აზერბაიჯანში ამირან გვენცაძემ ნიგერიელ იბეკოას ხელი გაარტყა

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების საუიქენდო მონაგარის შესახებ სანახევროდ გუშინ გიამბეთ, ახლა კი მეორე ნახევრის თამაში მიმოვიხილოთ. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მოიკ-ის ქართველ მეკარე ამირან გვენცაძეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. გვენცაძემ, რომელიც თავისი გუნდის ერთადერთი ლეგიონერია, ასეთი მკაცრი სასჯელი იმიტომ მიიღო, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩისას აზალ-ის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ იბეკოიას სიმულაცია ვერ მოითმინა და მას ხელი დაარტყა, რისთვისაც გაძევება, მოგვიანებით კი ზემოთ ნახსენები სანქცია დაიმსახურა. ამას გარდა, გვენცაძის საქციელისთვის მისი კლუბი 4 ათასი მანათით დააჯარიმეს. გვენცაძე მე-60 წუთზე გააძევეს, აზალ-ელი ნუგზარ
კვირტია კი სათადარიგო იყო.

"მუღანი", რომლის ღირსებასაც დავით სვანიძე იცავს, შინ 0:3 განადგურდა "ნეფთჩისთან". ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა. რევაზ ძოძუაშვილის "თურანმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "განჯას". მასპინძელთა რიგებში ითამაშეს შალვა ფირცხალავამ და გიორგი ჭედიამ, სტუმართა შორის კი ზურაბ ძამსაშვილი და გიორგი სეთურიძე გამოჩდნენ. გიორგი ადამიას "ყარაბახი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბაქისთან", ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. კახა ცხადაძის "ინტერი" შინ "გაბალასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. ბაქოელთა ძირითადში იყვნენ ილია კანდელაკი და ვალერი აბრამიძე, მეორე ტაიმში კი დავით ოდიკაძე კახაბერ მჟავანაძემ შეცვალა.

სომხეთში "ულისემ" შინ "მიკას" 3:2 სძლია, რაშიც გოლით წვლილი გაგა თიბილაშვილმა შეიტანა.

ეს სამეზობლოს ამბები იყო, ისრაელში კი ჰაიფას "მაქაბიმ" გასვლაზე რამათ განის "ჰაპოელს" 3:1 მოუგო, მაგრამ ვლადიმერ დვალიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მოედანი უგოლოდ დატოვა. ნათანიის "მაქაბის" რიგებში 13 წუთი (შეცვლაზე) ითამაშა გაგა ჩხეტიანმა, ზურაბ მენთეშაშვილი კი აშქელონის "ჰაპოელს" დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა. გასულ უქმეებზე ისრაელში ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად კოკა მიკუჩაძემ ითამაშა, რომელმაც ბნეი ლოდის "ჰაპოელს" რამათ განის "მაქაბისთან" გამარჯვებაში (2:1) გოლით დაეხმარა. მანაც და გიორგი გაბიდაურმაც ძირითადში ითამაშეს.

სერბეთის ჩემპიონატის გასულმა ტურმა გიორგი მერებაშვილის გარეშე ჩაიარა. ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკისა" და "ვოივოდინას" მთელი შეხვედრა სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

შვეიცარიის ჩელენჯლიგაში ითამაშა გიორგი ივანიშვილმა, "ლოკარნოს" წინააღმდეგ 1:3 წაგებულ მატჩში იგი "შაფჰაუზენის" შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი ათამაშეს. პოლონეთის პირველ ლიგაში "ოდრამ" "პოგონს" 2:0 სძლია. კობა შალამბერიძე "ოდრას" სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. დანიის პირველ დივიზიონში გიორგი დევდარიანის "ორჰუსმა" გიორგი ფოფხაძის "ვიბორგი" 1:0 დაამარცხა. დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშა, ფოფხაძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული