ლეგიონის უქმეები: ნაკრების წევრთა სასარგებლო პრაქტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
სექტემბრის სანაკრებო მატჩების წინ ქართველი ლეგიონერებისთვის ბოლო საკლუბო მატჩები იყო და ამიტომაც ნაკრებში გამოძახებულთა თამაში ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გასულ უქმეებზე სათამაშო პრაქტიკა მიიღო, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია. იმედია, ყველა მათგანი სანაკრებო შეკრებაზე ჯანმრთელი ჩამოვა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანო ანანიძემ მოსკოვურ დერბიში 15 წუთით ითამაშა. "ლოკომოტივმა" მის "სპარტაკს" 2:1 მოუგო. ჯანოს მოედანზე შესვლის მომენტისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "კრასნოდარისა" და საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომლის გუნდმაც მოსკოვის ცსკა-ს
უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

რევიშვილმა მატჩი ნორმალურ დონეზე ჩაატარა. მის მსგავსად, შეუცვლელად ითამაშა "კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმაც.

"ვოლგასა" და "როსტოვის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი გაატარა გია გრიგალავამ.

უკრაინაში ქართული გოლი გავიდა. ეს "კრივბასისა" და "ილიჩევეცის" შეხვედრაში (1:2) მოხდა, რომლის 50-ე წუთზეც დავით თარგამაძემ "კრივბასის" კარი თორნიკე ოქრიაშვილის პასით დალაშქრა (იხილეთ ვიდეო).

"კრივბასის" ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს. თარგამაძე 85-ე წუთზე შეცვალეს, ოქრიაშვილმა კი სრულად ითამაშა.

ამავე მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყო კრივბასელმა უჩა ლობჟანიძემ.

ჯაბა კანკავა, რომელიც "კრივბასში" იყო განათხოვრებული, "დნიპრომ" დაიბრუნა. ეს უდავოდ პოზიტიური ფაქტია, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს უფრო ამბიციურ დნეპროპეტროვსკულ კლუბში, "კრივბასის" მსგავსად, რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება.

უკრაინული პრემიერლიგის გასულ ტურში კი ჯაბას თამაშის საშუალება არ მისცემია. "ვორსკლა"-"დნიპროს" მატჩს, რომელიც 2:2 დასრულდა, მან სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

ლვოვის "კარპატის" ახალწვეულმა ლევან ყენიამ ახალი გუნდის შემადგენლობაში მეორე შეხვედრა ჩაატარა და კვლავ შეცვლაზე შევიდა. იგი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, მცირე ხნით ადრე კი "კარპატიმ" საკუთარ მოედანზე დონეცკის "მეტალურგთან" გოლი გაუშვა და შემდეგ მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა - ყენიას გუნდი 0:1 დამარცხდა.

"ჩერნომორეცმა" "ზარიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში ჯაბა ლიპარტია 63-ე წუთიდან გამოჩნდა. ამ დროისთვის მატჩში სამივე გოლი უკვე გასული იყო.

კიევის "არსენალმა" ზაპოროჟიეს "მეტალურგს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. სანდრო კობახიძე კიეველთა შემადგენლობაში 57-ე წუთზე, 1:0-ისას შევიდა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" სტუმრად "რეგენსბურგს" 1:0 სძლია. "ბოხუმის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ალექსანდრე იაშვილმა, ნიკოლოზ გელაშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

შეგახსენებთ, არც იაშვილი და არც გელაშვილი საქართველოს ნაკრებში გამოძახებულნი არ არიან.

სანაკრებო სიის მიღმა დარჩენილმა კიდევ ერთმა თავდამსხმელმა, ლადო დვალიშვილმა კი პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. მისმა "პოლონიამ" სტუმრად "ვისლას" 3:1 მოუგო, დვალიშვილმა კი 43-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. იგი ძირითადში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთშივე "იაგელონიამ" "ზაგლებიეს" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა. ნიკა ძალამიძე მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში გაამწესეს და 72-ე წუთზე შეცვალეს.

იტალიის სერია B-ში "ნოვარასა" და "ემპოლის" მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "ემპოლის" შემადგენლობაში ლევან მჭედლიძე 83-ე წუთიდან გამოჩნდა, მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე კი თავიდან ბოლომდე სათადარიგო იყო.

ჰოლანდიის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს "ვიტესი". არნემელებმა როტერდამის "ფეიენოორდს" უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო, ვაკო ყაზაიშვილი კი თავისი გუნდის 18-კაციან განაცხადშიც არ შეუყვანიათ.

დანიურმა "ორჰუსმა", რომელმაც კონტრაქტი მათე ვაწაძეს გაუფორმა, სტუმრად "სილკებორგი" 4:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული დავით დევდარიანი განაცხადში არ ყოფილა, დავით სხირტლაძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.

თურქეთის ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვა შოთა არველაძის "ქაისერისფორმა", რომელიც შინ ბოლო წუთამდე ამარცხებდა "აქისარ ბელედისფორს", თუმცა 1:1-ს დასჯერდა. ქაისერელმა ზურაბ ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა.

რუმინეთში "ბრაშოვისა" და "გაზ მეთანის" შეხვედრას (3:1) სათადარიგოთა სკამიდან უყურა სტუმართა მცველმა აკაკი ხუბუტიამ. ლიტვაში კი "შიაულაი"-"ბანგას" მატჩში გამარჯვების გოლი გიორგი ალავერდაშვილმა გაიტანა. "ბანგამ" 1:0 მოიგო, ალავერდაშვილმა კი თავი მატჩის ბოლო წუთზე გამოიჩინა.

სამხრეთ აფრიკაში "მოროკა სვალოვსმა" სტუმრად "ორლანდო პაირატსი" 3:0 გაანადგურა. "მოროკას" რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნერგაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული