ვახტანგ კვარაცხელია კარიერას ისრაელში გააგრძელებს

AutoSharing Option
ვახტანგ კვარაცხელია კარიერას ისრაელში გააგრძელებს. ეს ამბავი 25 წლის თავდამსხმელმა "ლელოს" თავად აცნობა.

"კონტრაქტი უმ ალ-ფაჰმის "მაკაბისთან" გავაფორმე. ეს გუნდი რანგით მეორე ლიგაში (ლეუმითლიგა) გამოდის.

კონტრაქტი 8-თვიანია და ამის მიუხედავად, გვაქვს შეთანხმება, რომ იანვრამდე საინტერესო წინადადება თუ გამომიჩნდა, წასვლის უფლება მექნება",
- ამბობს კვარაცხელია.

ქართველი თავდამსხმელი საკითხის იურიდიული მხარის მოგვარებას ელოდება, რათა გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს:

"თუ ფეხბურთელის ტრანსფერის საერთაშორისო სერთიფიკატის საქმე დროულად მოგვარდა, უკვე 11 ოქტომბერს ახალი გუნდის ფორმით პირველად ვითამაშებ. წესით, ეს აქამდეც უნდა მოგვარებულიყო და 7-ში ფეთახ
თიკვას "ჰაპოელთან" უნდა მეთამაშა კიდეც, მაგრამ ვერ მოესწრო".


სხვათა შორის, 25 წლის თავდამსხმელს ევროპალიგის მონაწილე ებრაულ კლუბში ჩარიცხვის რეალური იმედიც ჰქონდა:

"ორი თვეა, რაც ისრაელში ვარ. თავიდან რამათ-განის "ჰაპოელში" ვვარჯიშობდი. ეს გუნდი ისრაელის თასის მფლობელია და წლეულს ევროპალიგაზე გამოდიოდა, საიდანაც პორტუგალიურმა "ეშტორილმა" გამოაგდო.

თითქოს იქ დარჩენა გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ცალკე - ლეგიონერზე გადასახადის პრობლემამ და ცალკე - უცხოელებზე დაწესებულმა ლიმიტმა თამაშის
უფლება საკმაოდ შემიზღუდა. ჩემ გამო ერთი ლეგიონერის გაშვებაც სურდათ.

მაგრამ ისრაელის ფეხბურთის ფედერაციამ "ჰაპოელს" ამ ლეგიონერთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება არ მისცა და მეც ახალი კლუბის მოძებნა მომიხდა".


ლეუმითლიგაში 5 ტურია გასული და უმ ალ-ფაჰმის "მაკაბის" ჯერ ქულაც არ აქვს, ოღონდ... უცნაური ისაა, რომ ამ გუნდმა 5 ტურიდან მხოლოდ 2-ში ითამაშა.

იყო დრო, ვახტანგ კვარაცხელია ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად მიიჩნეოდა. სხვათა შორის, უმაღლესში პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა - ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი "თბილისში" გამოჩნდა; 17 წლისა, ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, "ლიონში" სტაჟირებაზე იმყოფებოდა; შემდეგ იყო ლიტვური "ვეტრა", რუსთავის "ოლიმპი"...

კარიერის საუკეთესო წლები "ვიტ ჯორჯიასა" და ბათუმის "დინამოში" გაატარა, სადაც სტაბილურად თამაშობდა და გოლებიც მრავლად გაჰქონდა. კვარაცხელიამ ითამაშა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც და პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ირლანდიას გოლიც გაუტანა.

2010 წლის ზაფხულში კვარაცხელია მშობლიური ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, მაგრამ არ გაუმართლა - უმძიმესი ტრავმის გამო თითქმის ერთი წელი გაუცდა და ორი სეზონის განმავლობაში სულ 28 ოფიციალური მატჩი (3 გოლი) ჩაატარა.

სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ ტანმაღალი ფორვარდი რამდენიმე გუნდში ისინჯებოდა, თუმცა ტრანსფერამდე საქმე არ მისულა. წლეულს კი "ტორპედოსთან" ერთად ესპანურ შეკრებაზეც იყო, მაგრამ ფორმა სრულად ვერ აღიდგინა და კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მარტში კვარაცხელიამ დროებით რუსთავს მიაშურა, მაგრამ საქართველოში გაჩერება არ სურდა. სხვათა შორის, ყოფილმა ვიტჯორჯიელმა პირველი სერიოზული ტრავმა 2010 წელს... ისრაელში მიიღო - ერთ-ერთ ებრაულ კლუბში სინჯებზე წავიდა და ფეხმოტეხილი დაბრუნდა. არადა, ერთი დღის შემდეგ კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული