ჯაბა კანკავა უკრაინის სიმბოლურ ნაკრებში - ქართველი "დნიპროსთვის" შეუცვლელია

AutoSharing Option
საერთაშორისო ინოვაციური კომპანია "ინსტატ ფუტბოლი" 2007 წელს მოსკოვში დაარსდა. მისი კლიენტები საფეხბურთო კლუბები და მედიის წარმომადგენლები არიან. ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიის თანამშრომლები 20 წამყვან საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირსა და ლიგაში თითოეული მოთამაშისა თუ გუნდის მონაცემებს აანალიზებენ.

სწორედ ეს არის კომპანიის ბიზნესი, რომლის გამოც მასთან 70 კლუბი თანამშრომლობს, "ინსტატ ფუტბოლი" კი ამ კლუბებს კონკურენტებზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

თავიდან ეს კომპანია დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში საქმიანობდა, მაგრამ ბოლო ორი წელია, აქტიურად დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზეც - ჰოლანდიაში, გერმანიაში,
რუმინეთში, ბრაზილიაში, სლოვენიაში, ჩეხეთში...

კომპანიასთან თანამშრომლობს უკრაინული ინტერნეტგამოცემა football.ua და სწორედ მის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს იქაური პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებებს თუ სხვა მონაცემებს.

გამოცემამ მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა და მასში ჯაბა კანკავაც შეიყვანა. 4-2-3-1 სისტემით შედგენილ გუნდში დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საყრდენად გაამწესეს.

სპეციალისტების შეფასებით, უჟგოროდის "ჰოვერლასთან" შეხვედრა ჯაბამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. გარდა ამისა, მან ტურში ყველაზე მეტი (23) ორთაბრძოლა მოიგო, მისი სამი კონკურენტი კი ანალოგიურ ორთაბრძოლებში 20-20-ჯერ დარჩა გამარჯვებული.

მეორე უკრაინული გამოცემა Ua-football წერს:

"დნიპროს" წარმატებული სტარტი დიდწილად ცენტრალური ნახევარმცველების ორგანიზებული და თავდაუზოგავი თამაშის შედეგია.

ქართველ საყრდენ ჯაბა კანკავას ამ გუნდში ერთ-ერთი საკვანძო როლი დაეკისრა, რასაც ის თავს წარმატებით ართმევს, ხშირად ის "შავ" და შეუმჩნეველ სამუშაოსაც ასრულებს.

მაგრამ მის თამაშს თუ დააკვირდებით, შეუძლებელია, არ შეამჩნიოთ, როგორ თავდაჯერებულად აკონტროლებს მოედნის ცენტრალურ ზონას, როგორ ეფექტურად ასწორებს თანაგუნდელთა შეცდომებს და მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონივით გამოიყურება".


სასიხარულოა, რომ კანკავამ ტრავმებით გამოწვეული ჩავარდნა დაძლია და ფორმა აღიდგინა. 26 წლის ქართველმა ისეთი ამბიციური მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა, როგორიც დნეპროპეტროვსკელთა დამრიგებელი ხუანდე რამოსია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "სევილია" 2006 და 2007 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა უეფას თასის მფლობელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული