გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" "მიუნხენ 1860"-ს უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა. ალექსანდრე იაშვილმა მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი ნიკოლოზ გელაშვილი კი სათადარიგო იყო.
ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" თამაშის საშუალება არ მისცემია. მისი გუნდი სტუმრად "ყუბანს" 2:2 დაუზავდა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
მახაჩყალის "ანჟიმ" "კრასნოდარი" მიიღო და 5:2 გაანადგურა. სტუმართა შემადგენლობაში სრულად
უკრაინაში ლვოვის კარპატი კიევის "დინამოს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. დისკვალიფიკაციამოხდილმა მურთაზ დაუშვილმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ლევან ყენია კი "კარპატის" შემადგენლობაში 55-ე წუთიდან გამოჩნდა.
ლვოველთა ახალწვეულს სათამაშო დრო ნელ-ნელა ეზრდება და მალე მის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენასაც უნდა ველოდოთ.
"ილიჩევეცისა" და "ვოლინის" მატჩი 0:0 დასრულდა. "ილიჩევეცის" შემადგენლობაში მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს დავით თარგამაძემ და თორნიკე ოქრიაშვილმა.
"კრივბასიდან" "დნიპროში" დაბრუნებული ჯაბა კანკავა "ჩერნომორეცთან" საშინაო შეხვედრაში (1:0) 76-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
"ზარიამ" "შახტარს" უმასპინძლა და ავტორიტეტულ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო - 0:3 განადგურდა. "ზარიას" შემადგენლობაში ჯაბა ლიპარტიამ სრულად ითამაშა.
გამოჯანმრთელდა სანდრო კობახიძე, რომელსაც ბოლო სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გაუცდა. მის "არსენალს" დონეცკში "მეტალურგთან" დაპირისპირებაში პირველივე ტაიმში ორი კაცი გაუგდეს და კიეველები 0:5 განადგურდნენ.
კობახიძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, მაგრამ იმ დროისთვის შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
"ტავრიამ" "კრივბასს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. "კრივბასის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა უჩა ლობჟანიძემ.
პოლონეთში მოთამაშე ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ლადო დვალიშვილის "პოლონიამ" ნიკა ძალამიძის "იაგელონიას" უმასპინძლა. მატჩი 1:1 დასრულდა.
ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორივე შეცვალეს - დვალიშვილი 58-ე, ხოლო ძალამიძე 66-ე წუთზე.
იტალიის სერია B-ში "ლივორნომ" "ემპოლი" მიიღო და 4:2 სძლია. ლევან მჭედლიძე "ემპოლის" 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა, მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე კი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.
ჰოლანდიაში "ვიტესმა" სტუმრად "გრონინგენი" 3:0 გაანადგურა და კვლავ მეორე ადგილზეა. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი არნემელთა განაცხადში ვერ მოხვდა.
სამხრეთ აფრიკაში გიორგი ნერგაძის "მოროკა სვალოვსმა" "პრეტორიას" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
აზერბაიჯანში კახა ცხადაძის "ინტერმა" შინ "სუმგაითს" 1:0 სძლია. "ინტერის" წარმომადგენლობითი ქართული ლეგიონიდან ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ გიორგი ლომაიამ მიიღო, რევაზ თევდორაძე კი სათადარიგო იყო.
"ბაქი"-"თურანის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "ბაქის" რიგებში გიორგი ფოფხაძემ 90 წუთი ითამაშა. "თურანის" ძირითად შემადგენლობაში მყოფი ირაკლი ბერაია 72-ე წუთზე შეცვალეს, გოგი ფიფია კი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" სტუმრად "რავანი" 2:0 დაამარცხა და აზერბაიჯანული პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ირაკლი სირბილაძის "ინტერ ტურკუ" სტუმრად "მიუპას" დაუზავდა - 0:0. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
არაფრით გამორჩეული შაბათ-კვირა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: უკრაინაში ყველაფერი მაკმაყოფილებს