თავიდან, ვერც მიხვდები, რომ ეს სპორტული ობიექტია - ერთი შეხედვით, შუა საუკუნეების თავადების სასახლეს უფრო მიამსგავსებთ. 2004 წელს, ამ ქალაქში, სადაც სულ 1800 მოსახლეა, ქვეყანაში ჭაბუკ ფეხბურთელთა მომზადების ყველაზე დიდი ცენტრი, ფერენც პუშკაშის სახელობის საფეხბურთო აკადემია დააფუძნეს.
უნგრული ფეხბურთის ლეგენდის მოფერებითი სახელიდან გამომდინარე, აკადემიის მთავარ სარბიელს "პანჩო არენა" ეწოდა. აშენებიდან რამდენიმე წელიწადში ცენტრის ხელმძღვანელებს თავში აზრად მოუვიდათ, რომ არენა ჭაბუკთა სანაკრებო თამაშებისთვის გამოეყენებინათ - სტადიონის დიზაინი შეცვალეს, მთელ პარამეტრზე
მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა იმრე მაკოვეცმა გაითვალისწინა, რომ ობიექტი პატარა, ძველ ქალაქში მდებარეობდა და შესაბამისი დიზაინიც შეურჩია. მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა ტომაშ დობროშმა დაასრულა. ტრიბუნები სულ 3400 მაყურებელს იტევს, თუმცა ისეთი არქიტექტურაა, გაცილებით მასშტაბური ობიექტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ქალაქის ღირსშესანიშნაობად გადაიქცა და ტურისტები გვერდს ვეღარ უვლიან.
ცხადია, "პანჩო არენის" დიზაინში საკამათო დეტალებია - გემოვნების კუთხითაც და ფასადის შელამაზების კუთხითაც, რაც ფასს ზრდის. მაგრამ ესეც იმიტომ, რომ მისი იერსახე გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ყოფილიყო.
ცხადია, საქართველოში ანალოგიურ არენას თუ ააშენებენ, მას სხვაგვარად გადაწყვეტენ და გარემოს მოარგებენ. მთავარია, რომ ამ კოხტა სტადიონის ძირითადი იდეის გამოყენება ურიგო არ იქნება - პატარა არენა ისე შეიძლება მოეწყოს, რომ ტელემაყურებლისთვის მიმზიდველი და ლამაზი სურათი გამოჩნდეს, ტრიბუნიდან საყურებლად ძალიან კომფორტული იყოს, ხოლო ფეხბურთელისთვის - სასიამოვნო სათამაშო.
სხვათა შორის, სწორედ ამ არენაზე ითამაშა გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 2015 წლის 29 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ (2:2). ვინც იმ შეხვედრის ვიდეორეპორტაჟს ადევნებდა თვალს, დაგვეთანხმება, რომ "პანჩო არენა" ძალიან სოლიდურად და მასშტაბურად გამოიყურებოდა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მისი მშენებლობა საკმაოდ იაფი დაჯდა - 1,3 მილიონი დოლარი.
"პანჩო არენაზე" ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდები, უმთავრესად, სამ-ოთხიათასიან (ოდნავ ნაკლები, ან ოდნავ მეტი) სტადიონებზე თამაშობენ: თბილისში - "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე, ქობულეთის "ჩელე არენაზე", ლანჩხუთის "ევგრაფი შევადნაძეზე", სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე", გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე", "მცხეთა პარკზე", "ბენდელაზე", ივანწმინდის არენაზე, რუსთავის "ფოლადზე", ბორჯომის "ჯემალ ზეინკლიშვილზე", ახალი თბილისის სტადიონიც (ამერიკის საელჩოსთან) დაახლოებით 3000-იანი იქნება.
მართალს ამბობს ბლოგერი ზაზა ახალაია, რომლის თქმითაც, მსგავსი სტადიონები ეროვნული ჩემპიონატის თამაშების უკეთესი ტელეტრანსლაციის წინა პირობა იქნება:
"ჩვენ ხომ ეროვნული ჩემპიონატის კარგად გაშუქების სურვილი გვაქვს. მაგრამ არსებული სტადიონების მდგომარეობა ძალიან სავალალო სატელევიზიო სურათს მოგვცემს. მეეჭვება, რომ ამის შემხედვარე ბავშვს ფეხბურთის თამაშის სურვილი გაუჩნდეს, მოზრდილი კი ევროპულ რეპორტაჟზე გადართავს.
საქართველოში სწორედ ასეთი მცირე ტევადობის სტადიონები გვჭირდება, რომელთა არქიტექტურაც მასშტაბურის შთაბეჭდილებას დატოვებს".
არანაკლებ საინტერესო, თუ მეტად არა, ბელგიური კომპანია European Connection-ის პროექტია, რომელსაც საქართველოსაც სთავაზობენ და უფრო იაფიც ჯდება. კომპანიის პრეზენტაციაში წერია, რომ სტადიონს 6 თვეში სახლის ფასად აშენებენ. ეს ვარიანტი ზედგამოჭრილია იმ შემთხვევაში, თუ სტადიონი უეფას სტანდარტებს სიძველის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ აკმაყოფილებს.
ბელგიელი, უკრაინელი და ქართველი არქიტექტორების ჯგუფის მიერ ბელგიაში დაფუძნებული European Connection ობიექტს ქარხანაში დამზადებული მასალებით აშენებს.
მსგავსი მასალებითა და ტექნოლოგიებითაა წამოჭიმული ჰოლანდიასა და ბელგიაში "დენ ჰააგის", "ზვოლეს", "ევრობორგ გრონინგენის", როტერდამის "სპარტის", კერკრადეს "როდას", "როზენდაალის", "ბრედას" სტადიონები, შოტლანდიაში - "სენტ მირენ პარკი" და ასე შემდეგ.
კითხვები ჩნდება ფასისა და ხარისხის შეფარდებაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად სანდო და გამძლეა კონსტრუქცია. კომპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიებს იძლევა, ასევე, სრულად ითვალისწინებს და იცავს ევროკავშირის სტანდარტებს.
ფასებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დაბალი ბიუჯეტით შეუძლებელია როდას, როზენდაალის ან როტერდამის დონის არენის აშენება. მაგრამ კომპანია უზრუნველყოფს, რომ სტადიონი აკმაყოფილებდეს უეფას მოთხოვნებს. დაახლოებით, 850-950 ათას ევროდ (მდგომარეობის მიხედვით), შესაძლებელია, აშენდეს სტადიონი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: 8 ათასი ადგილი, VIP BOX-ით და 500 VIP ადგილით, 2 სატელევიზიო სტუდია, ერთი - მოედანზე ხედით, 3 - კომენტატორის ბოქსი; მედიასივრცე და პრესცენტრი (100 მ2), ტრიბუნების 10%-ის გადახურვით, გასახდელები ორი გუნდისთვის, შხაპებით (25-25კაცისთვის); მსაჯების ოთახი, შხაპით და ტუალეტით, მედპერსონალის ოთახი, დელეგატების ოთახი, საწყობი სივრცე სხვადასხვა ინვენტარის შესანახად, ერთი საფეხბურთო კარის ჩათვლით; დოპინგკონტროლის ოთახი (20 მ2), ტუალეტით და შხაპით; შემოღობილი პარკინგი გუნდებისთვის და დელეგატებისთვის, სადაც 2 ავტობუსი და 8 მანქანა დაეტევა; VIP-პარკინგი; სტადიონის მთელ პერიმეტრზე ტუალეტების საკმარისი რაოდენობა, იზოლირებული სექტორი, სადაც დაეტევა მაყურებლის 5% (სტუმრებისთვის), ენერგიის გენერატორის ოთახი, საგანგებო ვითარებებისთვის, განათების კოშკები, სივრცე სატელევიზიო პლატფორმებისა და გუნდების ტექნიკური ზონებისთვის (სათადარიგო და მწვრთნელის), ტელეკომუნიკაციები (მოდემი, ტელეფონი).
თუ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება შესაძლებელია, ეს ფასების დაკლებას იწვევს. საინტერესოა, რომ, მაგალითად, შოტლანდიის ჩემპიონშიფის ბინადარ "სენტ მირენის" 12-ათასიანი სტადიონის მშენებლობა, ამ ტექნოლოგიით, მხოლოდ 1,2 მილიონი ფუნტი დაჯდა.
რა თქმა უნდა, სხვა საინტერესო ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად, ბელარუსის ქალაქ ბარანოვიჩში ახალი სტადიონი "დუბოვო-სპორტი" მინიმალურ ფასში ააშენეს, რადგან რკინის კონსტრუქციები გამოიყენეს - მსგავსი ასაწყობი ტრიბუნები მთელ ევროპაშია გავრცელებული. მაგალითად, ასეთია "ემპოლის" სტადიონის ერთი ტრიბუნა და "ინგოლშტადტის" "აუდი სპორტპარკის" ნაწილი. რეკონსტრუქციამდე ასევე იყო კრაკოვის "ვისლა არენის" სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნები...
მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საქართველოში სპორტული ობიექტების რეკონსტრუქციაზე ბევრს ფიქრობენ, მაგრამ ფინანსების სიმწირე სერიოზული ხელშემშლელი პირობაა. მასობრივად კი, ასეთი სტადიონები ადვილი და იაფი ასაშენებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"