ალეკო რეხვიაშვილი: აზერბაიჯანს ფინანსურად ძალიან ჩამოვრჩით

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" მწვრთნელ-სელექციონერი ალეკო რეხვიაშვილი საინტერესო ამბებს გვიყვება კლუბზე, აზერბაიჯანულ ფეხბურთზე და პარალელებს ავლებს საქართველოსა და ლატვიის ფეხბურთთან.

- აზერბაიჯანში როგორ მოხვდი?
- ფიფას ლიცენზირებული აგენტი გავხდი და მოთამაშეები ლატვიაში, უკრაინაში, რუსეთსა და პოლონეთში მიმყავდა. "ინტერის" მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ლატვიის ნაკრების ფეხბურთელი იგორ ტარასოვი ჩავუყვანე.

მართალია, თავიდან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ლატვიაში დაბრუნდა. "ინტერთან" ჩემი თანამშრომლობაც ასე დავიწყე და მალე კლუბში მიმიწვიეს.

- ლატვიურ ფეხბურთში მართლა დიდი კრიზისია?
- კრიზისია, რადგან სახელმწიფო ფეხბურთს არ ეხმარება. ადრე
ბიზნესი მაინც აფინანსებდა, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მათაც პრობლემები შეექმნათ და ფეხბურთისთვის არავის ეცალა.

- დავაკონკრეტოთ: ახლა ლატვიური კლუბების საშუალო ბიუჯეტი რამდენია?
- ლიდერთა ხუთეულის კლუბებს 3-4 მილიონი დოლარი ექნებათ, დანარჩენებს კი დაახლოებით 500 ათას დოლარამდე.

შეიძლება ითქვას, რომ ახლა ლატვიური ფეხბურთის სტატუსი ნახევრად სამოყვარულოა და ფეხბურთელები მხოლოდ ლიდერ კლუბებში თუ იღებენ შედარებით დიდ ხელფასებს, 2-2,5 ათას დოლარს. ლატვიის ფასების გათვალისწინებით, ეს მწირი თანხაა.

- აზერბაიჯანში რა მდგომარეობაა?
- მაგალითად, ბაქოს "ნეფთჩის" სახელფასო ბიუჯეტი 12 მილიონი დოლარია. დაახლოებით ამდენივეა "ყარაბახში", "ხაზარში", "ბაკიში", "გაბალაში". მინიმალური ბიუჯეტი კი 3 მილიონზე ნაკლები არ უნდა იყოს.

"ინტერის" ბიუჯეტი ამ გუნდებთან შედარებით ბევრად ნაკლებია და ამიტომაც არის ბევრისთვის გაუგებარი, ლიდერებს ღირსეულად როგორ ვეთამაშებით. ყველა აღიარებს, რომ ეს კახა ცხადაძის დამსახურებაა.

- აზერბაიჯანში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის ანაზღაურება გვაინტერესებს...
- ტოპ-ფეხბურთელს წელიწადში 400 ათას დოლარს უხდიან, მინიმალური ხელფასი კი თვეში დაახლოებით 1000 მანათია, ანუ დაახლოებით ათასი ევრო.

ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონისა და რეიტინგის გათვალისწინებით არანორმალურია, ზოგიერთი კლუბი არაადეკვატურად დიდ ხელფასებს რომ გასცემს.

- ანუ "ინტერი" მდიდრებში არ შედის?
- ჩვენთან მთავარი არის საქმისადმი სწორი მიდგომა: მაგალითად, "ინტერში" წლეულს მოთამაშეთა სტიმულაციისთვის ვარჯიშზე თავდადებისთვის დამატებითი პრემია დაწესდა, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზეც პრემიაა. ამ მეთოდმა გაამართლა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კახა არა მხოლოდ გამოცდილი, ჭკვიანი სპეციალისტიც არის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საქმისადმი მიდგომა: ყველამ იცის, რა სიბინძურეებიც ხდება ფეხბურთში, რას კადრულობენ მწვრთნელები და აგენტები, რა ფულის გათეთრებები ხდება. მთელ მსოფლიოში მწვრთნელ-სელექციონერის პოსტი "ქერის ორმოდ" ითვლება. მე კი ამაყი ვარ, რადგან წესიერად ვმუშაობთ და კახასთანაც და კლუბის ხელმძღვანელებთან საერთო ენა იოლად გამოვნახეთ.

ამიტომაც არის, აზერბაიჯანის პრემიერლიგის უმდიდრესი კლუბები ჩვენი ფეხბურთელებით რომ დაინტერესდნენ და სოლიდურ თანხებს გვთავაზობენ.

სხვათა შორის, საინტერესო მოთამაშეები ჩამოვიყვანეთ: ფრანგული "მეცის" მცველი, კონგოს ნაკრების კაპიტანი ბრუს აბდულაი, რომელიც საფრანგეთშია გაზრდილი; შვეიცარიული "ციურიხის" გაზრდილი ჰაინც ბანმატლერი, რომელმაც გუნდში 100-ზე მეტი თამაში ჩაატარა, მათ შორის, ჩემპიონთა და ევროპის ლიგაში. დედა დომინიკელი ჰყავს და ამ ქვეყნის ნაკრებში მიიწვიეს.

ახლა ტოგოს ნაკრების თავდამსხმელი ჯაკო არაფატი დავიმატეთ და სატრანსფერო ფანჯარა დავხურეთ.

- მდიდარ კლუბებთან საპაექროდ ეს ტრანსფერები საკმარისი იქნება?
- პირველ ოთხ ტურში ჯერ 5 ქულა გვაქვს, მაგრამ უშუალო კონკურენტებთან - "გაბალასთან", "ყარაბახთან" და "ხაზართან" უნდა მოგვეგო, მაგრამ მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებლის გამო ვერ მოვახერხეთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ არაფატის დამატებით პრობლემა მოვაგვარეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

კახა თეორიულ მომზადებას დიდ დროს უთმობს და ფეხბურთელებს დავალებებს დეტალურად უხსნის.

საერთოდ, "ინტერს" აზერბაიჯანში პროფესიონალების კლუბად იცნობენ: 100 მანათს არ დავხარჯავთ, თუ საქმე 10 მანათით გაკეთდება. ამ მხრივ, ცხადაძის მუშაობა მართლა ძალიან მომეწონა.

- ქართული ფეხბურთი აზერბაიჯანულს ჩამორჩა?
- ფინანსურად მნიშვნელოვნად გაგვისწრეს. თამაშამდე ორი დღით ადრე მეტოქეს ვსტუმრობთ და მატჩისთვის მშვიდად ვემზადებით. პატარა ქვეყანაში ზოგჯერ თვითმფრინავით ვმგზავრობთ და არა ავტობუსით.

მაგრამ რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ინფრასტრუქტურულად ჩვენთან არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესებია. მაგალითად, აზერბაიჯანში მხოლოდ "ბაქის" აქვს ისეთი ბაზა, როგორიც გააკეთეს "დინამომ", "ზესტაფონმა", "ტორპედომ", ფეხბურთის ფედერაციამ.

ისიც ცუდია, რომ აზერბაიჯანში სულ ხელოვნურ საფარს აგებენ. საქართველოში კი ბოლო დროს კარგი მოედნები გააკეთეს - ეროვნულზე, "მიხეილ მესხზე", ქუთაისში, ფოთში, გორში და ამ კუთხითაც ვუსწრებთ.

ისიც ნუ მოგვატყუებს, რომ "ნეფთჩიმ" "ზესტაფონი" გამოაგდო - ძალიან მეეჭვება, "ზესტაფონის" შარშანდელი შემადგენლობა დაემარცხებინათ. ახლა კი ჩვენები დაცვაში ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ...

მაგრამ ჩვენ აზერბაიჯანს კი არა, ევროპელებს უნდა შევედაროთ და მეტი სავარჯიშო მოედანი გავაკეთოთ. საქართველოში აზერბაიჯანული და სომხური კლუბები მოსამზადებლად რომ ჩამოვიდნენ, ეს ბიზნესის კუთხითაც სასურველია - ჩვენთან კარგი კლიმატია, სასტუმროებისა და იჯარის ფასებიც მისაღებია, მაგრამ შეკრებაზე ჩამოსულებს მოედნის დაქირავება გაგვიჭირდა, რადგან უმრავლესობა არ ვარგოდა.

ეს თუ გამოვასწორეთ, ბევრი ჩამოვა და კლუბებსა და ბაზებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული