სტადიონზე ცნობილი ევროპული კლუბების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
შევიტყვეთ, რომ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც "ჯვაროსნებისა" და ლვოვის "კარპატის" საყრდენ ნახევარმცველს, მურთაზ (ბუბა) დაუშვილს აკვირდებოდნენ.
"ბუბას გადაყვანით დაინტერესდნენ და შეხვედრას დაესწრნენ "ბაზელის", "ლილის", "რენის", "სენტ ეტიენის" წარმომადგენლები.
ახლა განსაკუთრებით შვეიცარიული კლუბი აქტიურობს და ლვოველებთან მოლაპარაკება სურთ.
მაგრამ ვერ გეტყვით, ეს რამდენად რეალურია. საქმე ისაა, რომ დაუშვილის მომავლით მანამდე შვეიცარიული პასპორტის მქონე გავლენიანი სერბი მენეჯერი ზორან რასიჩიც დაინტერესდა.
თუმცა, ბუბა მშვენიერ ფორმაშია და მგონია, რომ ახლა თუ არა, მომავალში ევროპულ კლუბში მაინც გადავა", - გვითხრა დაუშვილის მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ.
მანვე გაგვიმხილა, რომ ლვოველთა მეორე ქართველი ლეგიონერის, ლევან ყენიას ევროპაში დაბრუნება და სოლიდურ კლუბში მოხვედრაც შესაძლებელია, მაგრამ დაინტერესებული ევროპული კლუბების სახელები კი არ დაუკონკრეტებია, რადგან ლვოველებს ქართველების გაშვება არ სურთო.
შეგახსენებთ, რომ დაუშვილმა უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩი ითამაშა, 14-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ერთხელ შეცვლაზე შევიდა, გოლი კი არ გაუტანია.
მაგრამ უკრაინულმა გამოცემამ "უა-ფუტბოლმა" პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპზე ლვოვის "კარპატის" საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ის დაასახელა - მწვრთნელის, ნიკოლაი კოსტოვის დავალებებს ყველაზე უკეთ დაუშვილი ასრულებსო.
აქვე ვიტყვით, რომ გერმანული "ტრანსფერმარკტის" ცნობით, შვეიცარიული "ბაზელის", ისევე როგორც გერმანული ბუნდესლიგის "ფრაიბურგის", წარმომადგენლები პარიზში არნემის "ვიტესისა" და ჯვაროსანთა მცველს, გურამ კაშიას დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"