შოთა გრიგალაშვილი კარიერას ისევ კვიპროსში, "ნეა სალამისში" გააგრძელებს

AutoSharing Option
შოთა გრიგალაშვილი კვიპროსის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ნეა სალამისში" ითამაშებს, სადაც კიდევ ერთი ქართველი, ლაშა გვალია ისინჯებოდა.

ყოფილ კლუბ "ომონიაში" შოთას სათამაშო პრაქტიკა აკლდა და გუშინ დილით სანდო წყაროსგან გავიგეთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდს ეძებდა. სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმების პროცესში ვიყავით, როცა shootandgoal.com-ი წამოგვეშველა. მან გრიგალაშვილის ახალი კლუბის თაობაზე დაწერა.

ამ დროისთვის, ნიკოს პანაიოტუს გაწვრთნილი "ნეა სალამისი" კვიპროსის ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

ამასობაში, ნიქოზიის "ომონიას" ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბსა და ქართველ ნახევარმცველს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

გრიგალაშვილის გადაბირებით, ქუთაისის "ტორპედოში" ახლახან დანიშნული გიორგი დარასელია იყო დაინტერესებული, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ "ომონიამდე" გრიგალაშვილს თბილისის "დინამოში", "ბორჯომში", "მესხეთში", "ზესტაფონში", "ალანიაში", "სკა ენერგიასა" და "ანორთოსისში" უთამაშია. ამას გარდა, მან 10 მატჩი საქართველოს ნაკრებშიც ჩაატარა.

რაც შეეხება გვალიას, კვიპროსული მედიის ცნობით, მას ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული