"იმაზე, რომ 2013 წელი "დნიპროს" ქართველი ლეგიონერისთვის წარუმატებელი იყო, სტატისტიკა მეტყველებს.
თუკი წინა ორ სეზონში მას კიევის "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში (სადაც იჯარის წესით თამაშობდა) ფეხი მყარად ჰქონდა მოკიდებული და შიდა პირველობაზე სეზონნახევრის განმავლობაში 45 მატჩში 11 გოლიც გაიტანა, შარშან ზამთარში "დნიპროში" დაბრუნებული სანდრო მოედანზე უკვე ძალზე იშვიათად ჩნდება.
წელს კობახიძემ ჩემპიონატის მატჩებში სასტარტოში თამაში მხოლოდ ორჯერ დაიწყო.
ასე რომ, გველის წელიწადი ფეხბურთელისთვის ისე წარიმართა, წარმატებულს ვერ უწოდებ", - წერს საიტი.
- სანდრო, ზაფხულში, ბოლო მომენტამდე არ იცოდი, სათამაშო დროის სიმცირის გამო დარჩებოდი თუ არა დნეპროპეტროვსკში. უკან მორჩა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 17 მატჩი, მთლიანობაში კი სულ 48 წუთი ითამაშე. ასევე, ტაიმი ჩაატარე უკრაინის თასზე და ორი სრული შეხვედრა - ევროპალიგაზე. ახლა თუ დგას შენთვის დღის წესრიგში დნეპროპეტროვსკში დარჩენა-არდარჩენის საკითხი?
- საკითხი ჯერჯერობით ასე არ დგას. ხელმძღვანელობასაც ჩემთვის ამ თემაზე არაფერი უთქვამს, ჩემი მხრიდან კი იმის თქმა შემიძლია, რომ "დნიპროში" დარჩენა ძალიან მინდა. ანუ სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ.
- მაგრამ სათამაშო დროსთან დაკავშირებით ხომ არის პრობლემები? ვფიქრობ, ამით კმაყოფილი არ უნდა იყო.
- რომელი ფეხბურთელი იქნება კმაყოფილი, რომელსაც ცოტას ათამაშებენ? მაგრამ ეს ფეხბურთია - დღეს ყველაფერი ასეა, ხვალ კი შეიძლება სულ სხვაგვარად იყოს. ეს აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა - ვიღაც მეტს თამაშობს, ვიღაც - ნაკლებს.
ჩემი საქმე ისაა, როდესაც შანსი მეძლევა, მოედანზე გავიდე და ყველაფერი საკუთარი გარჯით დავამტკიცო. მაქსიმუმს გავიღებ, რათა ხშირად ვითამაშო.
- თავად რამდენად ობიექტური გგონიათ, ძირითადში ადგილისთვის კონკურენციაში რომ მარცხდებით?
- თუკი კონოპლიანკასთან მეტოქეობაზე ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, რომ ის უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ჩემი აზრია. და აქვე ვიტყვი, რომ მასთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თუმცა გავიმეორებ: ის უკრაინაში საუკეთესო მგონია.
სხვა საქმეა, რომ მე არამხოლოდ მარცხნივ, მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შემიძლია...
მთლიანობაში კი, ვერ ვიტყვი, რომ "დნიპროში" კონკურენციას ვერ ვუძლებ. უბრალოდ, დაველოდები იმ დროს, როდესაც მწვრთნელი შანსს მომცემს და შევეცდები, თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო.
- ამ ზაფხულს კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ. რა მოტივი გამოძრავებდათ ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
- "დნიპრო" - ეს ისეთი კლუბია, რომელთანაც ჩემს ადგილზე ნებისმიერი მოისურვებდა კონტრაქტის გაფორმებას. სხვა საქმეა, რომ ცოტას მათამაშებენ და ეს არ მაკმაყოფილებს.
რაც შეეხება კონტრაქტის გაფორმებისას მოტივს, ის ერთი იყო - მინდა ვთამაშობდე "დნიპროში", ესაა და ეს.
- და კიდევ გაქვთ იმედი, რომ გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის ხელში ოდესმე მეტი სათამაშო დრო მოგეცემათ?
- ხუანდე რამოსთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. პატივს ვცემ მის აზრს და როგორც ის გადაწყვეტს, ისე იქნება. თავად კი ყოველთვის მექნება იმის რწმენა, რომ დროთა განმავლობაში ვითარება ჩემთვის სასიკეთოდ შეიცვლება.