ირაკლი სირბილაძე: მწვრთნელი გადამეხვია, ქომაგები კი ჩემს სახელს სკანდირებდნენ

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძის "კუპსმა" ფინეთის თასის გათამაშების მეოთხედფინალში შინ 4:0 მოუგო "კესკი უუსიმაას" და ნახევარფინალში გავიდა. გუნდის წარმატებაში უდიდესია 32 წლის ქართველი ფორვარდის წვლილი, ვინც 4-დან 3 გოლი მიითვალა.

სირბილაძეს კუოპიოში დავუკავშირდით და თამაშის შეფასებასთან ერთად, მის გოლებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. მართალია, "კუპსს" მეტოქედ პირველი ლიგის (იკონენი) გუნდი ჰყავდა, მაგრამ სათასო მეოთხედფინალი იოლი არასოდეს არის. ამაში ქართველი ფორვარდიც გვეთანხმება...

"იოლი არ ყოფილა. მეტოქე იკონენ ლიგის გუნდი იყო. სამი ლეგიონერი ჰყავთ. მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო ჩვენი უპირატესობა და ნახევარფინალის საგზური დამსახურებულად ვირგუნეთ",
- გვეუბნება სირბილაძე და თავის გოლებზეც გვიამბობს:

"პირველი გოლი მას შემდეგ გავიტანე, რაც ფლანგიდან მივიღე პარტნიორის კარგი პასი. ფეხით შევაგდე, ერთი შეხებით. მეორე გოლი უკვე სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. თანაგუნდელმა კუთხური ჩამოაწოდა და თავით დავასწარი მცველებს.

რაც შეეხება მესამე გოლს, თანაგუნდელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და ჩემკენ გადმოვარდა. ერთი შეხებით დავამუშავე და მეორით მოწინააღმდეგის კარში გადავგზავნე.

მეტოქეს კიდევ ერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გავუტანეთ და, სხვათა შორის, ის პენალტიც მე გამოვიმუშავე. შემეძლო, მე დამერტყა, მაგრამ თანაგუნდელს დავუთმე. მასაც ხომ უნდოდა გატანა?!"

რა რეაქცია მოჰყვა ქართველი ფორვარდის წარმატებას?

"ნამატჩევს, მწვრთნელიც და ხელმძღვანელებიც ძალიან კმაყოფილნი იყვნენ. მწვრთნელი გადამეხვია, ქომაგები კი ჩემს სახელს სკანდირებდნენ", - ამბობს ჰეთთრიკოსანი.

"კუპსს" ორი ბარიერი დარჩა ფინეთის თასის დაუფლებამდე. თუ სირბილაძემ ასე ითამაშა, მისი გუნდის შეჩერება ყველას გაუჭირდება.

"მე ბოლომდე ვეცდები. ჩვენი მიზანი თასის მოპოვება და ფინეთის ჩემპიონატის სამეულში დამკვიდრებაა", - დაასრულა ირაკლიმ, რომლის გუნდიც ფინეთის ვეიკაუსლიგაშიც (მთავარი დივიზიონი) ყოჩაღობს - ჯერ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და ორივეში "მშრალად" გაიმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაგ მესამე ლიგის გუნდს 3 ბურთი გაუტანა. შეგძლებია რა როდესაც მოინდომებ.
LEvan
07:20 29-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული