ჯანო ანანიძე არ იყიდება!

AutoSharing Option
"ამ ბიჭს "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ მაისურაზე "ჟანოს" ნაცვლად, не продается! უნდა დააწეროს. დაე, ყველამ გაიგოს, რომ კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს", - ასეთია "სპარტაკის" ერთ-ერთი ფანის გამოხმაურება "ბაზელი"-"სპარტაკის" მატჩზე.

ჯანო ანანიძის მართლაც გამორჩეული თამაშის შესახებ "ლელოს" გუშინდელ ნომერში ვრცლად გიამბეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური მატჩის კომპენსირებულ დროში შვეიცარიული პუბლიკის თვალწინ უნიჭიერესმა ქართველმა "ბაზელს" ეფექტური ჯარიმა გაუტანა და "სპარტაკს" 3:2 მოაგებინა, რამაც მისი გუნდი განმეორებითი შეხვედრის წინ უპირობო ფავორიტად აქცია. ანანიძე "ბაზელთან" თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

ინტერნეტში გაწაფული მკითხველი
სხვადასხვა რუსულ ინტერნეტფორუმზე ანანიძის საქებარ უამრავ ფრაზას წააწყდება. ზემოთ ყველაზე ორიგინალური გაგაცანით, რუსი ქომაგების საერთო აზრი კი ისაა, რომ ჯანო "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურ ადგილს იმსახურებს. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ რუსეთის "სახალხო გუნდის" მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი ამიერიდან მაინც მისცემს ქართველს მეტ სათამაშო დროს. ბევრის აზრით კი, კარპინს ჩემპიონთა ლიგაზე ანანიძისთვის მეტი ნდობა რომ გამოეცხადებინა, "სპარტაკი" ახლა ევროპის ლიგის კი არა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებდა.

ალბათ, ჯანოს თამაშზე თავად კარპინის კომენტარიც გაინტერესებთ. "მიმდინარე წელს პირველ ოფიციალურ შეხვედრას ვატარებდით და პირველ ტაიმში არადამაჯერებლად ამიტომაც გამოვიყურებოდით, მეორე ნახევარში კი უპირატესობას "სპარტაკი" დაეუფლა, რაშიც ჯანოს დიდი წვლილი მიუძღვის. მოედანზე მისი გამოსვლის შემდეგ ბურთსაც ხშირად ვფლობდით და უკეთაც ვუტევდით", - თქვა "სპარტაკის" თავკაცმა.

რაც შეეხება не продается-ს, ძალიანაც კარგი, რომ ანანიძე არც კლუბს ეთმობა და არც გულშემატკივრებს, მაგრამ უნდა ვისურვოთ, რომ "სპარტაკი" ჯანოს კარიერაში მხოლოდ ეფექტური ტრამპლინი იქნება და არა საუკეთესო საფეხბურთო მოგონება, როგორც ეს, მაგალითად, მალხაზ ასათიანისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" შემთხვევაში მოხდა.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული