სტამბულის "ქაშიმფაშას" თავკაცის პოსტზე პირველი მატჩი ჩაატარა შოთა არველაძემ და "მერსინთან" საშინაო დაპირისპირება ფრედ, 2:2 დაასრულა. აღსანიშნავია, რომ "ქაშიმფაშა" 0:2-ს აგებდა და ერთი გოლი 90-ე წუთზე, მეორე კი 91-ეზე გაიტანა.
სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში კვლავაც არ გამოჩენილა. მისი გუნდი მახაჩყალაში "ანჟისთან" 1:2 დამარცხდა, ჯანო კი სათადარიგო იყო.
სკამზე იჯდა
უჩვეულო კი ის არის, რომ "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილიც მის გვერდით იჯდა და თამაშში მხოლოდ 82-ე წუთზე ჩაერთო. "კრასნოდარმა" შინ 2:0 სძლია ვლადიკავკაზის "ალანიას", რომლის სასტარტო შემადგენლობაში მყოფი შოთა გრიგალაშვილიც 63-ე წუთზე შეცვალეს.
ჰოლანდიაში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს "ვიტესი", რომელმაც სტუმრად 3:0 გაანადგურა "ბრედა". არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო, გიორგი ჭანტურია კი კვლავ დისკვალიფიცირებულია.
ვარშავის "პოლონიას" გამარჯვებაში თავისი წვლილი გოლით შეიტანა ლადო დვალიშვილმა. მან "რუხთან" საშინაო შეხვედრის მე-19 წუთზე ანგარიში 1:1 გახადა, საბოლოოდ კი "პოლონიამ" 2:1 მოიგო. დვალიშვილი ძირითადში იყო და 86-ე წუთამდე ითამაშა.
უკრაინაში, "ზარია"-"დნიპროს" მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა ლუგანსკელთა ქართველმა შემტევმა ჯაბა ლიპარტიამ, რომელმაც სრულად ითამაშა, "დნიპროს" საყრდენი ჯაბა კანკავა კი შეხვედრაში 38-ე წუთიდან ჩაერთო. მატჩი "ზარიამ" 3:2 მოიგო.
ქართველები წარსდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ "კრივბასისა" და კიევის "არსენალის" დაპირისპირებაშიც, რომელიც 1:1 დასრულდა. კრივბასელმა უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, არსენალელი სანდრო კობახიძე კი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.
"კარპატის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა ლევან ყენიამ და საკმაოდ კარგადაც - მას გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. ლვოველები შინ "ზაკარპატიასთან" 1:1-ს დასჯერდნენ. ყენია 83-ე წუთზე შეცვალეს, მისმა თანაგუნდელმა მურთაზ დაუშვილმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
აზერბაიჯანში ჩვენთვის საინტერესო დაპირისპირება გაიმართა - ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, გიორგი ჩიხრაძის "სიმურგს" უმასპინძლა. ამ მატჩის გმირი "ინტერის" ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე გახდა, რომელმაც 52-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ გამარჯვებით "ინტერმა" თავი 15 ქულას მოუყარა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, აზერბაიჯანულ პრემიერლიგას კი კვლავ "სიმურგი" ლიდერობს, რომელსაც 18 ქულა და "ინტერზე" ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული.
"სიმურგს" ქართველი ფეხბურთელი არ ჰყავს, "ინტერის" შემადგენლობაში კი ჩვენმა სამმა თანამემამულემ ითამაშა. ბაქოელთა კარი რევაზ თევდორაძემ დაიცვა, ცხადაძე-უმცროსი მოედანზე 62-ე წუთამდე იყო, ვალერი აბრამიძე კი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"