U14. თბილისის "დინამო" კასპიის თასის მფლობელია

AutoSharing Option
დღეს მახაჩკალაში, "ანჟი არენაზე" კასპიის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც "დინამო თბილისის" 14 წლამდელთა შემადგენლობა საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარს" დაუპირისპირდა.

თბილისელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და კუთხურიც ჩამოაწოდეს. ირაკლი აზაროვმა შორიდან დაარტყა, ბურთი კი ოდნავ აცდა კრასნოდარელთა კარს.

"დინამომ" თავისი სათამაშო უპირატესობა მეათე წუთზე გატანილ გოლში ასახა. გიორგი აბუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად გაისროლა და 1:0. შეხვედრის მე- 18 წუთზე ჩხეტიანი ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს კრასნოდარელთა კარში, თუმცა მეკარემ მოიგერია დარტყმული, საპასუხო შეტევაში კი პოპოვი გავიდა ხარშილაძესთან პირისპირ და ანგარიში გაათანაბრა.

ცოტახანში ბაბლუანი ემუქრებოდა
ბარდიშის კარს შორეული დარტყმით, მეკარემ ნახტომში მოიგერია ბურთი. საინტერესო და დაძაბული ტაიმი 1:1 დასრულდა (ტურნირზე ტაიმები 30 წუთიანია). მეორე ნახევარი დინამოელთა შეტევით განახლდა და საგოლე მომენტიც შეიქმნა მეტოქის კართან, მაგრამ საბოლოო დარტყმულს ძალა დააკლდა. მომდევნო შეტევაში ბარდიშმა კიდევ ერთი დარტყმული ბურთი მოიგერია. საპასუხოდ კი თბილისელთა კარი გადარჩა გაშვებულ გოლს, კრასნოდარელთა შეტევის შემდეგ ბურთი დინამოელთა კარის ბადეს გარედან მოხვდა.

შეხვედრის 46- ე წუთზე დინამოელთა მორიგი შეტევა შედეგიანი გამოდგა. შეტევის მარცხენა ფრთიდან აზაროვი შეიჭრა საჯარიმოში, ბურთი ბაბლუანს გადააწოდა, მისი დარტყმული კი ზუსტი გამოდგა და ბორის გონჩაროვის გუნდი ისევ დაწინაურდა. ჩვენი გუნდი უფრო გააქტიურდა და მეტოქის მეკარეს არაერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა. ბარდიშმა სიჭინავას საკმაოდ რთული დარტყმა კუთხურზე უკუაგდო.

56- ე წუთზე ბარდიში შეცდა და ჩხეტიანს მართებდა გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ცარიელ კარიდან მცველმა გამოიტანა. საბოლოოდ დინამოელებმა არ დათმეს უპირატესობა და გადამწყვეტი შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე 2:1.

გიორგი აბუაშვილი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ანატოლი ბანიშევსკის სახელობის პრიზი გადაეცა. (აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მცველის პრიზი ჩვენი გუნდის ლეგენდარული კაპიტნის- ალექსანდრე ჩივაძის სახელობის გახლდათ და იგი ორგანიზატორებმა ნეფთჩის ფეხბურთელს ახმეტოვს გადასცეს)

ბორის გონჩაროვის შეგირდებმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მთავარი პრიზიც დამსახურებულად მოიპოვეს.

თბილისელებმა ყველა შეხვედრაში იმარჯვეს. შეგახსენებთ ტურნირის ფინალამდე განვლილ გზას. ჯგუფში დინამოელებმა ბაქოს ნეფთჩი 5:1 დაჯაბნეს, მასპინძლებს- ანჟის 2:1 მოუგეს, ხოლო ვლადიკავკაზის იუნოსტი 4:0 დაამარცხეს. ნახევარფინალში კი ჩვენმა გუნდმა როსტოვს 1:0 მოუგო.

U14 დინამო 2:1 კრასნოდარი
გოლი: 1:0 აბუაშვილი 10" 1:1 პოპოვი 18" 2:1 ბაბლუანი 46"

U14 დინამო: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, სიჭინავა (ქემოკლიძე 53), სიხარულაშვილი (ფაილაძე 57), გაგნიძე, ბაბლუანი (იობაშვილი 47), აბუაშილი, ჩხეტიანი (მელაძე 60)
U14 კრასნოდარი: ბარდიში, დოცენკო, კლიუშკინი, კომარნიცკი, გომზარი, კოროვინი, ბერზიკოვი (სვინცოვი 51), ბუხაროვი (შეპიტი 40), მაქსიმოვი, კომროვი (ბაბინკოვი 59), პოპოვი

მსაჯი: ფ. შეკირხანოვი

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ დინამოს ამ გამარჯვებას. მაგარი აკადემია და მაღალი დონის მოთამაშეები. სულ წარმატებები ბიჭებო. დინამოს გაუმარჯოს. ერთი თავით მაღლა იდგა ყველა მეტოქესთან შედარებით
გურამი
22:53 11-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული