სამი ქართული გოლი და ჩვენებური ვოლფსბურგის განაცხადში

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილის ბოლოდროინდელი შედეგიანობის გამო უქმეების ქართული ლეგიონის მონაგარის მიმოხილვას კვლავ მისი წარმატებით დავიწყებთ. დვალიშვილმა გოლი ისრაელის ჩემპიონატის ამ ტურშიც გაიტანა, ამჯერად ბეერ-შევას "ჰაპოელის" კარი დალაშქრა. ლადომ მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ სტუმრებმა ბევრი იბრძოლეს და ჰაიფას "მაქაბის" ანგარიში ორჯერ გაუთანაბრეს. 2:2 და სანამ დღეს მის მთავარ კონკურენტსა და ისრაელის მოქმედ ჩემპიონ თელ ავივის "ჰაპოელს" უთამაშია, დვალიშვილის გუნდი სატურნირო ცხრილს სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა.

გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგებში მეორე წრე
დაიწყო და იქ მოთამაშე ქართველთაგან საქმეში ორი მათთგანი ჩაერთო, რომელთაგანაც ალექსანდრე იაშვილმა უფრო შედეგიანად ითამაშა. "კარლსრუე"-"ფიურტის" მატჩის 77-ე წუთზე, როცა სტუმრები წინ იყვნენ, მათ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა. ეს იაშვილის მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში. სამწუხაროდ, მან სეზონის მეხუთე გაფრთხილებაც მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ტურში "არმინიას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. იაშვილი "შპორტალმა" 3,5-ით შეაფასა, ქართველთან ერთად ასეთი ქულა მისმა კიდევ ოთხმა თანაგუნდელმა დაიმსახურა, უკეთესი შეფასება კი "კარსლრუეში" არავის მიუღია.

მათე ღვინიანიძემ "ბოხუმთან" საშინაო დაპირისპირებაში მეორე ტაიმი ჩაატარა. იგი მოედანზე მას შემდეგ შეიყვანეს, რაც "მიუნხენ 1860"-ს ცენტრალური მცველი ბიულოვი გაუძევეს. მიუნხენელები 1:3 დამარცხდნენ, ღვინიანიძის თამაშში ჩართვის მომენტში ანგარიში 0:1 იყო. მათეს "შპორტალმა" ოთხიანი დაუწერა.

ბოლო დროს დამაჯერებლად ათამაშებული კახა კალაძე კვლავაც გაამწესეს "ჯენოას" ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ამჯერად გენუელებს ხელი მოეცარათ და შინ "უდინეზესთან" 2:4 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა. ამ მარცხით კალაძის გუნდი გასავარდნი ზონის შორიახლოს დარჩა. სერია B-ში "ფროზინონეს" წინააღმდეგ არ უთამაშია "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძეს, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა.

ლევან კობიაშვილის "ჰერტა" დღეს "ობერჰაუზენს" ესტუმრება, ლევან ყენია კი თავს ისე კარგად ჯერ ვერ გრძნობს, "შალკეს" განაცხადში რომ მოხვდეს. სამაგიეროდ, "ბაიერნის" წინააღმდეგ "ვოლფსბურგის" მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა 19 წლის ნახევარმცველი აკაკი გოგია, რომელიც, მართალია, გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ მისი ასეთი წარმატება მაინც გამოსარჩევი ამბავია.

ინგლისის ჩემპიონშიფში "რედინგმა" "დონკასტერი" 3:0 გაანადგურა, რაშიც ზურაბ ხიზანიშვილს მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. საფრანგეთის მეორე ლიგაში "ლე მანი" 0:3 განადგურდა. გიორგი მაკარიძე ამჯერად განაცხადში არ ყოფილა.

საბერძნეთში "ერგოტელისმა" სტუმრად "ქსანთის" 1:0 სძლია, რაშიც თავისი წვლილი გიორგი შაშიაშვილმაც შეიტანა - მოედანზე 90 წუთი დაყო. კვიპროსზე კი "ერმისმა" "დოქსას" 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი ლევან მაღრაძის ანგარიშზეა.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული