ლეგიონის უქმეები: წლის პირველი ქართული გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
ტრადიციად გვექცა, რომ ქართული ლეგიონი კვიპროსიდან იწყებს წელიწადს. ამჯერადაც, პირველები საქმიანობას კუნძულზე მოთამაშე ჩვენებურები დაუბრუნდნენ და წლის პირველი ქართული გოლიც ისევ მათ ანგარიშზეა...

2 იანვარს, "პაფოსისა" და "პარალიმნის" მატჩის მე-9 წუთზე ქართული ანგარიში ლევან ხმალაძემ თავური დარტყმით გახსნა და მან ორიოდე საათით დაასწრო თანამემამულე შოთა გრიგალაშვილს, რომელმაც "აია ნაპა"-"ახნასის" მატჩში მასპინძლებს გაუტანა.

სხვათა შორის, რომ არა ხმალაძე, შოთა გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გახდებოდა ქართული ლეგიონის წლის პირველი გოლის ავტორი (შარშან 4 იანვარს გაიტანა).

"პაფოსი" შინ 3:3 დაუზავდა "პარალიმნის". ეს უშუალო კონკურენტთა
ბრძოლაა ცხრილის ბოლოს. მასპინძელთა კარს როინ კვასხვაძე იცავდა, ლევან ხმალაძემაც შეუცვლელად ითამაშა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს ფრის მომტანი ქულა მისი აქტიურობის შემდეგ გაიტანა სტუმართა მცველმა საკუთარ კარში.

ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი მასპინძელთა რიგებში არ გამოჩენილან. გრიგალაშვილისა და გელაშვილის გუნდიდან წასვლაზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. აი, გია გრიგალავა კი უკვე ოფიციალურად დაშორდა "პაფოსს" და უკეთეს კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს თამაშს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველთა "ახნასმა" კი სტუმრად იძალა "აია ნაპაზე" - 3:2. ესეც აუტსაიდერთა დაპირისპირებაა. შოთა გრიგალაშვილმა 76-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა, ანუ მისი გოლი გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრაში. მან 90 წუთი ითამაშა და ჯერ პენალტი მოიპოვა, მერე კი შესანიშნავი თავურით გოლი შეაგდო.

ბექა ტუღუში არ გამოჩენილა "ახნასის" რიგებში. "ახნასი" 15 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო "პაფოსი" - 12 ქულით მე-13-ზე, ანუ გასავარდნ ზონაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ანორთოსისისა" და "ომონიას" ჯახი უკვე ლიდერთა ჯგუფის დაპირისპირებაა და ის 0:0 მორჩა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა (გააფრთხილეს) ირაკლი მაისურაძემ. გიორგი აბურჯანია, რომელიც ტოვებს "ანორთოსისს", განაცხადში არ ყოფილა, "ომონიას" ერთადერთ ქართველ უჩა ლობჟანიძეს კი გუნდი ახლახან დაშორდა.

გუშინ სენსაციურად დამარცხდა თემურ ქეცბაიას აპოელ-ი, შინ "დოქსასთან" - 1:2. ქეცბაიას მდგომარეობას სახარბიელო არ ეთქმის, გუნდი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდა, ჩემპიონატში მხოლოდ მეოთხეა და ლიდერს უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 მატჩიდან (ყველა შეჯიბრებაში) აპოელ-მა 7 წააგო და მხოლოდ 3 მოიგო.

* * *
საფრანგეთის 1/32-ფინალში ჯაბა კანკავას "რეიმსი" "შამბლისთან" 1:4 შერცხვა და გათამაშებას დაემშვიდობა. ჯაბა სასტარტოში იყო.

* * *
ინგლისის ჩემპიონშიპში დიდი ხნის პაუზის მერე გამოჩნდა აკაკი გოგია. გერმანიის მოქალაქე ქართველმა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნება სურს, "ბრენტფორდის" რიგებში ბოლო ათი წუთი ითამაშა "ბირმინგემთან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში.

* * *
გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" უშუალო კონკურენტ "შავეშთან" წააგო შინ 0:1 და მეორე ადგილი დაუთმო მას. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ქართველი მეკარის გუნდმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან 3 დათმო.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:0 სძლია "ფარენშეს". ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო. მაკარიძის გუნდისგან განსხვავებით, "ჟილ ვისენტე" შესანიშნავად ათამაშდა, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და"ფეირენშეს" ორი ქულითღა ჩამორჩება.

* * *
გიორგი მერებაშვილის დებიუტი ბერძნული სუპერლიგის "ლევადიაკოსში" გადაიდო, რადგან ამ გუნდისა და "ატრომიტოსის" შეხვედრა უამინდობის გამო არ შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული