თბილისის "დინამო" VS ბაქოს "ინტერი" - სტუმრად სამშობლოში

AutoSharing Option
ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ხდება, როცა ბაქოს "ინტერი" ათდღიან შეკრებას თბილისში გადის.

ისე როგორც წინა ორ შემთხვევაში, "ინტერის" საქართველოში სტუმრობის მიზეზი სანაკრებო მატჩების გამო აზერბაიჯანის ჩემპიონატში გამოცხადებული პაუზაა.

ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული აზერბაიჯანული კლუბის მიმართ ჩვენი ინტერესი კი არახალია: "ინტერი" ხომ სანახევროდ "ქართული გუნდია"!

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონობა (2010 წელს) და "თანამეგობრობის თასი" (2011 წელს) "ინტერმა" ქართველი სპეციალისტის, კახა ცხადაძის (ვისაც 7 სექტემბერს 44 წელი შეუსრულდა) ხელმძღვანელობით მოიპოვა. იმ პერიოდში ცხა
დაძის
ასისტენტად გიორგი ჩიხრაძე (თბილისის "ამერს" საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ რომ მოაპოვებინა) მუშაობდა;

თუმცა, 2012 წლის გაზაფხულიდან ჩიხრაძემ ასევე აზერბაიჯანული კლუბი, ზაქათალის "სიმურგი" ჩაიბარა, ხოლო "ინტერის" მეორე მწვრთნელად წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ზაურ სვანაძე დაინიშნა, ხოლო მენეჯერად კი - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ალექსანდრე რეხვიაშვილი.

"ინტერის" სტაჟიან წევრებად ითვლებიან გუნდის წამყვანი ფეხბურთელები: 33 წლის გიორგი ლომაია, 32 წლის ვალერი აბრამიძე, 30 წლის ილია კანდელაკი და 24 წლის ბაჩანა ცხადაძე; ამ ზაფხულიდან კი "ინტერის" ქართული "დიასპორა" კიდევ უფრო გაიზარდა: გუნდში მივიდნენ 31 წლის გიორგი ადამია და 24 წლის რევაზ თევდორაძე.

"ინტერის" ქართული შეკრება 9 სექტემბერს მთავრდება, თუმცა 8-ში ერთობ საინტერესო და, ცოტა არ იყოს, საინტრიგო სპარინგ-მატჩიც ელოდება... თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ!

რა თქმა უნდა, საკონტროლო შეხვედრაა და ორივე გუნდის მწვრთნელები გარკვეულ ექსპერიმენტებსაც ჩაატარებენ; თუმცა, მაინც გვჯერა, რომ აზერბაიჯანის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისა და საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის (ბოლოს და ბოლოს, თავის ერთგულ ქომაგებს რომ ახარებს წარმატებული სტარტით) თუნდაც ამხანაგური შეხვედრა საინტერესო უნდა გამოდგეს.

ჰო, "დინამოს" სტარტზე ყურადღება შემთხვევით არ გაგვიმახვილებია: 5 წლის წინათ იყო, გუნდმა ჩემპიონატის დასაწყისში ოთხივე შეხვედრა რომ მოიგო; სხვათა შორის, სწორედ ის სეზონი (2007-08) იყო, დუშან უჰრინი-უფროსის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" უკანასკნელად რომ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.

ახლა კი, ამ ტრადიციის გაგრძელება მის ვაჟს, დუშან უჰრინ-უმცროსს სურს;

ისე, ვერაფერს ვიტყვით: უმცროსი უჰრინის ხელმძღვანელობით "დინამოს" ჯერ არც ერთი მატჩი (საკონტროლოების ჩათვლით) არ წაუგია, გუნდის თამაშიც უფრო და უფრო სანახაობრივი ხდება, ლეგიონერებიც (განსაკუთრებით - ესპანელები) "უჩვეულოდ" მოტივირებულნი არიან და კლუბის ერთგული ფანებიც მონატრებული ტიტულ(ებ)ის მოლოდინში არიან!

..."დინამოსა" და "ინტერის" დღევანდელ მატჩში უამრავი ლეგიონერი შეიძლება ვიხილოთ: მასპინძელთაგან - ჩისკო, ალვარო, კოტო, იაგუე (ყველა - ესპანეთი), რობერტინიო (ბრაზილია), გლიშიჩი (მაკედონია), სტუმართაგან - აბდულაიე (კონგო), ბარმეტლერი (შვეიცარია), ნიასე (სენეგალი), ზლატნოვი, გენოვი (ორივე - ბულგარეთი), შუტცი (ბრაზილიაში დაბადებული, ეროვნებით გერმანელი და პოლონეთის მოქალაქე) და, რაღა თქმა უნდა, ქართველებიც.

...კახა ცხადაძეს, ზაურ სვანაძესა და ალექსანდრე რეხვიაშვილს თბილისის "დინამოს" მაისურით არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ; ცხადაძე-სვანაძის სამწვრთნელო "დუეტმა" 2005 წელს "დინამოს" ჩემპიონობა მოუტანა; თუმცა, "დინამოს" იმ საჩემპიონო შემადგენლობიდან დღესდღეობით თბილისურ კლუბში მხოლოდ ჯაბა დვალი თამაშობს, რომელიც, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერც "ინტერთან" იასპარეზებს და საქართველოს ნაკრებსაც გამოაკლდა.

სამაგიეროდ, მოედანზე ვიხილავთ ილია კანდელაკს - გამოცდილი უნივერსალი "დინამოს" შემადგენლობაში ხომ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2003 და 2005 წლებში).

დღევანდელ მატჩში მეტოქეები წამყვან მოთამაშეებს მოისაკლისებენ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი: "დინამოს" გიორგი ლორია, გიორგი რეხვიაშვილი, ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი და ჯაბა დვალი დააკლდებიან, "ინტერს" კი - ვლადიმერ ლევინი, არიფ დაშდამიროვი და ნიზამი გაჯიევი.

დაბოლოს, ფეხბურთის ქომაგებს შეგახსენებთ, რომ 8 სექტმებერს დაგეგმილი მატჩი "მიხეილ მესხის" სტადიონზე, 16 საათზე დაიწყება და შეხვედრაზე დასწრება უფასო იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალეკო რეხვიაშვილი: აზერბაიჯანს ფინანსურად ძალიან ჩამოვრჩით
გიორგი ადამია: "ინტერი" მართლა მომეწონა
რევაზ თევდორაძე: გიორგი ლომაიას კონკურენტობა ჩემთვის დიდი პატივია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო კახა, კარგი ფეხბურთელი იყავით და კარგი პიროვნება ხართ, ღმერთმა დაგლოცოს ბაჩანასთან ოჯახთან ერთად, სულ გამარჯვებებით გევლოს, სამშობლოსთვისაც მოგეცალოს. დაბადების დღეს გლიცავ ბატონო კახა. ქართველი გულსემატკივარი.
gizog
19:13 08-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული