ქართული ლეგიონი ევროპის ლიგაზე: ინტერელები დამარცხდნენ, დანარჩენებმა გაიმარჯვეს

AutoSharing Option
18 ივლისს გამართულ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობა არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო, რომელთა ნაწილისთვისაც ეს დღე წარმატებული გამოდგა, ნაწილისთვის კი - მარცხიანი.

ბაქოს "ინტერი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ნორვეგიულ "ტრომსოსთან". კახა ცხადაძის გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ალექსანდრე იაშვილმა, ბაჩანა ცხადაძემ და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა, ესპანელმა მიკელ ალვარომ.

მეორე აზერბაიჯანულმა კლუბმა, "ყარაბახმა", რომლის ღირსებასაც ნიკოლოზ გელაშვილი იცავს, პოლონური "პიასტი" მიიღო და 2:1 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი "ყარაბახის" სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს და 75-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვიურმა "ვენტსპილსმა" შინ მოკრძალებული
ანგარიშით, 1:0 სძლია მოკრძალებულ მეტოქეს, ლუქსემბურგულ "ჟენეს ეშს". თორნიკე თარხნიშვილი მასპინძელთა თადარიგში იყო.

ლატვიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის "სკონტომ" ჩეხურ "ლიბერეცს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

სკონტოელი ირაკლი კლიმიაშვილი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, მისი თანაგუნდელი ლადო დათუნაშვილი სათადარიგო იყო, ხოლო "სკონტოს" კიდევ ერთი ქართველი, ლაშა დვალი უკვე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების განკარგულებაშია.

შეგახსენებთ, ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი 20 ივლისს ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული