Berliner Zeitung: კობიაშვილი საქართველოში საფეხბურთო რევოლუციას გეგმავს

AutoSharing Option
Berliner Zeitung-ი აქვეყნებს მცირე ინტერვიუს ლევან კობიაშვილთან, რომელიც ამჟამად ბერლინის "ჰერტას" აკადემიაში მუშაობს.

"ლევან კობიაშვილის კონტრაქტი "ჰერტასთან" იწურება, მას დიდი გეგმები აქვს - სამშობლოში საფეხბურთო რევოლუციის მოწყობა სურს.

37 წლის კობიაშვილმა "ჰერტას" საფეხბურთო კარიერის ოთხი წელიწადი შეალია. მის დროს იგემა "ჰერტამ" დაქვეითების სიმწარე და უკან დაბრუნების სიხარულიც. ის გახლდათ ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული უცხოელი, 351 თამაშით.

ახლა ლევანის საქმიანობა საოფისეა, ის "ჰერტას" აკადემიაში მუშაობს. 30 ივნისს მას "ჰერტაში" ბოლო სამუშაო დღე ექნება და მერე, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, ის
სამშობლოში გაემგზავრება", - წერს გაზეთი.

კობის გეგმა
"უკვე ცხადია, რომ მე ახალ სარბიელს ვეძებ - გადავწყვიტე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. მსურს, ჩემს სამშობლოში არსებული საფეხბურთო ვითარება კარგისკენ შევცვალო, გავაუმჯობესო ცუდი ინფრასტრუქტურა.

როგორც კი ფედერაციის არჩევნების თარიღი გამოცხადდება, მე თბილისში, თანამოაზრეებთან ერთად, კამპანიას დავიწყებ. ეს კი რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

მოკლედ, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ზაფხულიდან მე უკვე თბილისში ვიქნები", - განუცხადა კობიაშვილმა გერმანულ მედიას.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ასე რომ, "ჰერტაში" მუშაობა კობიაშვილისთვის მეხუთე წლის ბოლოს დასრულდება.

"ჰერტაში" ჩემთვის უარყოფითი არაფერია. იქიდან არავინ მათავისუფლებს. უბრალოდ, მინდა ჩემს მთავარ მიზანს მივაღწიო", - განაცხადა ნაკრებში 100 კეპის მომხვეჭელმა ქართველმა Berliner Zeitung-თან ინტერვიუში.

"ჰერტას" მხარდაჭერა
აი, რა თქვა "ჰერტას" გენერალურმა მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა:

"კობი კარგად მუშაობს აკადემიის სტრუქტურაში. ის შეგვხვდა ჩვენ და თავისი მიზნები გაგვაცნო. ორგანიზაცია პატივს სცემს მის არჩევანს და ბოლომდე უჭერს მხარს. "ჰერტაში" მას ბევრი ისეთი რამ შევასწავლეთ, რაც სამშობლოში გამოადგება.

თუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით იქნა, ის წავა სამშობლოში ფედერაციის პრეზიდენტობისთვის საბრძოლველად, თუ არა - ჩვენ თანამშრომლობას ისევ გავაგრძელებთ".

ასე რომ, "ჰერტასთვის მცირე შანსი მაინც რჩება, რომ ქართველი ისევ ბერლინში დაბრუნდეს; ყოველ შემთხვევაში, მისთვის "ჰერტას" კარი ღიაა...
მკითხველის კომენტარები / 7 /
მე პირადად, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ყველა მიტინგზე ვარ ნამყოფი და დაფიცებული მაქვს, რომ არც ერთ მიტინგზე აღარ წავიდე, ერთადერთი თუ ქართულ ფეხბურთს დაჭირდება ქუჩაშიც გამოვალ, შიმშილობის აქციასაც მოვაწყობ და ყველაფერზე ვარ წამსვლელი. კარგია რაგბიც, ჭიდაობაც, კალათბურთიც და ყველაფერი მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის (ისევე როგორც ბევრისათვის) ყველაფერია. დავდგეთ ერთად, გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი და ეს ეღირება ნახევარ სიცოცხლეთ დამიჯერეთ. ლევან კობიაშვილი ღირსეული კაცი და ფეხბურთზე ავადმყოფურად შეყვარებული კაცია და მჯერა ის ამას შეძლებს. ჩვენი თანადგომით.
bebe
12:18 08-04-2015
0
კობიზე დადების მეტი რა უნდა თქვა, გარემო რომელშიც მოუწევს მუშაობა აუ მაგაზე რა ვთქვა არ ვიცი
თბილისი
11:24 08-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული