როგორც შევიტყვეთ, "რეიმსის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია იმით, რომ ჯაბა კანკავასთვის ახალი კლუბი თავად იპოვოს. ამაში გასაკვირი არაფერია - ასეთ შემთხვევაში, ფრანგები პარტნიორს მისთვის სასურველ პირობებზე დაელაპ
"რეიმსი" ლიგა 1-დან კი გავარდა, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება - კლუბი უძლიერესთა შორის დაბრუნებას უკვე მომავალ სეზონში აპირებს. შესაბამისად, კანკავაში ფულის შოვნა ნამდვილად არ აწყენს. ესეც არ იყოს, კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანია და გარკვეული საერთაშორისო ავტორიტეტიც აქვს...
ამასობაში, უკვე გამოჩნდნენ კლუბები, რომელთაც მისი გადაბირება სურთ. როგორც ფრიად სანდო წყარომ შეგვატყობინა, კანკავამ მიიღო შეთავაზებები ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან... ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის კლუბი, რომელიც დაინტერესებულია მისი გადაბირებით, უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.
სიტყვა საბერძნეთზე ჩამოვარდა და, საინტერესოა, ხომ არ არის ეს კლუბი აეკ-ი, რომელიც ახლახან თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა?
ჩვენი ინფორმაციით, კანკავას გადაბირებით დაინტერესებულია ალმათის "ქაირათი". ყაზახური გუნდი სულ მალე ევროპალიგის გათამაშებაში ჩაებმება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კახა ცხადაძემ კი ძალიან კარგად იცის კანკავას ფასი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჯაბას გადაბირებით დაინტერესებული კლუბები "რეიმსს" უნდა დაელაპარაკონ და ტრანსფერი მასთან უნდა შეათანხმონ. გავიგეთ ისიც, რომ კლუბსა და კანკავას შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს - იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები დროულად ვერ მოძებნიან გუნდს, ქართველს თავად შეეძლება საკუთარ კარიერაზე ზრუნვა და ასეთ შემთხვევაში, "რეიმსი" მის სანაცვლოდ თანხას ვეღარ მოითხოვს.
ადვილი შესაძლებელია, კანკავას მომავალი კლუბის თაობაზე ოდნავ მოგვიანებით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევიტყოთ, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ყველაფერი გაცილებით მალე გაირკვეს.
ფაქტია - საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება ლიდერი და კაპიტანი, კაპიტანს კი ისეთი კლუბი, სადაც ბოლომდე გაიხსნება და ძველებურად გამოადგება ეროვნულ გუნდს...
შეგახსენებთ, რომ კანკავას "რეიმსამდე" თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", კიევის "არსენალში", "კრივბასსა" და "დნიპროში" უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"