როგორი იქნება ქართველი ფეხბურთელებისთვის სატრანსფერო ზაფხული

AutoSharing Option
ახლოვდება სეზონის დასასრული და ადვილია იმის პროგნოზირება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი თუ წევრობის კანდიდატი გუნდს გამოიცვლის.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბევრ ჩვენებურს აკლია სათამაშო პრაქტიკა. გარდა ამისა, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთმა-ორმა ფეხბურთელმა უკეთეს გუნდშიც გადაინაცვლოს...

ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი) - საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდს ურთულესი დროება უდგას. სარანსკის საფეხბურთო კლუბი ძალიან ახლოსაა რუსული პრემიერლიგის დატოვებასთან. გარდა ამისა, უკვე თვეებია, "მორდოვიაში" ხელფასები აღარ რიგდება და ფეხბურთელები გაფიცვასაც აპირებენ. სავარაუდოდ, რევიშვილი და სარანსკელთა მეორე ქართველი - მამუკა კობახიძე
ახალი კლუბების ძებნას შეუდგებიან. ეს უკანასკნელი კონტრაქტით ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის.

სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი) - ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს შანსი აქვს, გაცილებით უკეთეს კლუბში გადავიდეს. კვირკველია ყაზანის "რუბინის" დაცვის ლიდერია. მისი გადაბირება რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს (ყოველ შემთხვევაში, სურდა), მათ შორის - "დორტმუნდს", "ლივერპულს", "ნაპოლის"... ეგაა, ყაზანელები ჩვენებურს იოლად და იაფად არ შეელევიან.

გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი) - საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გუნდი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ვიცით, რომ თუნდაც სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე, გიორგის ამის გაკეთება ძალიან უნდა. მან რუსეთის პირველი ლიგის ჭაობს თავი უნდა დააღწიოს. ნავალოვსკის თავისუფლად შეუძლია საშუალოევროპული დონის გუნდში თამაში. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი) - თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი გუნდს გამოიცვლის და კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ "ქაირათში" გააგრძელებს. კვეკვესკირს იქ დახვდება ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელმაც პირველად ათამაშა ის ეროვნულ ნაკრებში. უყურებ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩებს და რწმუნდები, რომ კვეკვესკირი უკვე გადაიზარდა ბაქოს "ინტერისთვის". ვიცით ისიც, რომ ამ ფეხბურთელის მიმართ გულგრილი არც თბილისის "დინამოა". მოკლედ, ვნახოთ...

სანდრო კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა) - "დნიპრომ" ის ერთხელაც დაიბრუნა, თუმცა არავინ იცის, რა იქნება ზაფხულში. სანდრომ ბოლო დროს რამდენიმე ტრავმა გადაიტანა, მათ შორის, ერთი - სულ ცოტა ხნის წინ. კობახიძე არც "დნიპროს" სათადარიგოთა სკამისთვის გვემეტება და არც - საშუალო უკრაინული კლუბისთვის. ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ კობახიძე რომელიმე ევროპულ კლუბში მოსინჯავს ძალას და პოსტსაბჭოთა საფეხბურთო სივრცეს საბოლოოდ მოწყდება. ერთი ცხადია - მის ასაკში ფეხბურთელს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ექნება კი ეს პრაქტიკა "დნიპროში"?

ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) - ვფიქრობ, ეს ზაფხული გადამწყვეტი იქნება საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის. ახლა ჯანოს საქმეები კარგად ვერ მიდის. "სახალხო გუნდის" შემადგენლობაში მან თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მატჩები ჩაატარა. ევროპული კლუბი ანანიძისთვის მართლაც კარგი საჯილდაო ქვა იქნებოდა.

თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირი", თურქეთი) - აგერ, ცინცხალი ინფორმაცია, რომელიც გუშინ მოვიპოვეთ: საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თურქულ კლუბში აღარ დარჩება. თან ეს იმისდა მიუხედავად, შეინარჩუნებს თუ არა "ესქიშეჰირი" ადგილს თურქეთის უპირველეს საფეხბურთო ლიგაში. გავიგეთ ისიც, რომ ოქრიაშვილს აღარც ბელგიურ "გენკში" ვიხილავთ, რომლის საკუთრებაშიც ის დღემდე რჩება. არის შანსი, რომ თორნიკემ ისევ ბელგიაში გააგრძელოს კარიერა, ან ჰოლანდიაში. წესით, აპრილის ბოლომდე ბევრი რამ უნდა გაირკვეს.

ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი) - ცენტრალურ ნახევარმცველს ძალიან უჭირს თურქული სუპერლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ერთი მხრივ, ეს გასაგებია - თურქულ კლუბებს ხშირად ჩაჰყავთ სათამაშოდ სახელოვანი ვეტერანები. მაგალითად, ძალამიძის პოზიციაზე "რიზეში" სედრიკ მაკიადი თამაშობს, რომელსაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია გერმანულ ბუნდესლიგაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძალამიძე მალე გუნდს გამოიცვლის. ყველაზე მეტად სავარაუდოა პოლონეთში დაბრუნება. ამ ქვეყანაში ნიკას უკვე უთამაშია "ვიძევისა" და "იაგელონიას" რიგებში.

გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია) - აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "დუისბურგი" ადგილს მეორე ბუნდესლიგაში. თუ ასე მოხდა, ჭანტურიას დარჩენის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ არა და, როგორც გერმანული პრესა წერს, "დუისბურგს" გიორგის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ჭანტურიას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვს. ის ბოლო დროს "დუისბურგის" ლიდერადაც ჩამოყალიბდა, თუმცა... მისგან კიდევ მეტს და მეტს ველით.

ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია) - საქართველოს ნაკრების ფორვარდს ტოსკანურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია. ძალიან პარადოქსული სიტუაციაა - ამის მიუხედავად, "ემპოლის" ხელმძღვანელობა ჩვენებურს ვერ ელევა. სათვალავში უნდა ჩავაგდოთ ლევანის ხშირი ტრავმიანობაც, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან უშლის ხელს მის პროგრესს. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში.

მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია) - ბოლო დროს, ძირითადად, მწვრთნელის ხუშტურების გამო ვაწაძე "ორჰუსის" სათადარიგოთა სკამზე ზის. არადა, უთამაშებელიც კი ინარჩუნებს გუნდის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას. თუ ასე გაგრძელდა, ზაფხულში ვაწაძე გუნდს აუცილებლად გამოიცვლის. როგორც თავად გვითხრა, აქვს ბელგიური და ჰოლანდიური ვარიანტები.

გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ) - თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მიმზიდველი ლუკმაა უცხოური კლუბებისთვის. ეგაა, "დინამოსიც" გვესმის - საქართველოს ჩემპიონატის ლიდერს ქვილითაიას შენარჩუნება და ევროტურნირებზე (დიდი ალბათობით - ჩემპიონთა ლიგაზე) გამოყენება სწადია. ამას წინათ, თურქულმა პრესამ ქვილითაიას მიმართ "ტრაბზონსფორის" ინტერესზე დაწერა. შესაძლოა, "დინამოს" ფორვარდისთვის ბრძოლაში არნემის "ვიტესიც" ჩაერთოს.

გიორგი მერებაშვილი ("ლევადიაკოსი", საბერძნეთი) - მერებაშვილისთვის უკეთესი ლიგა და უკეთესი გუნდი გვემეტება. ვერ ვიტყვით, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა ვფიქრობთ, თავად ფეხბურთელსაც უნდა სურდეს ახალ ასპარეზზე ძალების მოსინჯვა.

* * *
თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რა არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმთავრესი პრობლემა. ვგულისხმობთ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას, რაც აუცილებლად იჩენს ხოლმე თავს სანაკრებო მატჩებში.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ხშირად კარიერის გასაგრძელებლად ირჩევენ ისეთ კლუბებს, რომლებიც საშუალოევროპულ დონესაც კი ვერ აკმაყოფილებენ.

აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ ფეხბურთელების გარდა, მათ არჩევანზე პასუხისმგებლობა ხშირად ათასი ჯურის აგენტ-მენეჯერებს ეკისრებათ, რომლებიც არაფერს დაგიდევენ, ოღონდ ფინანსურად მათთვის სასურველი ტრანსფერი "გაჩარხონ".

ისე, ხშირ შემთხვევაში, ფეხბურთელიც დამნაშავეა. ოღონდ ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყოს და, ისიც ნაკლებად დაგიდევთ, რა ამბიციისა და გაქანების გუნდში მოუწევს კარიერის გაგრძელება.

ეს ყველაფერი კი საქართველოს ნაკრების თამაშზე ნეგატიურად აისახება. მერე გვიკვირს, რატომ ვერ ვუგებთ ყაზახეთს...

და კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრები არ შეიძლება მხოლოდ ლეგიონერებზე იყოს დამოკიდებული. თუ ეროვნული ჩემპიონატი შედარებით მაღალი დონის ტურნირი გახდება, ეს ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს მნიშვნელოვნად წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ქართულ ფეხბურთს ჰყავს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, ის ახლა შუქურას ღირსებას იცავს, ირაკლი კომახიძე. მე მჯერა ეს ბიჭი მალე საფეხბურთო სამყაროს აალაპარაკებს.
კაკო
13:57 20-05-2016
0
ჯერ ერთი ძალიან მცირე ჩამონათვალია.რაც ჩვენი ფეხბურთში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს და მეორეც,ჩამონათვალიდან მხოლოდ კვირკველიას და ალბათ კვესკვერის წინსვლაზე შეიძლება საუბარი.სხვებს(მჭედლიძეს არ ვგულისხმობ) კი,რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს იმ დაბალი დონის გუნდებშიც არ ენდობიან და სათადარიგოთა სკამზე სხედან.
ლერი
17:42 10-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული