ბაქოს "ინტერი": ამათაც უნდა ვუქომაგოთ!

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაურ სვანაძე
მოახლოებულ ევროტურნირებზე თითოეული ჩვენთაგანის ყურადღება, რაღა თქმა უნდა, ქართული გუნდებისკენაა მიმართული; თუმცა, ასევე გარკვეულ ინტერესს იწვევს იმ გუნდების ასპარეზობაც, სადაც ჩვენებურები გამოდიან.

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე გუნდებს შორის კი ყველაზე მეტი ქართველი (ისე როგორც ბოლო წლებში) ამჯერადაც ბაქოს "ინტერშია", რომელიც 2 ივლისს, ალბანურ "ლაჩის" სტუმრად დაუპირისპირდება.

არადა, მოვლენების ასეთ განვითარებას ბევრი არც მოელოდა: აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო და სტაბილური გუნდი ხომ უკვე 5 თვეა სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის; თუმცა, რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების მიუხედავად, ქართველი
სპეციალისტის, აწ უკვე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერი" წინა სეზონში ბოლო ტურამდე იყო ჩართული "ყარაბაღთან" ერთად "საჩემპიონო რბოლაში".

სხვათა შორის, წინა სეზონში "ინტერს" მართლაც უნიკალური შედეგი ჰქონდა: ზედიზედ 22 ოფიციალური მატჩი ჩაატარა წაუგებლად! თუ არ ვცდებით, ევროპაში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ხორვატიისა და უელსის ჩემპიონებს (შესაბამისად, ზაგრების "დინამოს" და "ნიუ სეინთსს") ჰქონდათ.

ასეთი სერიოზული ფინანსური პრობლემებისა და გაურკვეველი მომავლის გამო, წინა სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე "ინტერიდან", ფაქტობრივად, ყველა წავიდა! ასე დასრულდა "ინტერში" კახა ცხადაძის ექვსწლიანი წარმატებული მოღვაწეობა: ერთხელ ჩემპიონი გახდა, ორჯერ მეორე ადგილზე გავიდა, ორჯერ - მესამეზე, 2011 წელს კი "თანამეგობრობის თასზე" გაიმარჯვა.

ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს, აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ცხადაძის სარეკორდო მაჩვენებლები რომელიმე უცხოელმა მწვრთნელმა რომ გააუმჯობესოს...

ახალი ინტერი და ძველ-ახალი ქართველები
წინა სეზონის დამთავრების შემდეგ, კახა ცხადაძის გარდა, "ინტერიდან" სხვა ქართველებიც წავიდნენ: გუნდის ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.

საერთოდ კი, "ინტერიდან" 17 ფეხბურთელი წავიდა და ქართველების გარდა, სხვა ლეგიონერებიც უნდა ვახსენოთ: მიკელ ალვარო, ივან ბენიტესი (ორივე - ესპანეთი), ნილდო (ბრაზილია), დერლის მეზა კოლი (პარაგვაი), მატეა შპიჩიჩი (ხორვატია), ვოჟისლავ სტანკოვიჩი (სერბეთი), იოჰან ბოკოიანო (საფრანგეთი), რუბენ სხაკენი (ჰოლანდია).

დავუმატოთ ამათ გუნდიდან ასევე წასული შვიდი ადგილობრივი ფეხბურთელი (ყველა მათგანი აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ან კანდიდატია) და ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ევროტურნირების დაწყების წინ ეს გუნდი. თუმცა, ჯერ ის იყო გასარკვევი, თუ ვინ იქნებოდა "ინტერის" მთავარი მწვრთნელი და აი, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ გადაწყდა, რომ გუნდს ზაურ სვანაძე დამოძღვრავდა!

თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 1981 წლის ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულმა ზაურ სვანაძემ აქტიური საფეხბურთო კასრიერა შვედეთში დაასრულა, სადაც მერე წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდს წვრთნიდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასევე სამწვრთნელო ასპარეზზე გახლდათ და სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა; ამას გარდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, 2012 წლის ზაფხულიდან წლევანდელ ივნისამდე კი ბაქოს "ინტერის" მეორე მწვრთნელი იყო და კახა ცხადაძეს ეხმარებოდა.

ახლა კი, ფაქტობრივად, ახალი გუნდით მოუწევს ჯერ - ევროტურნირებზე, შემდეგ კი აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში გამოსვლა.

ძირითადი შემადგენლობიდან "ინტერში" მხოლოდ აზერბაიჯანის ერონული ნაკრების მეკარე სალახატ აგაევი დარჩა, დანარჩენებს კი (მათ შორის ლეგიონერებს - სეზარ მეზა კოლის, სლავჩო გეორგიევსკის, დიეგო მადრიგალს) თამაში ეპიზოდურად თუ უწევდათ.

მოკლედ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ევროტურნირებზე "ინტერის" განაცხადში ფეხბურთელთა უმეტესობა ახალგაზრდები იქნებიან; თუმცა, ის "ერთი-ორი გამონაკლისი" მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია: კვლავაც "ინტერში" გააგრძელებს კარიერას 35 წლის გიორგი ლომაია, რომელიც ამ კლუბში თავის მეშვიდე სეზონს დაიწყებს.

ორიოდე დღის წინათ კი "ინტერში" საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი წევრი, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი ჩაირიცხა, რომელსაც ევროტურნირებზე დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა, როცა თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. თავის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხიზანიშვილს არაერთ უცხოურ გუნდში უთამაშია: "დანდიში", "გლაზგო რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლში", "რედინგში", "კაისერისპორში", გასული სეზონი კი საქართველოს ჩემპიონატში გაატარა: ჯერ - თბილისის "დინამოში", მერე - "სამტრედიაში".

"ინტერის" საევროპე განაცხადში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელია: 25 წლის ლაშა კასრაძე და 23 წლის ნიკა კვეკვესკირი.

კასრაძე უკვე წელიწად-ნახევარია, რაც აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში გამოდის და ბაქოს "აზალის" წამყვანი ფეხბურთელიც გახლდათ. "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ მოთამაშეს ერთნაირი წარმატებით შეუძლია საყრდენი ნახევარცველისა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში.

არანაკლები უნივერსალური თვისებებით არის დაჯილდოვებული "ინტერის"კიდევ ერთი ქართველი ახალწვეული ნიკა კვეკვესკირი: ზუგდიდის "ბაიას", თბილისის "დინამოს", ცხინვალის "სპარტაკისა" და გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი დაცვის ორივე ფლანგზეც გვინახავს და ცენტრშიც, საყრდენ ნახევარმცველადაც და გამთამაშებლადაც და ასე შემდეგ.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ წინა სეზონის მიხედვით, ნიკა კვეკვესკირი ჩვენმა გაზეთმა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა.

ყველაზე ქართული გუნდი
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწორედ ბაქოს "ინტერი" მიიჩნეოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ, საერთოდ, მთელ ევროპაში) ყველაზე "ქართულ გუნდად". ზემოთ ხსენებული გიორგი ლომაიას, ლაშა სალუქვაძის, ალექსანდრე ამისულაშვილისა და ბაჩანა ცხადაძის გარდა, 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე ამ გუნდის წარმატებებში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ სხვა ქართველ ლეგიონერებსაც: გიორგი ნავალოვსკის, კახა მჟავანაძეს, დავით ოდიკაძეს, ვალერი აბრამიძეს, ილია კანდელაკს, გიორგი ადამიას, რევაზ თევდორაძესა და ალექსანდრე იაშვილს.

ნურც სხვა ჩვენებურებს დავივიწყებთ, ამ დროის განმავლობაში "ინტერის" საკლუბო სტრუქტურაში რომ მუშაობდნენ: ვიდრე "სიმურგის" მთავარ მწრთნელად დაინიშნებოდა, ორწელიწადნახევარი ცხადაძის ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე გახლდათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდის მენეჯერი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრე რეხვიაშვილი, წინა სეზონში კი კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დაინიშნა.

როგორც ჩანს, სიტუაცია არც ამ სეზონში იცვლება: ზაურ სვანაძის, გიორგი ლომაიას, ზურაბ ხიზანიშვილის, ლაშა კასრაძისა და ნიკა კვეკვესკირის "ინტერი" კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველაზე "ქართულ გუნდად"!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუქომაგოთ?????პირიქით...
gocha
18:30 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული