საბა კვირკველია: ბავშვობაში კახა კალაძესა და ანდრეი შევჩენკოს ვეთაყვანებოდი

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა საბა (სოლომონ) კვირკველიამ "ჩემპიონატ.ქომ"-ს ინტერვიუ მისცა. მასში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გუნდში თავის მდგომარეობაზე, განვლილ საფეხბურთო გზასა და ბავშვობის კუმირებზე საუბრობს.

საბამ ასევე ახსნა, თუ ვინ და რატომ გადაუკეთა გვარი კვირკველია კვერკველიად.

საბას დებიუტი "რუბინში" 2011 წელს შედგა, შემდეგ კი გამოცდილების მისაღებად კლუბმა იჯარით "ნეფტეხიმიკში" გაუშვა. იჯარის ვადა დასრულდა და კვირკველია კვლავ ყაზანურ კლუბში დაბრუნდა.

საბა სამომავლო გეგმებზე საუბარს არ ჩქარობს, თუმცა ამბობს, რომ მისთვის ახლა მთავარი თამაშია.

- "ნეფტეხიმიკში" გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ.
მოედანზე გასვლა რეგულარულად მიხდებოდა. ფიზიკურად თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და თამაში მსურს.

თუმცა, ისიც ვიცი, რომ "რუბინში" ჩემს პოზიციაზე ნამდვილი ვარსკვლავები თამაშობენ, მე კი ჯერ ახალგაზრდა ვარ და ჯერ გამოცდილება უნდა მივიღო.

იმედი მაქვს, რამდენიმე წლის შემდეგ მზად ვიქნები საიმისოდ, რომ ისეთი გუნდის ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად რეალურად ვიბრძოლო, როგორიც "რუბინია".

- ანუ იჯარით კვლავ სხვა გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ ხარ?
- არა, თუმცა "რუბინს" მეორე შეკრებაზე თან გავყვები.

- "რუბინის" ძირითადში თამაში უკვე მოასწარი. რატომ არ ცდილობ, კონკურენტებისგან გამოწვევა ახლავე მიიღო?
- ძირითადში იმიტომ ვთამაშობდი, რომ სეზარ ნავასმა ტრავმა მიიღო, გუნდს კი მცველების დეფიციტი ჰქონდა. სწორედ ამის გამო მათამაშებდნენ. შემდეგ კი კვლავ შედარებით გამოცდილებს ანდეს ადგილი. ყველაფერი ლოგიკურადაა.

ადრე თუ გვიან ჩემი დროც მოვა. თავის გამოჩენა კი სწორედ "რუბინში" მსურს, რომელიც ძალიან კარგი გუნდია.

- საკუთარ თავზე გვიამბე. როგორ აღმოჩნდი ფეხბურთში?
- მე ქალაქ სამტრედიიდან ვარ. მამა ადგილობრივ "ლოკომოტივს" გულშემატკივრობდა და ფეხბურთის ნამდვილი ფანატი იყო. მისი მეგობარი ქალაქის სპორტულ სკოლაში მუშაობდა, რომელსაც "გლორია" ერქვა. მამამაც გადაწყვიტა, რომ ფეხბურთზე ვეტარებინე.

13 წლისა თბილისში გადავედი. თავიდან "დინამოს" სკოლაში დავდიოდი, შემდეგ კი თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში. გსმენიათ ამ ფეხბურთელზე?

- რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ათეულობით მატჩი აქვს ჩატარებული.
- სწორედაც - ლეგენდაა. თბილისში ორ უფროს დასთან ერთად ვცხოვრობდი, 17 წლისამ კი აგენტ რევაზ ჩელებაძესთან კონტრაქტი გავაფორმე. მან გასასინჯად "ზენიტში" წამიყვანა. იქ ახალგაზრდულ გუნდში ნახევარი წელი დავყავი, შემდეგ კი "რუბინის" ვარიანტი გამოჩნდა.

- "ზენიტის" ძირითად გუნდთან ერთხელ მაინც გივარჯიშია?
- ერთხელ და მაშინ უდიდესი შთაბეჭდილებები მივიღე. ჩემს გვერდით იყვნენ - კერჟაკოვი, ბრუნუ ალვეში...

- სხვათა შორის, ბევრის აზრით, ბრუნუ ალვეში, თავის ფასთან მიმართებაში, მოლოდინს ვერ ამართლებს...
- ჩემი აზრით, ის უმაღლესი კლასის მცველია! მე მას თავის ამპლუაში რუსეთის საუკეთესო ოთხეულში შევიყვანდი.

- და "რუბინი" "ზენიტზე" მიმზიდველი რით იყო?
- იმ დროისთვის "ზენიტში" თამაშის არანაირი შანსი არ მქონდა, "რუბინის" ვარიანტი კი პერსპექტიული ჩანდა. თანაც, ყაზანური გუნდის "ახალგაზრდულში" ჩემი თანამემამულე - ავთანდილ ბრაჭული თამაშობდა. ჩავთვალე, რომ მასთან ერთად უფრო გამიადვილდებოდა.

- ქართველ ფეხბურთელებს მოხდენილად თამაში, შეტევა, ფინტების გაკეთება გიყვართ. რამ გადაგაწყვეტინათ მცველის პოზიციაზე თამაში?
- მონაცემები ხელს მიწყობდა. ყოველთვის ტანმაღალი ვიყავი, კარგად ვთამაშობდი თავით. მომწონს ჩემი ამპლუა.

- შენამდე "რუბინში" სხვა კვირკველია თამაშობდა - დათო, თუმცა მას გვარში მესამე ასო "ი" ჰქონდა, შენ კი - "ე" (რუსეთში საბა აქამდე კვერკველიად მოიხსენიება).
- მეც კვირკველია ვარ, მაგრამ მამის პასპორტში შეცდომა გაიპარა. ადამიანი, რომელმაც დოკუმენტი შექმნა, შეცდომა დაუშვა და ასე გახდა მამაჩემი კვერკველია.

- გვარის შესახებ გასაგებია, მაგრამ არ შემიძლია არ გკითხო სახელზეც (სოლომონი)...
- ყველაფერი მარტივადაა. ასე ერქვა პაპას და სახელი მის პატივსაცემად დამარქვეს. როგორც ვიცი, პაპას ეს სახელი ბიბლიური მეფის პატივსაცემად დაარქვეს.

- ქართველი ფეხბურთელებიდან რომელი მოგწონდა, როდესაც პატარა იყავი?
- კახა კალაძე. მან ყველაფერი მოიგო, რაც შეიძლებოდა. სუპერფეხბურთელია!

- მას პირადად იცნობ?
- არა, თუმცა როგორც მე, ისიც სამტრედიიდანაა.

- კარიერის დასრულების შემდეგ ის პოლიტიკაში წავიდა, ახლა ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებს.
- ეე, პოლიტიკა ჩემი საქმე არაა! საერთოდ არ მაინტერესებს. აი, ფეხბურთი კი სხვა საქმეა. კალაძეზე უკვე მოგახსენეთ და ასევე უნდა ვახსენო მისი პარტნიორი "მილანში" ანდრეი შევჩენკო, რომელიც ყოველთვის მომწონდა. უდიდეს პატივს ვცემდი ამ ფორვარდს. შინ მისი პლაკატიც მქონდა.

- შარშან შემოდგომაზე "რუბინი" კიევის "დინამოს" დაუპირისპირდა, რომელშიც შევჩენკო თამაშობდა, შენ კი შემადგენლობაში იყავი.
- იმ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. ეს შოკი იყო! უბრალოდ, დაჯერება მიჭირდა! მით უმეტეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.

- შევჩენკოს სამახსოვროდ მაისური არ გაუცვალე?
- არა, ჩემი პირველი მაისური შენახული მაქვს - შინ, საქართველოში.

- ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შესარჩევ ციკლში "რუბინმა" "ლიონთან" წააგო, შენ კი ავტოგოლი გაიტანე. დიდხანს იყავი ნირწამხდარი?
- ეს უიღბლობა იყო. შევეცადე, რომ მალე დამევიწყებინა.

- განსხვავებით იმ გოლისგან, რომელიც "რუბინისთვის" გაიტანე?
- ჰო, რა თქმა უნდა. ის უდიდესი სიხარულის მომტანი იყო. აქამდე მახსოვს ის წუთიც კი, რომელზეც "ამკარის" კარი ავიღე - 87-ე იყო. თანაც, იმ გოლმა ანგარიშის გათანაბრების საშუალება მოგვცა.

- "რუბინში" მეგობრობთ ვინმესთან?
- ახლო მეგობრობა არავისთან მაკავშირებს. ყველასთან ნორმალური, ერთნაირი ურთიერთობა მაქვს.

- ვხედავ, შეკრებაზე საფეხბურთო მენეჯერის თამაშით ერთობით.
- დიახ, "ბარსელონათი". ეს გუნდი ბავშვობიდან მიყვარს. მამაც მას გულშემატკივრობს.

- გინახავთ "რუბინის" ცნობილი მატჩი "კამპ ნოუზე"?
- რა თქმა უნდა! საერთოდაც, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს არ ვტოვებ.

ისე კი, უწინ რომ ვინმეს ჩემთვის ეთქვა, ერთ მშვენიერ დღეს "რუბინში" მოხვდებიო, გაკვირვებული შევხედავდი. ხომ ხედავთ, თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა ყველაზე მაგარი ფეხბურტელია და კველაზე მაგარი კაცია
gio chaduneli
13:55 17-01-2013
0

სიახლეები პოპულარული