ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა თელავივური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს შოთა არველაძის "მაკაბი" და კახა ცხადაძის "ქაირათი" დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ისრაელში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი ტალ ბენ ჰაიმ II-მ გამოიჩინა. "ქაირათმა" ჯერარდ გოჰუს გოლით გაათანაბრა. შეხვედრისა და ორრაუნდიანი ქართული დუელის ბედი კი შოთას გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა: 86-ე წუთზე გალ ალბერმანის შორეული გოლით "მაკაბიმ" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც რუმინულ "პანდურიისთან" მოსინჯავს ძალებს.
თამაშის დასრულების შემდეგ არველაძემ ასეთი კომენტარი
"ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ გუნდის კაპიტან ალბერმანის გოლის გამო. ეს იყო ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი. პირველ ნახევარში გავხსენით ანგარიში და კარგადაც ვითამაშეთ. როცა 1:0-ს იგებ, ხშირად უბრუნებ მეკარეს ბურთს და ამან გამოიწვია პრობლემა. ჩვენ მხოლოდ არშავინს მივეცით შანსი კონტრშეტევაზე...
მეორე ტაიმში რამდენჯერმე გაუმართლებლად დავკარგეთ ბურთი და ეს მიუღებელი იყო. აქვე უნდა შევაქო "ქაირათი" - ამ გუნდს კარგი გარემარბები ჰყავს...
რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქე "პანდურიის", პირველ მატჩს გასვლაზე ვთამაშობთ, თუმცა ამ სირთულეს უნდა გავუმკლავდეთ...
გუნდის ახალწვეულ სკარიონეზე ვიტყვი, რომ ის სამი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო თურქეთში. კარგი ფეხბურთელია, შეუძლია გატანაც და დაცვაში კარგი თამაშიც. ბედნიერი ვარ, "მაკაბიში" რომ ჩაირიცხა და კარგ სეზონს ვუსურვებ...
ნოსა იგებორი დღეს ძალიან კარგი იყო. მან უნდა გაიგოს, რომ კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია. მან კარგად დაიწყო და მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრი მოთამაშისგან მეტს ვითხოვ. ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ და უკეთესობისკენ მივდივართ...
იოსი ბენაიუნი ძალიან გამოცდილია. მან იცის, როგორ და რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იყოს მწვრთნელი მინდორზე. მას ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ და მოხარული ვარ ამის გამო".
სიტყვა მივცეთ კახა ცხადაძეს:
"თავიდანვე ვთქვი, რომ თანაბარი ძალის გუნდების თამაში იქნებოდა. ასეთი გუნდები ერთმანეთს უფრო შორეულ ეტაპზე უნდა ხვდებოდნენ. დღეს ერთ მათგანს უფრო მეტად გაუმართლა. ჩვენ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მეორე ნახევარში გადავაწყვეთ თამაში და გავიტანეთ გოლი, მაგრამ... ბოლოს ისევ გავუშვით. თანაბარი თამაში იყო...
ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავემდურები. მათ ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაატარეს მოკლე დროში. ცხოვრება გრძელდება. პარადოქსია, მაგრამ ორ დღეში ისევ თამაში გვაქვს. ახლა ფსიქოლოგიურად უნდა გავამხნევოთ ფეხბურთელები, რათა 24 ივლისს კარგად ვითამაშოთ.
რაც შეეხება ჩვენს დერბის, ყველაფერი მოედანზე დარჩა. ჩვენი ურთიერთობა ისეთივე იქნება, როგორიც იყო ადრე. ორივე ჩვენგანი ცდილობდა გამარჯვებას.
"მაკაბი" კარგი გუნდია კარგი შემსრულებლებით. ვფიქრობ, ეს გუნდი ევროპალიგის ჯგუფში მოხვდება. დღეს შეწყდა ჩვენი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".
* * *
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა ნიკა კვეკვესკირის "გაბალა". აზერბაიჯანულ გუნდს გასვლაზე პირველი მატჩი 2:1 ჰქონდა მოგებული უნგრულ მტკ-სთან და შინაც იმარჯვა - 2:0. კვეკვესკირი ძირითადში იყო. ის 79-ე წუთზე შეცვალეს. "გაბალას" მეტოქე მომდევნო რაუნდში ფრანგული "ლილი" იქნება.
* * *
ლევან ყენიას "სლავიამ" ესტონეთში ნაწვნევი მოულოდნელი მარცხის (1:3) შემდეგ შინ 2:0 მოუგო "ლევადიას" და III საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც პორტუგალიურ "რიუ ავესთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. გუშინ ყენიამ 90 წუთი ითამაშა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"