ლადო დვალიშვილი: კონკრეტული წინადადება არ მიმიღია, "პოლონიაში" ვრჩები

AutoSharing Option
გასული სეზონის მეორე ნახევარი ლადო დვალიშვილმა პოლონურ "პოლონიაში" გაატარა, სადაც ებრაული ჰაიფას "მაქაბიდან" გადავიდა.

26 წლის ქართველ თავდამსხმელს ვარშავულ კლუბთან შეწყობა არ გასჭირვებია და პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

თუმცა სეზონის დასრულებისთანავე "პოლონიაში" ხელმძღვანელობა შეიცვალა და კლუბში ისეთი არასასურველი გარემო შეიქმნა, რომ "პოლონია" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა.

კლუბის შეცვლას უწინასწარმეტყველებდნენ დვალიშვილსაც, თუმცა, ჯერჯერობით, ლადო კვლავ "პოლონიას" ფეხბურთელია და არ გამორიცხავს, რომ ახალი სეზონის სწორედ მის შემადგენლობაში დაიწყოს.

"ლელოსთან" ინტერვიუში დვალიშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იგი
უკრაინული "ზარიას" შემადგენლობაში ვარჯიშობს და მასთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

- არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ხმები. "ზარიასთან" კონტაქტიც კი არ მქონია და ამ ინფორმაციას საფუძველი საერთოდ არ აქვს.

ახლაც პოლონეთში ვიმყოფები და ახალი სეზონისთვის "პოლონიასთან" ერთად ვემზადები. 20 აგვისტოს პოლონეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გვაქვს, რომელშიც, ალბათ, მონაწილეობასაც მივიღებ.

- ამ მომენტისთვის რაიმე კონკრეტული და საინტერესო წინადადება თუ გაქვს?
- ისეთი არაფერი, რომ კლუბის შეცვლა მიღირდეს. თანაც, "პოლონიაში" ახლა მდგომარეობა დარეგულირდა და ფეხბურთელებს საქმე გასაქცევად ნამდვილად აღარ აქვთ. ჩემზე უფლება კლუბის ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნის და თუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საინტერესო შეთავაზება მივიღეთ, ამ საკითხს ერთად განვიხილავთ. თუ არა, "პოლონიაში" დავრჩები.

მოკლედ, სანერვიულო ნამდვილად არაფერი მაქვს.

- როგორც ვიცით, კონტრაქტს ვარშავის "ლეგია" გთავაზობდა...
- მართალია, მაგრამ კლუბები ჩემს გამოსასყიდ თანხაზე ვერ მორიგდნენ. ჩემი პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმებულები ვიყავით, მაგრამ "ლეგია" ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს 150 ათას ევროსა და ჩემი შემდგომი ტრანსფერიდან 50 პროცენტს სთავაზობდა, პრეზიდენტმა კი 250 ათასი და 50 პროცენტი მოითხოვა და საქმე ჩაიშალა.

- "პოლონიამ" პოლონეთის წინა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. შეძლებს ახალ სეზონში შენი გუნდი თუნდაც მსგავსი მიზნისთვის ბრძოლას?
- შემადგენლობა აშკარად შესუსტებულია, მაგრამ მთავარია, რომ კლუბს დღეისთვის უკვე ნორმალური ფინანსური მდგომარეობა აქვს, უსიამოვნებებიც წარსულს ჩაბარდა და ვფიქრობ, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას მაინც შევძლებთ.

ფაქტია, რომ "პოლონია" ამჟამად საჩემპიონო გუნდი არ არის, მაგრამ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება. არც მე დავზარალებულვარ, რადგან ზუსტად იგივე კონტრაქტით ვაგრძელებ თამაშს.

- დღევანდელი გადასახედიდან, ისრაელიდან პოლონეთში გადასვლა შენი მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო?
- უდავოდ სწორი გადაწყვეტილება იყო. "პოლონიას" კარგად მოვერგე და, ვფიქრობ, გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი.

- ბოლო სანაკრებო მატჩმა შენს გარეშე ჩაიარა. თემურ ქეცბაიას ხომ არ უთქვამს, რა გეგმები აქვს შენთან დაკავშირებით?
- არა, მსგავსი საუბარი არ გვქონია და არც ის ვიცი, მოვხვდები თუ არა ნაკრებში სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის.

- ხანგრძლივ სანაკრებო უგოლო სერიას ფსიქოლოგიურად როგორ უმკლავდები?
- ყოველივე ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადასატანია, მაგრამ ვცდილობ, გავუძლო და სანაკრებო წარუმატებლობამ ჩემს საკლუბო კარიერაზე გავლენა არ მოახდინოს. თუ ნაკრებში შანსი კვლავ მომეცემა, ქართველი გულშემატკივრების გახარებას ყოველნაირად შევეცდები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ დვალიშვილი ლუგანსკის "ზარიაში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი ვალოდია ჯინჭარაძესავითაა(კ/ფ,,არაჩვეულებრივი გამოფენა,,) 1 წელიწადში არავის ემახსოვრება,თავის კარში მაინც გაეტანა გოლი ვინმეს რომ გახსენებოდა
tazo
17:24 18-08-2012
0

სიახლეები პოპულარული