ლეგიონის უქმეები: სხირტლაძის ჰეთ-თრიკი და კანკავას დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართული ლეგიონის ანგარიშზე 6 გოლია, აქედან ნახევარი - 23 წლის დავით სხირტლაძემ გაიტანა. მან დანიის ჩემპიონატში (ასევე, კარიერაში) პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სხირტლაძე 7 გოლით ბომბარდირთა დავაში უკვე მესამე ადგილზეა. ამ სეზონში მის ანგარიშზე ერთი ჰეთ-თრიკი და 2 დუბლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე აღვნიშნავთ, რომ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა...

ტოპ-ლიგები
გერმანია. ბუნდესლიგა. უკვე შევეგუეთ, რომ ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგში" მხოლოდ ირიცხება, "აუგსბურგთან" 2:1 მოგებულ მატჩში ის განაცხადშიც არ იყო.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძეს კვლავ არ მიეცა
თავის გამოჩენის შანსი. მისი "ემპოლი" "კიევოს" 0:0 დაუზავდა, ქართველი კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რომან ჭანტურია კი ისევ ტრავმირებულია.

რუსეთი. პრემიერლიგა. "კრილია სოვეტოვი" შინ "არსენალს" 1:1 დაუზავდა. გიორგი ლორიას ბურთი თამაშიდან არ გაუშვია (პენალტი დაურტყეს) და მას "ჩემპიონატმა" 7 ბალი დაუწერა.

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" გიორგი ჭანტურიას "ურალს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. ჭანტურია სათადარიგო იყო, ჯანომ კი 90 წუთი ითამაშა. ქართველს 6,5 ბალი აკმარეს.

"რუბინში" სულ მიივიწყეს საბა კვირკველია. ყაზანელები "ტერეკს" ესტუმრნენ და 1:3 დამარცხდნენ. "კრასნოდარმა" "ამკარს" 1:0 მოუგო. თორნიკე ოქრიაშვილმა გამარჯვებულთა რიგებში ბოლო 15 წუთი ითამაშა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. "მორეირენშეს" მეტოქე "რიუ ავემ" მატჩი 9 კაცით დაასრულა, თუმცა მაინც არ წააგო - 1:1. მასპინძელთა კარს, ტრადიციულად, გიორგი მაკარიძე იცავდა.

უკრაინა. პრემიერლიგა. "ზორიამ" "სტუმრად" 2:0 მოუგო დონეცკის "ოლიმპიკს". ლტოლვილი გუნდების დაპირისპირებაში ჯაბა ლიპარტიას მხოლოდ სათადარიგოს როლი გამოუყვეს. დავით ხოჭოლავასა (90 წთ) და გიორგი გადრანის (არ უთამაშია) "ჩერნომორეცი" შინ 1:2 დამარცხდა სანდრო კობახიძის (92-ე წუთზე შეცვალეს) "ვორსკლასთან".

ჩეხეთი. 1. ლიგა. ზურაბ ცისკარიძის (სათადარიგო იყო) "ტეპლიცემ" სტუმრად 4:1 გაანადგურა "კარვინა", ხოლო ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავიამ" "სლოვაცკოს" 1:0 მოუგო.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ხელდერლანდის მხარის დერბიში "ვიტესი" სტუმრად "ნაიმეგენს" 1:1 დაუზავდა. ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ავსტრია. ბუნდესლიგა. ვენის დერბი წააგო "რაპიდმა" "აუსტრიასთან" - 0:2. მასპინძელთა რიგებში გიორგი ქვილითაია 52-ე წუთზე გამოჩნდა.

დანია. სასლიგა. დავით სხირტლაძის ანგარიშზე ჰეთ-თრიკია - მისმა "სილკებორგმა" სტუმრად 3:1 სძლია "ვიბორგს". ჩვენებურმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა და მატჩში საუკეთესო იყო. 7 გოლით ქართველი ფორვარდი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

"ბოლოს მასთან 1:5 დავმარცხდით. ასე რომ, რევანში გვწყუროდა და ვფიქრობ, ეს შევძელით. იმ წაგების მერე ჩვენ ბევრად მოვუმატეთ, საკუთარი ძალების რწმენაც განგვიმტკიცდა. დღეს თანაგუნდელების დიდი მადლიერი ვარ, რომ პასებით მამარაგებდნენ", - განაცხადა ჰეთ-თრიკის ავტორმა.

ბელრუსი. ვისშაია ლიგა. ვაკო გვილიას ბატე შინ დაუზავდა "სლავიას" - 0:0. გვილია 61-ე წუთზე გავიდა მოედანზე. სტუმართა შორის არ უთამაშია პაპუნა მოსემღვდლიშვილს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ნიკა ძალამიძე ახლახან გახდა ლენჩნას "გურნიკის" წევრი და მისი დებიუტი შემდეგ ტურში იგეგმება. "გურნიკმა" სტუმრად მოუგო "პლოცკს" - 2:1, რომლის რიგებშიც 63-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მერებაშვილმა.

ლაშა დვალის (90 წთ, გააფრთხილეს) "შლიონსკი" შინ "კრაკოვიას" დაუზავდა - 2:2. ვაკო ყაზაიშვილი მხოლოდ სათადარიგო იყო, მისმა "ლეგიამ" კი "ლეხს" 2:1 მოუგო.

ნორვეგია. ტიპელიგენი. "სტაბეკი" "სარპსბორგთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ბოლო 7 წუთი ითამაშა გიორგი გოროზიამ.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად "ქიაფაზს" დაუზავდა - 0:0. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა "ინტერის" რიგებში.

კვიპროსი. I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის "ერმისი" "ანორთოსისს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. ჩვენებური 84-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. კახა ცხადაძის "ქაირათი" ჩემპიონობის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ქართველი მწვრთნელის გუნდმა სტუმრად 3:1 დაამარცხა შოთა გრიგალაშვილის (90 წთ) "ირტიში".

ქართველთა "ორდაბასი" სტუმრად "ოკჟეტპესთან" 0:3 შერცხვა. ოთარ მარცვალაძემ შეუცვლელად ითამაშა, გოგიტა გოგუამ - მხოლოდ მეორე ტაიმი.

უნგრეთი. OTP-ბანკ ლიგა. ბუბა დაუშვილის (90 წთ) აუტსაიდერი "დიოშდიორი" სტუმრად 4:4 დაუზავდა "უიპეშტს".

მოლდოვა. დივიზიონა ნაციონალა. ირაკლი ჩომახაშვილის (61-ე წუთზე შეცვალეს) "უნგენი" შინ 1:2 დამარცხდა "აკადემიასთან" მატჩში, ხოლო გურამ მაღალდაძის (არ უთამაშია) 0:1 დამარცხდა "მილსამისთან" საშინაო შეხვედრაში.

ლატვია. ვირშლიგა. გიორგი დიაკვნიშვილის "რიგასმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ლიეპაიას". გამარჯვების გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

ესტონეთი. მეისტრილიგა. "ფლორამ" "პაიდე" 4:0 გაანადგურა. ამ რბევაში ერთი გოლით მონაწილეობა ზაქარია ბეგლარიშვილმაც (90 წთ) მიიღო.

სომხეთი. პრემიერლიგა. გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ) "განძასარი" სტუმრად "შირაკთან" 0:1 დამარცხდა. სტუმრად იმარჯვა ირაკლი კვეკვესკირის (75-ე წუთზე შეცვალეს) "ალაშკერტმა", რომელმაც "არარატს" მოუგო - 2:1.

უზბეკეთი. პროფლიგა. კახა მახარაძის (სათადარიგო იყო) "ლოკომოტივი" სტუმრად "ბუხარასთან" დამარცხდა - 1:2. გიორგი კვესიეშვილის (90 წთ) "ყიზილყუმი" "ბუნიოდკორს" დაუზავდა - 0:0.

მეორე ეშელონები
ესპანეთი. ლა ლიგა. 1|2|3. "სევილიას" სარეზერვო გუნდმა სტუმრად "ნუმანსია" დაამარცხა - 2:1. გიორგი აბურჯანიას დებიუტი აქამდე ტრავმამ გადადო.

ცუდად მიდის "ხიმნასტიკის" საქმეები. კატალონიური გუნდი სტუმრად "ალმერიასთან" 0:3 დამარცხდა. ოთარ კაკაბაძე თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.

გერმანია. II ბუნდესლიგა. წინა ტურში დუბლით გამოიჩინა თავი აკაკი გოგიამ, ახლა კი ვერც მან და ვერც "დინამომ" ვერაფერი დასამახსოვრებელი ვერ შექმნეს. დრეზდენელები სტუმრად "ჰაიდენჰაიმს" დაუზავდნენ - 0:0. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალია. ლეგა პრო A. "ტუტოკუოიო" "კრემონეზესთან" 0:1 დამარცხდა. ირაკლი შეყილაძემ შეუცვლელად ითამაშა წაგებულთა შორის.

საფრანგეთი. ლიგა 2. თუ "რეიმსის" დუბლებში ჩატარებულ ერთ თამაშს არ ჩავთვლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯაბა კანკავა ფეხბურთს 14 მაისის მერე პირველად დაუბრუნდა. მან შეუცვლელად ითამაშა "ლანსთან" საგარეო მატჩში - 1:1.

რუსეთი. I დივიზიონი. "ნეფტეხიმიკი" შინ 0:1 დამარცხდა "ტიუმენთან". მამუკა კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა "ნეფტეხიმიკის" რიგებში.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა. "ტუბიცე" შინ 1:3 დამარცხდა "ლიერსთან". მასპინძელთა შორის ლევან შენგელიას არ უთამაშია.

ავსტრია. რეგიონალლიგა. "კუფშტაინის" ფორვარდმა ლუკა ძიძიგურმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს) "ზანკტ იოჰანთან" წაგებულ (1:2) საგარეო მატჩში.

სლოვაკეთი. II ლიგა. ვალერი ქურიძის (მეორე ტაიმი ითამაშა) "რიმავსკა სობოტა" "პარტიზანთან" 0:2 დამარცხდა.

ფინეთი. იუკონენლიგა. აქ ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურში ირაკლი სირბილაძის კპვ სტუმრად "ჯაზს" 1:1 დაუზავდა. სტუმართა გოლი ქართველის ანგარიშზეა. კპვ-მ 10-გუნდიანი ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა, ვეტერანმა ქართველმა კი 15 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი დაიკავა. ასეთი უხვგოლიანი სეზონი მას 2012 წლის მერე არ ჰქონია, როცა "ინტერის" რიგებში 17 გოლით უმაღლესი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აი, გიორგი ოსიტაშვილის კტპ კი გავარდა. ბოლო ტურში ის ჰაკა-ს დაუზავდა - 3:3. ჩვენებურს არ უთამაშია.

დღეს...
აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. აზალ (დავით ჯანელიძე, ნუგზარ კვირტია)-ზირა
კვიპროსი. I დივიზიონი. აპოელ-ახსნასი (გია გრიგალავა, ნიკა კაჭარავა, გიორგი ილურიძე, ნიკა ყიფიანი)
საბერძნეთი. სუპერლიგა. ვერია (გიორგი ნავალოვსკი)-პანათინაიკოსი
ისრაელი. ლიგათ ჰა"ალი. "მაკაბი" (თელ-ავივი, მწვრთნელი შოთა არველაძე)-მაკაბი (ჰაიფა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული