"ჟილ ვისენტეს" არ ულხინს. პორტუგალიის ჩემპიონატში გუნდს ბოლო ადგილი უჭირავს, თუმცა 6-ქულიანი კლუბი განწირული არ არის და გადარჩენის შანსს ინარჩუნებს.
სწრაფი, ტექნიკური ნახევარმცველი სამომავლოდ გამოსადეგი უნდა იყოს საქართველოს უპირველესი გუნდისთვის.
28 დეკემბერს "ლელომ" ებრალიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სრულად გამოჯანმრთელდით?
- ამ კვირაში დავიწყე ვარჯიში. თავს უკეთესად ვგრძნობ. ახლა ფორმის აღდგენის პროცესი
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს "ჟილ ვისენტე" პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
- უნდა შევძლოთ. "ჟილ ვისენტე" არ იმსახურებს ბოლო ადგილზე ყოფნას. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ასევე ფიქრობენ სპეციალისტებიც. ყველა თანხმდება იმაზე, რომ თავისი პოტენციალით "ჟილ ვისენტე" ცხრილის შუაში უნდა იყოს, თუმცა რეალობა ისაა, რასაც ახლა ვხედავთ - ბოლო ადგილზე ვართ.
- რატომ? რა არის ამის მიზეზი?
- მე ცვლილებებს დავასახელებდი. შეიცვალა მწვრთნელი, ტაქტიკა, ვარჯიშები... ხდება ხოლმე, მწვრთნელის შეცვლას ეგრევე მოაქვს შედეგი. ჩვენს შემთხვევაში დრო გვჭირდება, ეს ფაქტია. არ მინდა, გადაჭარბებულად ვისაუბრო, მაგრამ ჩვენი გუნდის მჯერა. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება მდგომარეობა და სატურნირო ცხრილში იმ ადგილზე ვიქნებით, რომელსაც "ჟილ ვისენტე" იმსახურებს.
- თუ "ჟილ ვისენტე" მაინც გავარდა უმაღლესი ლიგიდან, დარჩებით ამ გუნდში თუ სხვა გზას მონახავთ?
- ჯერჯერობით "ჟილ ვისენტეს" ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბთან მაკავშირებს კონტრაქტი. ახლა ასეა და მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით.
- საქართველოს ნაკრების კანდიდატი ხართ და ეროვნულ გუნდში კახა ცხადაძის დანიშვნაზეც უნდა გკითხოთ...
- პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მწვრთნელს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ცხადაძეს არ ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ კარგი მსმენია მასზე. იმედია, მომეცემა მასთან მუშაობის შანსი.
საქართველოს ნაკრები ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული გუნდია და მჯერა, მალე ყველა ერთად გავიხარებთ მისი წარმატებით.
P.S. 28 დეკემბერს პორტუგალიის ლიგის თასზე "ჟილ ვისენტე" "კოვილიას" შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ავთო ებრალიძე თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"