[ექსკლუზივი] დიდი ხანია, არ გამჩენია მოედანზე შესვლისა და თამაშის ასეთი სურვილი...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- 16 თვეა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ წარმატებად და ყველაზე დიდ წარუმატებლად ამ თანამდებობაზე?
- ბუნებრივია, იყო პოზიტიური ძვრები, რითაც კმაყოფილი ვარ და იყო საკითხები, რომელზეც კმაყოფილი ვერ ვიქნები. ვფიქრობ, იმ პროექტებისა და რეფორმების მთავარი შემფასებელი, რასაც ვაკეთებთ და მომავალში გავაკეთებთ, გულშემატკივარი და ჩვენი საზოგადოებაა.

ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობაში მოსვლის დღიდან არაერთი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ,
რასაც სისტემატური სახე მიეცემა, ანუ, ის, რაც დღეს გვაქვს, ახალია, ჩვენი დაწყებულია და უკვე საკმაოდ წარმატებულიც. თუნდაც ის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაკეთებული სწორი აქცენტების შედეგად, პირველივე წელიწადს ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი 7000-ით გაიზარდა, რაც ვფიქრობ, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ქვეყანაში ფეხბურთის წარმატების მთავარი საზომი, მისი მასობრიობაა.

რაც შეეხება უკმაყოფილებას, მაგალითად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების შედეგებით.

- ასაკობრივი ნაკრებები ახსენეთ. თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს შედეგები? ფედერაცია შეცდა მწვრთნელების შერჩევისას და იღებს პასუხისმგებლობას თუ თაობაა ცუდი?
- სამწუხაროდ, ბოლო დროს ამ მხრივ პოზიტივზე მეტი უარყოფითია. ვფიქრობ, პრობლემა კომპლექსურია და მიზეზი ბევრ რამეში უნდა ვეძებოთ. ბუნებრივია, მწვრთნელიც პასუხისმგებელია წარუმატებლობაზე, ისევე, როგორც ნაკრების მუშაობაში ჩართული სხვა ნებისმიერი და ამ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ამ პრობლემის გადაჭრაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. ყველას გვსურს, ასაკობრივ ნაკრებებს კარგი შედეგები ჰქონდეს.

- "ზესტაფონზე" უნდა გკითხოთ. მოვისმინეთ როგორც კლუბის პოზიცია, ისე - ფედერაციის. საინტერესოა, რა არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს სფფ-ს შეუძლია ამ კლუბისთვის?
- ჩემის მხრივ, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ამ კლუბისადმი და ძალიან განვიცდი, რომ "ზესტაფონი" დღეს არ თამაშობს. ვფიქრობ, გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ: ჩვენ, გულშემატკივრებმა, მედიამ... ყველას ინტერესია, რომ "ზესტაფონი" საფეხბურთო რუკაზე გაჩნდეს.

ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაბრუნებოდა, დათმობებზეც წავედით, თუმცა, არ იყო შესაბამისი მზაობა მეორე მხრიდან. შარშან კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ და პირველ ლიგაში თამაში შევთავაზეთ, რათა სპორტული შედეგების მიხედვით, პრო 1-ში დაბრუნება შეძლებოდათ.

ჩემთვის მიუღებელია მიდგომა - "ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდებით, თუ პრო 1-ში ვითამაშებთ". ეს არაა სწორი. ბევრი ნიუანსი და პრობლემაა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა. მე რომ ვდგამ საკითხის გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს, მათაც უნდა გადმოდგან.

რაც შეეხება, გულშემატკივართან შეხვედრას, მე ახლაც მზად ვარ. გვინდა, ეს თემა ფართოდ გავშალოთ. ძალიან გამიხარდება, თუ მედიის წარმომადგენლების ჩართულობა იქნება. ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვთქვათ, რა იყო, როგორ იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, სად ვართ დღეს გაჩერებულნი და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან - ეს ჩემი მესიჯია, რომელსაც იმედია, მიიღებთ.

- ცალკე თემაა ინვესტორები. ამას წინათ, უეფამ 130-გვერდიანი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი წამგებიანია. წამგებიან ჩემპიონატში რომელი ბიზნესმენი მოვა?
- ვფიქრობ, კითხვის აქცენტი არასწორია. რატომ არის, რომ ყველა ინვესტორი კლუბის ევროთასებზე გაყვანას ცდილობს? იმიტომ, რომ უმეტესობა ქვეყნებში მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატი ფინანსურად მათ ბევრს არაფერს აძლევს. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრით კი ისინი დიდ სარგებელს იღებენ. პრობლემაც სწორედ ესაა.

ის გეგმები, რაც ახალ ჩემპიონატთან დაკავშირებით გვაქვს - მარკეტინგი, შეფუთვა, სატელევიზიო პროექტი, ძალიან საინტერესო პროდუქტს შექმნის, რაც ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება და რომელიც მომხიბვლელი გახდება ინვესტორისთვისაც.

გორის "დილას" მაგალითი რომ განვიხილოთ, კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდა. მას ჰყავს ინვესტორი, რომელსაც ვალდებულებები აქვს და ეს კარგია. ჩვენც ეს გვსურს. დღეს ორ მთავარ ლიგაში 10 კლუბია კერძო საკუთრებაში. ვმუშაობთ ამ საკითხზე და წინსვლა ნამდვილად არის.

- ადრე კლუბებს ფინანსური დავალიანებები ჰქონდათ. ეს ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ კლუბში მომუშავე პერსონალს მუნიციპალიტეტი ნიშნავდა და არაპროფესიონალ კადრებს ასაქმებდა...
- დღეს ასე აღარ არის, კლუბებს დავალიანება აღარ აქვთ და ფონდის შექმნის მიზანი ზუსტად ეს იყო. კლუბებმა იციან კონკრეტული ბიუჯეტი და ათანხმებენ, როგორ დახარჯავენ მას. ადრე სხვანაირად იყო: მუნიციპალიტეტი მისცემდა დაპირებებს კლუბს და ისე გამოდიოდა, რომ ბოლოს არავინ იცოდა, რეალურად რა თანხას მიიღებდნენ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში საფეხბურთო განათლების ამაღლება, სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველად დაიწყო საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამა, ქართულ ენაზე, რომელიც ამ ეტაპზე ფეხბურთში ჩართული ადამიანების საფეხბურთო განათლების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის სტრატეგიულ მართვას, ფინანსებს, მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას და სხვა. ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი და რამდენიმე წელიწადში შედეგებსაც დავინახავთ.

- მალე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. გაირკვა თუ არა მასპინძელი ქალაქების ვინაობა? რომელ სტადიონზე ჩატარდრება მატჩები?
- მიხარია, რომ 2017 წელს საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო ღონისძიების მასპინძელია.

რაც შეეხება სტადიონებს, გვაქვს მიხეილ მესხის სახელობის მთავარი სტადიონი, ასევე მეორე მოედანი და ახალ თბილისში მდებარე სტადიონი, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია და იმ ვალდებულების შესრულება, რაც აღებული გვაქვს, უკვე დავიწყეთ. იქ ვაგებთ ბალახის საფარს, დამონტაჟდება განათებაც და კიდევ ერთი უეფას სტანდარტის შესაბამისი სტადიონი გვექნება დედაქალაქში.

რაც შეეხება გორის "დილას" სტადიონს, იქაც დაწყებულია სამუშაოები, თუმცა არსებობს გარკვეული მოსაგვარებელი საკითხები, რაც, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ეროვნული ნაკრების ნაჩვენები შედეგითა და მთავარი მწვრთნელის მუშაობით?
- კმაყოფილი ვარ. სამუშაო ნამდვილად გაკეთდა. ახლა ორ ამხანაგურ თამაშს რომ ვმართავთ დუბაიში, ეს სწორედ ვაისის ინიციატივით ხდება. მას სურდა, რომ ეს პერიოდი ახალი ფეხბურთელების სანახავად გამოეყენებინა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ადამიანი ფიქრობს, მუშაობს, ცდილობს კარგი გააკეთოს და ეს მისასალმებელია.

გაცილებით ადვილი შესაფასებელი იქნებოდა ნაკრების ასპარეზობა, მოლდოვასთან რომ მოგვეგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მანამდე, ერთი თვით ადრე, სულ სხვა საუბრები ისმოდა ნაკრებზე, მაგრამ შემდეგ მოლდოვამ დაგვაფიქრა...

ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ, გუნდი მუშაობს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ ჩანს, ქულებია. ნაკრებმა ყველა მატჩში უნდა ამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერი გუნდია.

კარგი იყო ესპანეთთან გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსთან გასვლაზე ფრე - მოდით, პოზიტივიც დავინახოთ, მხოლოდ ცუდს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ქულებშიც ავსახოთ.

- რატომ ვარჯიშობს ქვეყნის პირველი ნაკრები "დინამოს" და "ზესტაფონის" ბაზებზე, როცა სფფ-ს თავისი ბაზა გაჩნია? ეს ხომ ხარჯებთანა დაკავშირებული?
- თუ შეადარებთ ეროვნული ნაკრების დღევანდელ პირობებს რამდენიმე წლის წინანდელთან, ძალიან დიდ განსხვავებას ნახავთ. მოდით, თავად ნახეთ რა პირობებში ვარჯიშობდა ნაკრები უწინ და რა პირობებშია დღეს...

- ანუ "ბასა" ცუდ მდგომარეობაშია და რესტავრაცია სჭირდება?

- კი ბატონო, სიამოვნებით დავიწყებდი მის რესტავრაციას ხვალვე, რომ არსებობდეს შესაბამისი ფინანსები.

რაც შეეხება სასტუმროს, სადაც ნაკრები ცხოვრობს, "ჰუალინგი" ჩვენი პარტნიორია, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები აბსოლუტურად უსასყიდლოდ ცხოვრობს ძალიან კარგ პირობებში, რისთვისაც აქვე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი "ჰუალინგს" თანამშრომლობისთვის. იქვეა "ზესტაფონის" ბაზაც.

რთულია ნაკრებისთვის ვარკეთილიდან დიღომში იაროს. თან იდეალურ მდგომარეობაშია ის მოედნები და კარგია, რომ ფეხბურთელები სასტუმროსთან ახლოს ვარჯიშობენ. დღეს ნაკრებს ყველანაირი პირობა აქვს.

- ითქვა, რომ წინა ფედერაციის ქმედების შედეგად, სფფ-ს საბიუჯეტო დეფიციტი 17 მილიონამდე ლარს შეადგენდა, 5 მილიონი კი დახარჯული თანხები იყო. რამდენს შეადგენს დღეს ფედერაციის დავალიანება? მოახერხეთ ნაწილის გასტუმრება?
- ჩემი მოსვლის შემდეგ რუსთავის მშენებარე აკადემიასთან დაკავშირებით დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ვალდებულება გავისტუმრეთ. იქ სამუშაოები განხორციელებული იყო და იმის გამო შეჩერდა, რომ არსებობდა დავალიანებები მშენებლებთან, შესაბამისად, აუცილებელი გახდა, რომ ჩვენ მოგვეძიებინა სახსრები და გაგვესტუმრებინა ეს ვალი.

ამას გარდა, არსებობდა საბანკო დავალიანებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ - დაახლოებით მილიონი ევრო, რომელიც ასევე ჩვენ გადავიხადეთ.

ეს ყველაფერი იმ 16 თვეში მოხდა, რომელიც საუბრის დასაწყისში ახსენეთ და იმ ფინანსურ პირობებში, რაც დაგვხვდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ვალების გასტუმრების გარდა, ჩვენ უამრავი პროექტიც განვახორციელეთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს უეფას სპეციალური პროგრამა "ჰეთ თრიქი". ეს არის 4-წლიანი ციკლი, რა პერიოდზეც უეფა გარკვეულ თანხას გაძლევს და მას ინფრასტრუქტურისთვის იყენებ. სამწუხაროდ, მიმდინარე ციკლისთვის (2016-2020 წწ.) გამოყოფილი თანხა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ იყო აღებული და გახარჯული, შესაბამისად, ეს თანხაც ჩვენთვის, ქართული ფეხბურთისთვის დაკარგულია, ჩვენ აღარ გვეკუთვნის.

- უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. როგორია უეფასა და სფფ-ს ურთიერთობა? ხომ არ მიდის საუბარი რომელიმე ტურნირის მასპინძლობაზე?
- სიახლე, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ისაა, რომ 2020 წელს 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. ძალიან გვინდოდა ეს ღონისძიება საქართველოში ჩამოგვეტანა და მიხარია, რომ გამოვიდა.

უეფასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩეფერინის ვიზიტიც ამის დასტური იყო. მასთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მაქვს, თვის ბოლოს უეფაში ვიზიტიც გვაქვს დაგეგმილი და რამდენიმე დღეში სხვა სიახლეებსაც გაიგებთ, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უეფასთვის სფფ.

- პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ანონიმური გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ ყველაზე მეტად გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას ქართველ ფეხბურთელებს სთავაზობენ. როგორი მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ?
- არ ვიცი, რა გამოკითხვას გულისხმობთ, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ბოლომდე შევებრძოლებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აზარალებს ქართულ ფეხბურთს, მის იმიჯს, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდათ იყოს: იმ პიროვნების ადგილი, რომელიც ქართულ ფეხბურთს ავნებს, ჩვენს ოჯახში არ იქნება!

წლების განმავლობაში ადვილი იყო ვინმესთან საერთო ენის გამონახვა და მატჩის ჩაწყობა. სამწუხაროდ, ეს არავისთვისაა სიახლე და ამ თემების დამალვამ და ჩაფარცხვამ გამოიწვია სწორედ ის, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი უმსგავსობა ხდებოდა - თან, მეტწილად ქვედა ლიგებში, რადგან იქაურობას ყურადღებას არავინ აქცევდა.

ჩემი თხოვნაა, რომ საკითხს ნურასოდეს დააყენებთ ისე, თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ ფედერაციის საქმეა. აუცილებელია, ყველა ერთად ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

უცხოეთში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელიც გარიგებაშია ჩართულია, განაჩენი არამხოლოდ ფედერაციას, არამედ საზოგადოებას გამოაქვს, რომლისთვისაც ის კონკრეტული ფეხბურთელი სამარცხვინო ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახა ჩვენი ჩართულობა და ჩვენი მიდგომა, პოლიტიკა, რომელიც მსგავს შემთხვევებთან შეურიგებლობას გულისხმობს. მინდა, რომ მათ ჩვენი პოზიცია გაითავისონ და გვერდში დაგვიდგნენ.

აქვე, ახალი სეზონის დაწყებამდე 2 თვით ადრე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვაფრთხილებ ყველას, ვინც ამ უმსგავსობაში მონაწილეობას მიიღებს, მკაცრად დაისჯება!

- პოლიტიკაზეც უნდა გკითხოთ. როგორ ართმევთ თავს ორ ფრონტზე ბრძოლას, არ უშლის ერთი მეორეს ხელს? თუ პირიქით, ეხმარება კიდეც?
- პირიქით, მეტად დაეხმარება ფეხბურთს ჩემი პარლამენტში ყოფნა. თავიდანვე ვთქვი, 1% მაინც რომ ყოფილიყო იმის ალბათობა, რომ პოლიტიკაში წასვლა ფეხბურთში შემიშლიდა ხელს, არ დავთანხმდებოდი.

ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდურობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფედერაციაში ძლიერი გუნდი ვართ, რომელიც ერთად ახორციელებს ფეხბურთისთვის სასიკეთო რეფორმებს. ჩვენმა გუნდმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კიდევ წინ გველოდება.

თუნდაც საოცრად მახსენდება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო ფინალი. გულახდილად ვამბობ, დიდი ხანია არ გამჩენია მოედანზე შესვლისა და ფეხბურთის თამაშის სურვილი ისე, როგორც იმ ფინალის დროს...

თასის ფორმატის შეცვლაც სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რადგან იგივე "მერანმა", ქვედა ლიგიდან გამოიყენა ეს შანსი და ფინალშიც კი გავიდა. ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემები ჰქონდა სეზონის დასაწყისში, თუმცა მივიდა ახალი მწვრთნელი, გუნდი შეიკრა და შესანიშნავი სანახაობაც შემოგვთავაზა ფინალში.

ვიცი, რომ ყველაფერი იდეალური არ არის და ცაში არც დავფრინავთ... მეტი გვინდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს მაკმაყოფილებდა მიღწეული. ფეხბურთის თამაშის დროსაც როგორ კარგადაც არ უნდა მეთამაშა, იმაზე უკეთესი მინდოდა.

- ფიფამ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაზარდა. თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ?

- დარწმუნებული ვარ, ფიფას აქვს სათანადო არგუმენტები, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მეც მესმის, რომ საფეხბურთო საზოგადოებაში გარკვეული კითხვები დაისვა ამ თემაზე, თუმცა ზუსტი პასუხის გაცემა ახლა შეუძლებელი მგონია. შესაძლოა, მეც ისევე ვფიქრობდე, ან სხვას სხვა მოსაზრება ჰქონდეს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით თეორიაა და შეფასებაც მგონი, ნაადრევია.
მკითხველის კომენტარები / 30 /
არველაძეა ისევ საჭირო, კარგად არ დაინგრა საფეხბურთო სამყარო. საერთოდ საჭიროა ეს ფედერაცია?
ika
24 თებერვალი 2017 22:28
0
დიდი ხანია რაც ეგ ფედერაცია საერთოდ გასაუქმებელია
ირაკლი
24 თებერვალი 2017 22:25
0
კობი.ტოტალიზატორებმა დაუკარგეს ფეხბურთს მაყურებელი როცა დინამო ივსებოდა ჩვენი უბნის უმეტესობა მანქანის,ველოსიპედის და ბურთის მოსაგებლად დადიოდა მათ ფეხბურთი არ უყვარდათ.ახლა ეს ხალხი ტოტალიზატორებში არიან ჩამჯდარი და მარტო 1-2-х აინტერესებთ უმეტესობა თამაშს არც უყურებს .მე მაქვს ასეთი წინადადება-ყველა ტოტალიატორი გავხადოთ რომელიმე გუნდის სპონსორი და დავალდებულოთ რომ მოემსახურონ მხოლოდ იმ ხალხს რომლებსაც ექნებათ მათი გუნდის თამაშების აბონიმენტი.მერწმუნეთ ეს ხალხი წავლენ სტადიონზე,ტოტალიზატორის ხათრით მით უმეტეს თუ ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი რამოდენიმე ბურთიც გატამაშდება აბონიმენტის ნომრებზე
თემური რეხვიაშვილი
12 თებერვალი 2017 21:51
0
ძალიან ცუდია,რომ კობი კმაყოფილია ვაისით.ის ხომ ყველა თამაშში შეცდომებს შეცდომებზე უშვებს,როგორც შემადგენლობის დაყენების ასევე შეცვლების დროს.არანორმალურია რომ ესპანეთთან მომგები გუნდი ვერ უგებდეს სახლში მოლდავას..რა თქმა უნდა ესმწრთვნელის ბრალია.იმის გარდა,რომ ბოლო ორი თამაშით რეიტინგი გავიუარესეთ სარგებელიც(ქართულმა ფეხბურთმა)ვერ ვნახეთ,თუ ახალ ფეხბურთელებს ეძებენ,მაშინ რატომ ათამაშეთ უჩა და დვალიშვილი.რეზი
ამბობდა რომ ის არ ერეოდა მწვრთნელის საქმეში როდესაც ქეცბაიამ ყველაზე ღირებული თამაშის მომგები გუნდიდან 80 % გაუშვა-კობის თამადობით ამან რა სიკეთეც მოგვიტანა ყველამ ვნახეთ,ეს დანაშაულია.სიჭინავა ფეხბურთის გაგებაში არ იყო მაგრამ კობიმ და იაშკამ კი უნდა იცოდნენ რომ მიუხედავად ცხადაძის დაბალი კვალიფიკაციისა ნაკრები 5 მცველით უკეთესად გამოიყურებობდა და ურჩიონ ვაისს რომელმაც ტყუილად გაუშვა დვალი და არ იწვევს ნეფტექიმიკში მოტამაშე კობახიძეს რომელიც ძალიან მაგარი ფეხბურთელია დიდი პატრიოტია მან არაფრით არ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა
თემური
12 თებერვალი 2017 21:07
0
ვაა კობიაშვილსაც უსწავლია ბიძინასგან, ანუ პრობლემები არის მაგრამ ყველაფერი კარგადააა. ანუ ხალხო უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ არ იცით საიდან შეხედოთ. ეს კაცი როგორც კალაძე კაიფობს სანტას ფორმაში, ისე კაიფობს პარლამენტში. ურააა ყველაფერი კარგადაა
mtieli
26 იანვარი 2017 18:25
0
კობიაშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთის აკადემიები თუ არ გახსნა მთელი საქართველოს მასშტაბით არაფერი გამოუვა.ისე დაემგვანება ახალკაცს,მეგრელ ბიზნესმენს ან მისთანას! ხის გაზრდა არ უნდათ,პირდაპირ ნაყოფი ეგემრიელებათ!
მართალი
25 იანვარი 2017 12:01
0
გთხოვ ყურადღებით წაიკითხე ყველა კომენტარი და გააანალიზე, შენ ისეთი მხარდაჭერა გქონდა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევნების დროს, რომ ვალდებული ხარ იმედები გაამართლო. პირველ რიგში ფეხბურთში სამართლიანობის დანარეგვაზე უნდა იზრუნო იმ მეთოდებითა და წესებით, როგორც ამას გერმანიაში (და არა საქართველოში) აკეთებენ, მაქსიმალური ყურადღება გადაიტანე ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაზე, მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ რამე შეცვალონ ქართული ფეხბურთში სამომავლოდ, გააჯანსაღე სატრანსფერო პოლიტიკა და შედეგიც გამოჩნდება. წარუმატებლობის რეალური მიზეზების დამალვისა და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა რომ კარგ შედეგს არ მოიტანს, ეს ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა.
რაც უნდა მალო ჭირი, ის თავს არ დამალავს.
კობის
22 იანვარი 2017 11:46
0
რაღაც უცნაური სინდრომია-ქართველ ხელისუფალთ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უჩნდებათ საქმის კეთების სურვილი, ფეხბურთელებს კი მოედნის დატოვების შემდეგ მოედანზე დაბრუნების და ბობოქრული მომენტების შექმნის სურვილი.
ezra
22 იანვარი 2017 10:01
0
ბიძოს სტადიონების აშენება არ ეშლება მარა აგერ მშვენიერი სტადიონი გაქ მარა რათ გინდა ფეხბურთის თამაში თუარ იცი ჯერ პატარა მოედნებიდან დაიწყეტ და მერე რო შეხედავს ბიძო რო ფეხბურთის აზრზე მოდის ქართველი ფეხბურთელი ეჭვიც არ მეპარება სტადიონის აშენებას წინ არაფელი დაუდგება ისე მეთუ მკითხავ სტადიონები ვინც დაანგრია და დააპატარავა იმას უნდა ააშენებიო და მოთხოვო ან მოგვეთხოვა თავის დროზე ეგ კიარა ერთმა აქ ისეთი რამ დაწერა მოიკვდი სიცილით ქუთაისს რათუნდა 20 ათასიანი სტადიონი მალე მაგდენიც არ დარჩება ქალაქში მცხოვრებიო რათქმაუნდა ამის დამწერი ქუთაისში გავლითაა ნამყოფი ან მაგარი ბოღმააქ ამ ქალაქის მოსახლეობის მიმართ თორე ეგეთი სისულელე არცუნდა დაწერო ეხლა კიდე მის გასაგონად დავწერ რო ქუთაისის მოსახლეობა დღევანდელი მიგრაციის პირობებშიც კი ასოცდაათი ათას მოსახლემდეა ასე რო დიდხანს მოგიწევს მეგობარო ლოდინი.დდ
qutaiseli
22 იანვარი 2017 09:40
0
პრო ლიგა 2 -ს შეთავაზება ახლაც ძალაშია? გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დათანხმდეს ზესტაფონის ხელმძღვანელობა!!!
1
22 იანვარი 2017 02:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული