უფრო ძლიერ გუნდსა და ლიგაშიც შეიძლება ვიხილოთ.

დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია)
4 მატჩი
სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და, შესაბამისად, მის თამაშს საერთოდ ვერ შევაფასებთ. იმედია, მწყობრში დროულად ჩადგება.

რატი ალექსიძე (დიორი ეტო, უნგრეთი)
16 მატჩი, 3 გოლი
ვეტერან ქართველ თავდამსხმელს სეზონის ბოლო ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მანამდე კი ძირითადში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა.

გიორგი განუგრავა (ზალაეგერშეგი, უნგრეთი)
12 მატჩი (ლომბარდ პაპაში: 17 მატჩი, 1 გოლი)
სეზონი "ლომბარდ პაპაში" დაიწყო და აუტსაიდერ "ზალაეგერშეგში" დაასრულა. მისი გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა და განუგრავას მალე, ალბათ, სხვაგან ვიხილავთ. გასულ სეზონში მას სათამაშო პრაქტიკა არ აკლდა.

გიორგი ნერგაძე (მოროკა სვალოვსი, სამხრეთ აფრიკა)
26 მატჩი, 2 გოლი
ნერგაძემ საკმაოდ წარმატებული სეზონი ჩაატარა და თავის გუნდთან ერთად სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონი გახდა. რაც მთავარია, იგი მუდმივად იყო "მოროკას" ძირითადი შემადგენლობის წევრი.

გიორგი ლომაია (ინტერი, აზერბაიჯანი)
29 მატჩი

ვალერი აბრამიძე (ინტერი, აზერბაიჯანი)
29 მატჩი, 1 გოლი

ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი)

29 მატჩი, 7 გოლი

ილია კანდელაკი (ინტერი, აზერბაიჯანი)
27 მატჩი, 2 გოლი

გიორგი ადამია (ყარაბახი, აზერბაიჯანი)
31 მატჩი, 7 გოლი

ალექსანდრე გოგობერიშვილი (თურანი, აზერბაიჯანი)
30 მატჩი, 4 გოლი

გიორგი ბერიაშვილი (თურანი, აზერბაიჯანი)
20 მატჩი, 3 გოლი

ნუგზარ კვირტია (აზალ-ი, აზერბაიჯანი)
28 მატჩი, 2 გოლი

ქართველები აზერბაიჯანში საკუთარი კლუბების ძირითადი შემადგენლობის წევრები იყვნენ, მაგრამ მათ კლუბებს განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.

სხვებთან შედარებით, უკეთესი სეზონი ბაქოს "ინტერს" ჰქონდა, რომელმაც მესამე ადგილი და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. ამაში კი ჩვენი თანამემამულეების წვლილი საკმაოდ წონადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული