ლადო დვალიშვილი: ზამთარში შეიძლება კლუბი გამოვიცვალო, გამორიცხული არაფერია

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატის გასული ტური ლადო დვალიშვილისთვის წარმატებული გამოდგა - მისმა "პოლონიამ" შინ "რუხს" 2:1 სძლია, ქართველმა ფორვარდმა კი მატჩის მე-19 წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ეს წარმატება მას პოლონურმა მედიამაც დაუფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოდგა, სადაც ჩემმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მოხარული ვარ, რომ ამაში წვლილი მეც შევიტანე. გოლიც კარგი გამოვიდა და ზოგადადაც, მიმაჩნია, რომ სხვა ეპიზოდებშიც სასარგებლო ვიყავი.

საკუთარ თავზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ კარგი პრესა მაქვს და ჟურნალისტები და გულშემატკივრები ჩემზე მაღალი
აზრისანი
არიან", - გვითხრა დვალიშვილმა.

მიმდინარე ექსტრაკლასში 26 წლის დვალიშვილს 8 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლი გაიტანა. მას მიაჩნია, რომ ეს ნორმალური შედეგია, მაგრამ პირადი სტატისტიკის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ბომბარდირობისთვის ბრძოლა სურს.

ცნობისთვის, პოლონეთის ჩემპიონატის ამჟამინდელ საუკეთესო სნაიპერებს, დანიელ ლიუბოჟასა ("ლეგია") და არკადიუშ მილიკს ("გურნიკი") 6-6 გოლი აქვთ გატანილი.

რაც შეეხება "პოლონიას", ვარშავული კლუბი სატურნირო ცხრილში დღეისთვის 14 ქულით მეექვსე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "ლეგიას" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

გეხსომებათ, ზაფხულში "პოლონიაში" გარკვეული ფინანსური და საორგანიზაციო პრობლემები იყო, რომლებიც უკვე გადაჭრილია.

ამ უსიამოვნებების ფონზე ლადოს მიაჩნია, რომ გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც შესაძლებელია.

"გადაჭრით არავინ გვთხოვს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა სანამ შანსი გვაქვს, ფარ-ხმალს არ დავყრით. ჩემპიონობაზე რა გითხრათ და ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა ნამდვილად რეალურია", - ამბობს ლადო.

უკვე საკმაო ხანია, იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოჩენილა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. ცდილობს, კონცენტრაცია საკლუბო კარიერაზე მოახდინოს და მოთმინებით დაელოდოს მორიგ სანაკრებო შანსს.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ბოლო დროს დვალიშვილის სავარაუდო ტრანსფერის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

რეალური ჩანდა მისი გადასვლა ვარშავის "ლეგიაში", თუმცა მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ამას უკრაინული კლუბების მხრიდან ინტერესზე მოჰყვა ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ დვალიშვილი "პოლონიაში" დარჩა.

ქართველი თავდამსხმელი კლუბის შეცვლას არც ზამთარში გამორიცხავს, თუმცა კონკრეტულ ვარიანტებზე საუბრისგან თავს იკავებს:

"ვერ ვიტყვი, რომ "პოლონიაში" რაიმეთი უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მაინც არ არის გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სხვაგან მიხილოთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა დონის გუნდი მომმართავს რეალური წინადადებით.

გარკვეული ვარიანტები არსებობს, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი მაინც ნაადრევია. საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და ამჟამად მთლიანად "პოლონიაზე" ვარ კონცენტრირებული".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული