მამლუქები: ქართველი კიევის "დინამოში", რომელსაც ომში უკრაინის დაცვა სურს

AutoSharing Option
უცხოეთში მოთამაშე ქართველებს რომ ვეძებთ, ამ კუთხით უკრაინაში "ზღვა" მასალაა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი ბადრი აქუბარდიაა, რომელიც ამჟამად კიევის "დინამო 2-ში" თამაშობს. ეს ბიჭი 1993 წლის 11 იანვარს აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორშია დაბადებული.

ეს ის დროა, როცა აფხაზეთში ქართული ჯარი ჯერ კიდევ არ იყო დამარცხებული, გალში კი ჩვენებს მყარი პოზიცია ჰქონდათ. მაგრამ ომის გამო ოჯახი ჯერ ზუგდიდში გადასახლდა, შემდეგ - უკრაინაში. თავად ბადრი კი 2009 წლიდან კიევის "დინამოშია".

იყო უკრაინის ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების წევრი. 182 სმ სიმაღლის მარცხენა
მცველი ამჟამად უკრაინული გრანდის მეორე გუნდშია. როგორც იქაური მედია წერს, აქუბარდია საკმაოდ პერსპექტიული მცველია.

"4 წლის ვიყავი, როცა უკრაინაში გადმოვედით საცხოვრებლად. ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ბახმაჩში ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ და მათთან დროებით დავბინავდით. მერე კი უკრაინაში დასახლება გადავწყვიტეთ", - ამბობს ბადრი.

აქუბარდიამ ბედი სცადა მუსიკაში, კარატესა და ცეკვაშიც კი, მაგრამ ბოლოს ფეხბურთი ამჯობინა. მამამისი ბავშვობაში თავადაც თამაშობდა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და სურდა, შვილი ფეხბურთელად გაეზარდა.

ბადრიმ პირველი ნაბიჯები სწორედ ბახმაჩში გადადგა. მე-8 კლასის მოსწავლე კიევში წავიდა და ვარჯიში ბროვარის საფეხბურთო სკოლაში გააგრძელა. მალე კიევის ფიზკულტურის რესპუბლიკური სასწავლებლის გუნდში გადავიდა, კიევის "დინამოს" სელექციონერებმაც სწორედ იქ შენიშნეს და უკრაინის ყველაზე პოპულარული კლუბის აკადემიაში მიიწვიეს:

"აკადემიაში ერთი წელი ვივარჯიშე და ამის შემდეგ მწვრთნელმა გამომიცხადა, რომ კვიპროსულ შეკრებაზე დუბლშემადგენლობას უნდა გავყოლოდი. მას შემდეგ ამ გუნდში ვარ.

სადებიუტო შეხვედრა 2010 წლის 16 ივლისს, სიმფეროპოლის "ტავრიასთან" ჩავატარე და მალე ძირითადშიც დავიმკვიდრე ადგილი".

უპირველეს ყოვლისა, უკრაინელები აქუბარდიას სისწრაფესა და მოედნის ხედვას უწონებენ.

"გარდა ამისა, მას შეუძლია საპირისპირო ფლანგზე დროული გადასვლა, ეხერხება საჯარიმოში ბურთის კარგად ჩაწოდება, ხოლო "სტანდარტულების" დროს, მცველებს თავადაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ქართული სისხლისა და ფეთქებადი ბუნების მიუხედავად, საკმაოდ კორექტული მოთამაშეა, მის "კოლექციაში" წითელ ბარათს ვერ ნახავთ. ძალიან მოსწონს ფაბიო კოენტრაო.

აქუბარდია "დინამო 2-ის" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. იმედია, პროგრესს გააგრძელებს. შემთხვევითი არაა, ნიჭიერი მცველი კიევის "დინამოს" მთავარ გუნდში რამდენჯერმე რომ მიიწვიეს, ერთხელ კი პირველი ლიგის მატჩის განაცხადშიც მოხვდა.

თავის დასამკვიდრებლად მას ყველაფერი აქვს", - ასე ახასიათებს მას კიევის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ბლოგერი.

საინტერესო ფაქტი - რუსეთმა უკრაინაში აგრესია რომ დაიწყო, 23 წლის ქართველმა უკრაინელთა მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

იმედია, ადრე თუ გვიან, ეს ბიჭი ქართული პასპორტითაც ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რამაზ შენგელია 21 წლისა უკვე იყო საბ. კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი.
gela
31 იანვარი 2016 09:46
0
მამლუქი ნიშნავს მონას.აქ რა შუაშია
/
30 იანვარი 2016 20:25
0
23წლის პერსპექტიული მცველი=)) მაგრამ რა გასაკვირია ქართველი ფეხბურთელები ხომ 34წლამდე სულ პერსპექტიულია.........
onopko
30 იანვარი 2016 17:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული